ავტორი:

"კადიროვს ბევრი თავსატეხი აქვს, ერთგული მეომრები გაუნახევრეს" - 14-ჯერ შემცირებული ქონება და შეხვედრა შოიგუსთან: ომისა და სანქციების გავლენა ჩეჩნეთის ლიდერზე

"კადიროვს ბევრი თავსატეხი აქვს, ერთგული მეომრები გაუნახევრეს" - 14-ჯერ შემცირებული ქონება და შეხვედრა შოიგუსთან: ომისა და სანქციების გავლენა ჩეჩნეთის ლიდერზე

უკრაინაში რუსი ოკუპანტების შეჭრის შემდეგ, ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ქონება 14 -ჯერ შემცირდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

sakhalin.info-ს მიერ შედგენილი დეკლარირებული ქონების გრაფიკაში, ყველაზე დიდი შემოსავალი, 2021 წლის მონაცემებით, მოსკოვის ოლქის გუბერნატორს, ანდრეი ვორობიოვს აქვს. 2021 წელს, მის ანგარიშზე 253,8 მილიონი რუბლი ირიცხებოდა, რაც გასულ წელთან შედარებით სამჯერ მეტია.

მილიონერი გუბერნატორებისა და რესპუბლიკის მეთაურების ათეულში იყო რამზან კადიროვიც, თუმცა ახლა ათეულს მიღმაა.

  • 2021 წლის მონაცემებით, მეორე ადგილზე იყო ალტაის გუბერნატორი ვიქტორ ტომენკო, ხოლო მესამეზე, ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტი, სერგეი მენიაილო. ჩამონათვალში ფიგურირებდნენ იაროსლავის ოლქის ხელმძღვანელი, მიხაილ ევრაევი 52 მილიონი რუბლით, ლიპეცკის მეთაური, იგორ არტამონტოვი 51, 7 მილიონი რუბლით, სახალინის ოლქის ხელმძღვანელი, ვალერი ლიმარენკო - 30, 9 მილიონით, რომელსაც რამზან კადიროვი მოსდევდა - 26, 5 მილიონით.

ადგილობრივი ინტერნეტმომხმარებლები მიიჩნევენ, რომ კრემლის ფავორიტის "გაღარიბება" პირდაპირ კავშირშია უკრაინის ომთან, რადგან "სანქციები მის შემოსავლებსაც შეეხო. ასევე მისი ფინანსების შემცირება დაკავშირებულია უკრაინაში გაგზავნილი მოხალისე მეომრების მობილიზაციასთან, აღჭურვასთან, კვებასთან, ომში დაღუპული მეომრების ოჯახების თანადგომასთან.

ფაქტობრივად, სიმბოლური დახმარება, მაინც კადიროვის ფონდიდან ხდება... ამიტომ, ჩვენი კომფორტის მოყვარული მილიონერის შემოსავლები საგრძნობლად შემცირდა და შემოდგომიდან ეს კიდევ უფრო თვალშისაცემი გახდება", - წერენ ინტერნეტმომხმარებლები.

სხვების თქმით, ომის თითქმის ყველა ცხელ წერტილში "კადიროველები" არიან ჩართულნი. უდიდესი დანაკარგი ჰქონდათ მარიუპოლში, ახლა კი, სევეროდონეცკში, რომელზეც კონტროლი რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ფაქტობრივად, სრულად დაკარგეს, თუმცა, ამ ორ ქალაქს, ძალიან დიდი რაოდენობით რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო, მათ შორის, ჩეჩენი მოხალისეები შეეწირნენ.

"მოკლედ, კადიროვს ბევრი თავსატეხი აქვს, ერთგული მეომრები გაუნახევრეს, პუტინს კი დაჰპირდა, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ აშკარაა, რომ არ არის კარგად. ამიტომაც აქვს არაადაკვატური განცხადებები, ხან პოლონეთს ემუქრება, ხან მთლიანად ნატოს. ან ზელენსკის აფრთხილებს "ბოლოჯერ" - ასწიეთ ხელები და გამოდით მოედანზე სიტყვებით: "არ ისროლოთ, ხალხო, მე დავნებდი", - წერს ინტერნეტმომხმარებელი ივან გლუცკი.

"არც ისეთი ბრიყვია რეალური ინფორმაციის ანალიზი არ შეეძლოს, საკმაოდ კარგი ყნოსვა აქვს და კარგად იცის, რით დასრულდება ყველაფერი, მაგრამ ამავდროულად ჰგონია, რომ მაინც შეიძლება ყელაფრის შემოტრიალება და ვითომ მოტივაციას არ ჰკარგავს. რუსეთში, ფარული მობილიზაცია დაწყებულია, ჩრდილოეთ კავკასიაში კი, კადიროვი პირადად აკონტროლებს მათ აქტიურობას. ალბათ გარკვეული ფინანსური ხარჯები აქვს, თუმცა, ურჩევნია ახლა დახარჯოს, ვიდრე ერთ დღესაც ყველაფერი დაკარგოს, რადგან იცის, რომ მისი ძალაუფლება სრულად არის მიბმული პუტინზე",- მიაჩნია ვიოლა შულცის.

ura.news ცნობით, კადიროვს რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ შეხვდა და "უკრაინაში "სამხედრო ოპერაციაში" ჩეჩენ მეომრებს ახალი დავალებები მისცა. ამის შესახებ თავად კადიროვმაც განაცხადა და შოიგუსთან ერთად ფოტო-მასალაც დადო. მისი თქმით, ჩეჩენ მეომრებს თავდასხმითი მანევრების ეფექტიანობა დაევალა, რაც სპეცოპერაციის დასრულებას დააჩქარებს", - წერს გამოცემა.