ავტორი:

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ ზაფხულის ნომრის მთავარი თემები

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ ზაფხულის ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ ზაფხულის ნომერი #3 (124), რომელშიც წაიკითხავთ:

  • როგორ ეყრებოდა საფუძველი ევროკავშირს

1955 წელს ევროპის გაერთიანების იდეის სულის ჩამდგმელმა, გრაფმა რიხარდ (ეიძირო) კუდენჰოვე-კალერგიმ ახალი ევროპის ჰიმნის სახით წარმოადგინა ბეთჰოვენის “სიხარულის ოდა”, რომელიც დღეს ევროკავშირის ოფიციალურ ჰიმნად არის აღიარებული... სწორედ გრაფი კუდენჰოვე-კალერგი, ფილოსოფოსი, მწერალი და პოლიტიკოსი გახლავთ პანევროპული კავშირის იდეის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

პირველად ტერმინი “პანევროპა” ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე გამოიყენეს, მაგრამ გრაფმა ის ახალი შინაარსით დატვირთა, ტერმინს მიღმა ფორმალურ, ბიუროკრატიულ ან ნაძალადევ ევროპულ გაერთიანებას კი არ გულისხმობდა, არამედ კავშირს, რომელიც თანასწორუფლებიანი ერების კეთილ ნებაზე იქნებოდა დამყარებული.

პროექტი ყალიბდებოდა ევროპის ქვეყნების ეკონომიკური ნგრევისა და პოლიტიკური მეტოქეობის პირობებში. როცა საგარეო პოლიტიკაში აშშ სულ უფრო მეტ ძალას იკრებდა, იმჟამინდელ ევროპელ პოლიტიკოსებს არ აღმოაჩნდათ უნარი, ევროპაში ახალი საერთაშორისო ურთიერთობების სისტემის ორგანიზება მოეხდინათ. კუდენჰოვე-კალერგიმ კი მიზნად დაისახა, ევროპისთვის მსოფლიო არენაზე დაკარგული ლიდერობა დაებრუნებინა და ამგვარად შეენარჩუნებინა ევროპული ცივილიზაცია.

ნახევარი მილიარდი ევროპელის ერთ მთლიანობად გაერთიანების კონცეფციის ავტორი 1894 წელს, ტოკიოში დაიბადა. მამამისი - ავსტრია-უნგრეთის რწმუნებული, გრაფი ჰაინრიხ ფონ კუდენჰოვე-კალერგი - დიპლომატი, მანამდე ათენში, სტამბოლში, რიო-დე-ჟანეიროსა და ბუენოს-აირესში მსახურობდა. დედა - იაპონელი მსხვილი მოვაჭრის ქალიშვილი, მიცუკო აოიამა გახლდათ. რიხარდმა იაპონური სახელიც მიიღო - ეიძირო აოიამა...

  • ქართველი უფლისწული შვედეთში

ქართველთა საქმეებმა, უფრო სწორად, შემოქმედებითმა ნიჭმა შორეულ სკანდინავიამდეც მიაღწია. ეს კულტურული კვალი ძირითადად მეფე პოეტის, არჩილ II-ის ძის - ალექსანდრე ბაგრატიონის ღვაწლის გარშემო იყრის თავს... 1700 წლის 30 ნოემბერს ქალაქ ნარვასთან რუსეთის იმპერატორ პეტრე I-ისა და შვედეთის მეფე კარლ XII-ის არმიებს შორის პირველი დიდი ბრძოლა გაიმართა. პეტრე I-ის არმია სასტიკად დამარცხდა. რუსი გენერლებისა და ოფიცრების 700-კაციანი ჯგუფი შვედებს ტყვედ დანებდა. მათ შორის იყო რუსეთის გენერალ-ფელდცოიხმაისტერი და არტილერიის უფროსი ალექსანდრე არჩილის ძე ბაგრატიონი.

ნარვასთან ალექსანდრე ბატონიშვილის დატყვევება დიდად საზიანო აღმოჩნდა არა მხოლოდ თავად მისთვის, არამედ მისი მშობლებისთვისაც, რომლებიც გარდა პერიოდისა, როცა იგი საზღვარგარეთ თან ახლდა რუსეთის “დიდ ელჩობას”, არასოდეს დაშორებიან მას. არჩილის ორი გარდაცვლილი ვაჟიშვილის შემდეგ, ალექსანდრე ერთადერთი მემკვიდრე იყო და დევნილი მეფე მას მნიშვნელოვან გეგმებს უკავშირებდა.

