ავტორი:

"დავით ბერძენიშვილს წვივის არეში ფეხი ჩაარტყა..." - ირაკლი ხომასურიძეს პატიმრობა შეეფარდა: რა განაცხადა პროკურორმა?

"დავით ბერძენიშვილს წვივის არეში ფეხი ჩაარტყა..." - ირაკლი ხომასურიძეს პატიმრობა შეეფარდა: რა განაცხადა პროკურორმა?

დავით ბერძენიშვილის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, მის მიმართ ძალადობით განხორციელებულ დევნაში ბრალდებულ ირაკლი ხომასურიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა მიიღო.

პროკურატურა დაკავებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. დაცვის მხარე კი ბრალდებულის 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

პროკურორ ანა ლელიაშვილის განცხადებით, ხომასურიძე დავით ბერძენიშვილს შეურაცხმყოფელ სიტყვებს უწოდებდა. ბრალდებულმა მას წვივის არეში ჩაარტყა ფეხი, რის შედეგადაც მან დაზიანება მიიღო.

პროკურორის განმარტებით, დაკავებულის მხრიდან ადამიანის უფლებების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენა მოხდა. მისივე თქმით, დაკავებულის მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე არსებობს.

საქმეზე მოწმის სახით არის დაკითხული ხათუნა სამნიძე.

ადვოკატ ნოდარ იკაშვილის განცხადებით, ხომასურის დაკავება ხელოვნურად შექმნილი დაკავების საფუძველია. იკაშვილის თქმით, ბრალდებული აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დარჩენილიყო. თუმცა, ადვოკატმა სასამართლოს ალტერნატივის სახით 1000-ლარიანი გირაოს გამოყენება შესთავაზა.

ცნობისთვის, ირაკლი ხომასურიძეს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარუდგინეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა მის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა.

შემთხვევა 6 ივნისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მოხდა. „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერს, დავით ბერძენიშვილსა და პარტიის თავმჯდომარეს, ხათუნა სამნიძეს თავს დაესხნენ.

დავით ბერძენიშვილი და ხათუნა სამნიძე დაზარალებულად ცნეს.

ასევე ნახეთ: