ავტორი:

"უაღრესად შემაშფოთებელია, როცა ე.წ. ფეიკის მსხვერპლი ევროკავშირის ასეთი მაღალი რანგის ინსტიტუტიც კი ხდება" - რას აცხადებს კობახიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

"უაღრესად შემაშფოთებელია, როცა ე.წ. ფეიკის მსხვერპლი ევროკავშირის ასეთი მაღალი რანგის ინსტიტუტიც კი ხდება" - რას აცხადებს კობახიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

ირაკლი კობახიძე - ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოს საკითხზე - კამპანიამ, რომელიც 2012 წლიდან წარმოებს კრიმინალების დასაცავად და ხელისუფლებაში დასაბრუნებლად, ევროპარლამენტამდე მიაღწია, რაც სამწუხარო და შემაშფოთებელია.

როგორც მოგეხსენებათ, დღეს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოს საკითხზე. კამპანიამ, რომელიც 2012 წლიდან წარმოებს კრიმინალების დასაცავად და ამ კრიმინალების ხელისუფლებაში დასაბრუნებლად ევროკავშირის ერთ-ერთ უმაღლეს ინსტიტუტამდე, ევროპარლამენტამდე მიაღწია, რაც ძალიან სამწუხარო და შემაშფოთებელია, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, "უაღრესად შემაშფოთებელია, როცა თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი სენის, ე.წ. ფეიკის მსხვერპლი ევროკავშირის ასეთი მაღალი რანგის ინსტიტუტიც კი ხდება".

"პირველ რიგში, შევეხებით არაერთ, შედარებით მეორეხარისხოვან ფაქტობრივ უზუსტობასა და ტყუილს, რომელიც კამპანიის მონაწილეებმა ევროპარლამენტის რეზოლუციაში შეაპარეს.

რეზოლუციაში ვკითხულობთ, რომ ხელისუფლება დღემდე უარს ამბობს მიხეილ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანაზე, როცა სააკაშვილი დღესაც, სწორედ კერძო კლინიკაში იმყოფება. ასევე, რეზოლუციაში ვკითხულობთ, რომ ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა, როდესაც გარდაცვალების რეალური მიზეზი საზოგადოებისთვის ცნობილია. 2012 წლიდან დღემდე საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ არცერთ რეზოლუციასა და ოფიციალურ დოკუმენტში არცერთი მსგავსი ტყუილი არ გაპარულა. როცა კონკრეტული პირები ახერხებენ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ესოდენ უხეში ფაქტობრივი უზუსტობები და ტყუილები შეაპარონ, ეს უკიდურესად შემაშფოთებელია,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.