ავტორი:

ომის 100 დღე ფოტოებში

ომის 100 დღე ფოტოებში
  • გთავაზობთ რუსეთ-უკრაინის ომის ამსახველ ფოტოებს. წყარო Reuters-ი.

3 ივნისს, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 100 დღე გავიდა. ოკუპანტმა თავდაპირველად საჰაერო და სარაკეტო შეტევები თითქმის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მიიტანა, ბომბები ცვიოდა არა მხოლოდ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ დასახლებულ პუნქტებში, არამედ კიევში, ლვოვში და სხვა ქალაქებში. სახმელეთო შეჭრა კი სამი მხრიდან მოხდა. მტერი ცდილობდა დედაქალაქის ალყაში მოქცევას, თუმცა საბოლოოდ მათ კიევის მისადგომებიდან უკან დახევა მოუწიათ, თუმცა საკუთარ გზაზე დატოვეს უამრავი ომის დანაშაული, სიკვდილი და ნგრევა. დღევანდელი ვითარებით, ყველაზე ცხელ წერტილად რჩება ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი - ქალაქი სევეროდონეცკი და მისი შემოგარენი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბრძოლები გრძელდება სევეროდონეცკის ცენტრში. გენშტაბის ცნობითვე, რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფები უკრაინის თავდაცვის ძალების პოზიციებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე შეტევებს განაგრძობენ არა მხოლოდ სევეროდონეცკში, არამედ მის გარშემო მდებარე ლისიჩანსკში, უსტინოვკასა და ბოროვსკოეში. გენერალური შტაბის თანახმად, უკრაინის არმიამ მოწინააღმდეგეს უკან დაახევინა დასახლებულ პუნქტებთან, მეტელკინოსა და ბელოგოროვკასთან.

ომის დაწყებიდან მე-100 დღეს, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, თავდაპირველ გეგმასთან შედარებით, რუსეთმა უკრაინაში ვერ მიაღწია ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს, რასაც სამხედრო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით წერს. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს თანახმად, დაგეგმვისას დაშვებული შეცდომების და ტაქტიკურად ცუდად შესრულების გამო თავდაპირველი გეგმის ჩაშლის შემდეგ, რუსეთმა ოპერაციის კონცეფცია შეცვალა და მთელი ძალები დონბასისკენ მიმართა.

ბრიტანული დაზვერვის თქმით, ამ ეტაპზე რუსეთს დონბასში აქვს ტაქტიკური წარმატება და რუსი სამხედროები შეტევების დროს ტემპს და ინიციატივას ინარჩუნებენ. ამ დროისთვის რუსეთი აკონტროლებს ლუგანსკის ოლქის 90%-ზე მეტს და უახლოეს ორ კვირაში, შესაძლოა, სრული კონტროლიც მოიპოვოს, თუმცა, დიდი რესურსის დახარჯვითა და ძირითადი საშუალებების ერთ პატარა მონაკვეთზე კონცენტრაციით.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს შეფასებითვე, ფრონტის სხვა მიმართულებებით რუსეთის ძალებმა ვერაფერი შეძლეს და თავდაცვის რეეჟიმზე გადავიდნენ.