ავტორი:

"იმკურნალოს და თვითდაზიანებას თავი დაანებოს...  ვფიქრობ, ყველაფერი არის სპეკულაცია" - ვოლსკი სააკაშვილზე

"იმკურნალოს და თვითდაზიანებას თავი დაანებოს...  ვფიქრობ, ყველაფერი არის სპეკულაცია" - ვოლსკი სააკაშვილზე

მეტი უნდა ისმოდეს ჯანდაცვის ექსპერტების მხრიდან, რომლებიც არ არიან პოლიტიკურად ისე ანგაჟირებული, როგორც თუნდაც „ემპათიის“ წარმომადგენლები - სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობა შეიძლება განვიხილოთ, როგორც ხრიკი სასჯელისგან გათავისუფლებისთვის, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე - სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ძირითადად საუბარია იმაზე, რომ სააკაშვილი ვერ იტანს გარემოს, სადაც იმყოფება, მაგრამ საზოგადოება ვერ ისმენს იმის ინფორმაციას, თუ რა სამედიცინო სერვისი სჭირდება მას, რაც საქართველოში არ მიეწოდება.

„აქცენტი ძირითადად იმაზეა, რომ სააკაშვილი, როგორც პატიმარი, ვერ იტანს ისეთ გარემოს, რომელში ყოფნას იგი არ არის შეჩვეული, ეს არის მთავარი ფაქტორი, რაც მის ჯანმრთელობაზე მოქმედებს ცუდად. გარდა, ამისა, არის თვითდაზიანების ფაქტები, როცა სამედიცინო მომსახურების მნიშვნელოვან ნაწილს არ იღებს. ხშირად კეთდება პოლიტიკური განცხადებები, მათ შორის, უმრავლესობის მხრიდან, მაგრამ რეალურად მეტი უნდა ისმოდეს ჯანდაცვის ექსპერტების მხრიდან, რომლებიც არ არიან პოლიტიკურად ისე ანგაჟირებული, როგორც თუნდაც „ემპათიის“ წარმომადგენლები“, - განაცხადა ვოლსკიმ.

რაც შეეხება მოთხოვნას, „ემპათიასთან" ერთად სახელმწიფომ მათი ნდობით აღჭურვილი ექსპერტებიც დაუშვან სააკაშვილთან და შემუშავდეს ერთობლივი დასკვნა, ვოლსკი აცხადებს, რომ თუ სააკაშვილი დანიშნულ მკურნალობას მიიღებს, მდგომარეობა გაუმჯობესდება და დანარჩენი ყველაფერი სპეკულაციაა.

„საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციის ექიმები ემსახურებიან. ვფიქრობ, ყველაფერი არის სპეკულაცია, როცა ამოცანა არის არა მიშას ჯანმრთელობის გადარჩენა ისევე, როგორც შიმშილობის დროს მოუწოდებდნენ შიმშილობა არ შეეწყვიტა და რაც შეიძლება მეტად დაეზიანებინა საკუთარი თავი, პოლიტიკურ ბრძოლაში არიან შესულები და ამ ბრძოლის ერთ- ერთი ელემენტია მუდმივად მოთხოვნა, რომ შევიდეს დამატებით სამედიცინო პერსონალი, რომ რაღაც საკითხი განიხილონ, რომელიც ეხება მისი საზღვარგარეთ გაყვანის აუცილებლობას. ჩვენ არ გვაქვს არავითარი საფუძველი, არ ვენდობოდეთ იმ ჰოსპიტლის პერსონალის კვალიფიკაციას, რომელიც საკმაოდ ავტორიტეტულია და თუ არა თვითდაზიანების მეთოდი, როგორც პოლიტიკური სტრატეგია, შეიძლება ძალიან სწრაფად ვისაუბროთ ჯანმრთელობის პოზიტიურ ტენდენციებზე. უნდა იმკურნალოს და თვითდაზიანებას თავი დაანებოს,"- განაცხადა ვოლსკიმ.