ტყვეობა ალექსანდრე ბატონიშვილისთვის მძიმედ ასატანი გამოდგა. ემოციური ახალგაზრდა მტკივნეულად განიცდიდა უცხო ქვეყანაში ახლობლებისგან მოშორებით ყოფნას. საარქივო დოკუმენტებიდან ჩანს, რომ ქართველ ტყვეს ხშირად დათრგუნვილს ხედავდნენ. ბუნებით შემოქმედი უფლისწულისთვის სწორედ შემოქმედებითი საქმიანობა ქცეულიყო თავის შექცევის შესაძლებლობად და ერთგვარ სულის მოსათქმელადაც. როგორც ირკვევა, პირველ ხანებში ალექსანდრე ბატონიშვილი, როგორც საპატიო ტყვე, თავის ამალასთან ერთად ჯერ ობერ-ინსპექტორ ვინმე შერნდალის სახლში გაამწესეს, ხოლო შემდეგ ქვეყნის ფინანსთა საგანგიოს თავკაცის პრესტიჟულ შენობაში, ე.წ. ხაზინადრის სახლში გადაინაცვლა, რომელიც სტოკჰოლმში ქართველი ბატონიშვილისა და მისი ამალის წევრებისთვის მუდმივ საცხოვრებლად იქცა.

შვედი ისტორიკოსი ჰელგე ალმკვისტი წერდა: “ყველაზე გამოჩენილი პიროვნება ტყვე რუსი გენერლების ამ გაერთიანებაში იყო იმერეთის ტახტის ახალგაზრდა მემკვიდრე, 26 წლის ალექსანდრე. ოფიციალურ შვედურ წყაროებში იგი ჩვეულებრივ მოიხსენიებოდა ტიტულით “პრინც მელიტე” (რუსულ წყაროებში - “ცარევიჩ იმერეტინსკი”). იგი მემკვიდრე იყო ჯანმრთელად მყოფი იმერეთის მეფის არჩილ ვახტანგის ძისა, რომელმაც რუსეთის მფარველობა მიიღო და 1684 წელს მოსკოვში ჩავიდა თავისი ოჯახით. პრინცი ბავშვობიდანვე პეტრეს მეგობარი და ხმაურიანი სამხედრო თამაშების თანამონაწილე იყო. თან ახლდა მეფეს 1697 წელს დიდი მოგზაურობისას ევროპის ქვეყნებში. ალექსანდრე ჰოლანდიაში დარჩა საარტილერიო მეცნიერების ასათვისებლად და იქიდან დაბრუნებისთანავე მეფემ რუსეთის საარტილერიო დეპარტამენტის უფროსად დანიშნა”.

“პირადი თვისებების გამო ალექსანდრე ბაგრატიონი არა მხოლოდ თავისი კოლეგების - ტყვე რუსი გენერლების, არამედ რუს სამხედრო ტყვეთა ბევრად უფრო ფართო წრისთვის საყვარელ პიროვნებად და კეთილსინდისიერების, ღირსებისა და სამართლიანობის ერთგვარ ეტალონადაც კი ითვლებოდა. სწორედ ამ და ზოგიერთი სხვა პირადი ნიშან-თვისების შედეგად შესაძლებლობა მიეცა, თავისადმი კეთილად განეწყო შვედეთის არაერთი ღირსეული წარმომადგენელი...”

  • ბურგოსის ტაძარი

ბურგოსის წმინდა მარიამის ტაძარი ესპანური გოტიკის გამორჩეულ ძეგლს წარმოადგენს. მისი ბრწყინვალე, გიგანტური თაღედის ანალოგების გამოყენება ლამის აუცილებელი გახდა მთელი ესპანურენოვანი სამყაროს ტაძრებისთვის, განსაკუთრებით სამხრეთ ამერიკაში. ტაძრის მშენებლობა დაიწყო 1221 წელს, ძველი რომანული ეკლესიის ადგილას, ფრანგული გოტიკის სტილში. 1442-1458 წლებში ტაძარს გერმანული ელემენტები შესძინა ხუროთმოძღვარმა ხუან დე კოლონიამ - ანუ კიოლნიდან წამოსულმა იოჰან ფონ კიოლნმა. მანვე ააგო მთავარი ფასადის ნატიფი შპილები მდიდრული გოტიკით. ტაძრის მშენებლობის დამთავრების თარიღად 1567 წელი ითვლება. ტაძარი გოტიკურია, თუმცა აქვს რენესანსული და ბაროკოს დეკორატიული ელემენტებიც.

ტაძრის მთავარი, დასავლეთის ფასადის წმინდა მარიამის ბრწყინვალე პორტალი დასრულების დროიდანვე მიიჩნევა გოტიკური ხელოვნების უმნიშვნელოვანეს სკულპტურულ ნამუშევრად კასტილიაში. დასავლეთითვე არის გალერეა კასტილიის პირველი რვა მეფის ქანდაკებებით. ფასადს კრავს ორი თითქმის იდენტური სამსართულიანი კოშკი. ხუან დე კოლონიას ეკუთვნის ამ კოშკებზე აღმართული რვაკუთხა ფუძის მქონე პირამიდული ფორმის პიკებიც. ბურგოსის საკათედრო ტაძრის სილუეტს უკვე საუკუნეებია, ეს პიკები განსაზღვრავს. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ამ პიკების ფორმა ზუსტად ემთხვევა კიოლნის ტაძრის პირამიდულ პიკებს. ოღონდ ისინი მაშინ ჯერ კიდევ არ იყო აგებული და მხოლოდ კიოლნის ტაძრის გეგმასა და ნახატებზე არსებობდა. როგორც ჩანს, კიოლნელ ხუან დე კოლონიას ის გეგმა ძალიან მოსწონდა...

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

  • მოკლე ამბები. ორი სტილი ერთი ორდენისგან
  • საქართველო უცხოელთა თვალით. “ადამიანი, ვინც ომის შეჩერება ვერ შეძლო”
  • მოკლე ამბები. მსოფლიოს უმაღლესი აგურის მინარეთი
  • როგორ იწყებოდა ხრუშჩოვის მმართველობა. ქართველი ხალხის ეროვნული ერთობისა და თვითშეგნების დაცვისთვის ბრძოლის ისტორიიდან (1925-1975 წწ.) ნაწილი VII
  • ქართული ოპერის ისტორიიდან. “ცისარტყელა” - არჩილ კერესელიძის განუხორციელებელი ოპერა
  • დედოფალი ძლევამოსილი თამარი. “თუალნი ტბათაებრ მზისა შემცხრომელნი” / რას მოგვითხრობენ წყაროები მეფე თამარისა და მისი ბრწყინვალე კარის შესახებ
  • ევროპის ისტორიიდან. კარლოს XII და მისი სამხედრო კამპანიები / შვედეთის იმპერიის ზეობის ეპოქა დიდი მხედართმთავრის მეფობისას დასრულდა
  • სადაურსა სად წაიყვან. ქართველი ვალიდე სულთნების ხანა ოსმალეთის იმპერიაში
  • მოზაიკა. ჰოდა, სოსო სწერამს მოსოს / ჰოდა, 11 ღია ბარათი ევროპიდან ტფილისში და სხვა ჰამბები
  • შინსახკომი მტრის ზურგში. ვინ მოკლა კომისარი რუდნევი? / რა ბედი ეწია კოვპაკელთა ლეგენდარულ კომისარს

P.S. მკითხველთა საყურადღებოდ!

ჟურნალის “ისტორიანის” გამოსვლის პერიოდულობაში სიახლეა.

მეორე წელიწადია ჟურნალი გამოდის სამ თვეში ერთხელ და აქამდე იბეჭდებოდა კვარტალების დასაწყისში (I, IV, VII და X თვეებში).

გამომცემლობის გადაწყვეტილებით, ამიერიდან “ისტორიანის” ნომრები გამოვა სეზონურად. ანუ გვექნება გაზაფხულის, ზაფხულის, შემოდგომისა და ზამთრის ნომრები.

შესაბამისად, პერიოდულობა კვლავაც სამ თვეში ერთხელ იქნება, ოღონდ უკვე გამოვა III, VI, IX და XII თვეებში (მარტში, ივნისში, სექტემბერსა და დეკემბერში) - წელიწადის დროების და არა კალენდარული კვარტალების პირველ თვეებში.

ამიტომ ამ ერთხელ, სეზონურ პერიოდულობაზე გადასვლის გამო, ნომრებს შორს შუალედი იყო არა სამი, არამედ ორი თვე - წინამდებარე ნომერი გამოვიდა ივნისში და არა ივლისში, როგორც ძველი გრაფიკით მოუწევდა .

შემდგომში ჟურნალის გამოცემა კვლავინდებურად სამთვიანი პერიოდულობით გაგრძელდება. შესაბამისად, მომდევნო ნომერი იქნება შემოდგომის (სექტემბერ-ნოემბრის).