ავტორი:

"სასამართლოს არ უნდა ვუკარნახოთ, რა არის დროული და რა არა - მსგავსი განცხადებები პირდაპირ ურტყამს დემოკრატიას" - ალუდა ღუდუშაური გვარამიას შესახებ პრეზიდენტის განცხადებაზე

"სასამართლოს არ უნდა ვუკარნახოთ, რა არის დროული და რა არა - მსგავსი განცხადებები პირდაპირ ურტყამს დემოკრატიას" - ალუდა ღუდუშაური გვარამიას შესახებ პრეზიდენტის განცხადებაზე

ასეთი განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ აზიანებს არა მარტო სასამართლოს, არამედ პირდაპირ ურტყამს დემოკრატიის ფესვებში, ამიტომ თავი დავანებოთ სასამართლო განრიგის დაწესებას, რა დროულია და რა არა, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება დროული არ იყო.

კითხვაზე, ხომ არ ფიქრობს, რომ პრეზიდენტი მას შეიწყალებს, ღუდუშაური აცხადებს, რომ როცა სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ ეს პოლარიზაციას გაზრდის, აღსანიშნავია, რომ პოლარიზაციის უმთავრესი ფაქტორი სწორედ გვარამიაა.

"არ ვიცი, რას ფიქრობს ქალბატონი ზურაბიშვილი, მაგრამ როცა პრეზიდენტი საუბრობს, თან ყოფილი მაღალი რანგის დიპლომატი, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, სასამართლოს არ უნდა ვუკარნახოთ, რა არის დროული და რა არა. სასამართლო ხელისუფლება არის დამოუკიდებელი, შეუვალი, ასეთი განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ აზიანებს არა მარტო სასამართლოს, არამედ პირდაპირ ურტყამს დემოკრატიის ფესვებში. ამიტომ თავი დავანებოთ სასამართლო განრიგის დაწესებას, რა დროულია და რა არა. ვინმეს მოსწონს თუ არა გადაწყვეტილება, ამისთვის მოიმარჯვონ საწერი კალმები თუ ელექტრონული საშუალებები, დაწერონ სააპელაციო საჩივარი და გაასაჩივრონ. არ მინდა სპეკულაციებში შესვლა, მაგრამ ქალბატონი ზურაბიშვილი, როცა სააკაშვილის შეწყალებაზე საუბრობს და აბსოლუტურად სწორად ამბობს, რომ ეს პოლარიზაციას გაზრდის, ამავდროულად, მგონია, რომ თუ ვინმე პოლარიზაციის უმთავრესი წყაროა, ეს არის გვარამია და მასთან მიმართებით შეწყალების აქტის გამოცემა კიდევ უფრო მეტად გაზრდის ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, ეს ჩემი აზრით, იქნება არასამართლიანი, არაობიექტური იმ რეალობაში, როცა სასამართლომ თქვა, რომ გვარამიამ 7 მილიონი ლარი მოპარა მედიას და როცა მედიის დამოუკიდებლობასა განვითარებაზე ვმსჯელობთ, არ მგონია, მედიისთვის ფულის მომპარავის შეწყალება რელევანტური იქნება,“ - განაცხადა ღუდუშაურმა.

ცნობისათვის, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა "თავისუფალ სტუდიასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ნიკა გვარამიას დაკავების შესახებ გადაწყვეტილება, "რომელიც შეიძლებოდა სხვადასხვა ფორმით გადავადებულიყო, არ იყო პოლიტიკურად დროული“.