ავტორი:

რა ვითარებაა თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, სადაც აქცია სახელწოდებით "ერთად ევროპისაკენ" მიმდინარეობს

რა ვითარებაა თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, სადაც აქცია სახელწოდებით "ერთად ევროპისაკენ" მიმდინარეობს

რესპუბლიკის მოედანზე მოქალაქეები აქციას "ერთად ევროპისკენ" მართავენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი შეკრების მიზანია მთელ მსოფლიოს აჩვენონ, რომ საქართველოს სურს ევროპა და ევროკავშირში გაწევრიანება.

დღევანდელი აქციის ორგანიზატორები რიგითი მოქალაქეები არიან, თუმცა პოლიტიკოსები, არასამთავრობოები, სხვადასხვა სფეროდან საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები შეუერთდნენ.

აქციაზე საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის ჰიმნი გაჟღერდა.

აქციის მონაწილეები გეგმავენ, რომ ევროკავშირის დროშაზე ხელმოწერით დაფიქსირონ ქართველი ხალხის მტკიცე არჩევანი, რომ მათ ევროპული ოჯახის წევრობა სურთ. აღნიშნული დროშა შემდგომში ბრიუსელში გაიგზავნება.

აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშები, ასევე ბანერები.

"ჩვენ სიამოვნებით ვუერთდებით ამ აქციას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არის ჩვენი მოქალაქეების წამოწყებული. ვხედავთ არასამთავრობო ორგანიზაციები, ევროპული პარტიები, მოქალაქეები ვიკრიბებით. ყველა ერთადერთი რამის თქმას ვცდილობთ, რომ ეს ქვეყანა იმსახურებს ევროკავშირში გაწევრიანებას, იმსახურებს ევროპას და ამ პროცესში ერთადერთი წინაღობა არის "ქართული ოცნების" მიერ ევროკავშირის პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედება. ამიტომ, ჩვენ ინიციატივა ჩვენს ხელში უნდა ავიღოთ და მთელ მსოფლიოს გავაგონოთ, რომ გვინდა თავისუფალი სასამართლო, გვინდა თავისუფალი მედია, არ გვინდა ძალადობა. გვინდა ისეთი ქვეყანა, რაზეც დღეს ევროკავშირი დგას. დღევანდელი ინიციატივაა, რომ ევროკავშირის დროშაზე ხელმოწერა ბრიუსელში გაიგზავნება", - განაცხადა პარტია "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.