ავტორი:

"აუცილებლად გამართლდებიან..." - რას აცხადებს ძმებ კაკულიების ადვოკატი

"აუცილებლად გამართლდებიან..." -  რას აცხადებს ძმებ კაკულიების ადვოკატი

დაკავებული ძმების, გუგა და დავით კაკულიების ადვოკატი, გიორგი ანთაძე მათთვის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის ნაწილში ბრალის დამძიმებას გამორიცხავს.

როგორც პროცესის დაწყებამდე ანთაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, კაკულიების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას მოითხოვს.

"მკვლელობის მცდელობის ნაწილში მტკიცებულება დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით კი არა, ჭორაობის სტანდარტითაა. არ არის წარმოდგენილი. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ამ საქმეზე საბოლოო შედეგად მივიღებთ იმას, რომ აღნიშნული პირები ბრალდების ამ ნაწილში აუცილებლად გამართლდებიან", - განაცხადა ანთაძემ.

ცნობისთვის, ძმებ კაკულიებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება ასევე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ძმებ კაკულიების მიერ სხვა დანაშაულებრივ ფაქტებთან, მათ შორის, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან შესაძლო შემხებლობასთან დაკავშირებით.

საგამოძიებო უწყების ცნობით, ბრალდებულებმა დანაშაული სომხეთშიც ჩაიდინეს, სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები სომხეთის შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებთან აქტიურად თანამშრომლობენ.