"ქართული ოცნების“ უმრავლესობა გადაიქცა ბიძინა ივანიშვილის "ბუმაჟნიკის“ დამცველად..." - ლევან ხაბეიშვილი

"ქართული ოცნების“ უმრავლესობა გადაიქცა ბიძინა ივანიშვილის "ბუმაჟნიკის“ დამცველად..." - ლევან ხაბეიშვილი

"ქართული ოცნების“ უმრავლესობა გადაიქცა ბიძინა ივანიშვილის "ბუმაჟნიკის“ დამცველად, ამბობენ, რომ თუ ბიძინა ივანიშვილის მილიარდებს საფრთხე დაემუქრება, მაშინ მიგვიფურთხებია ევროპისთვის, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა "ქართული ოცნების" დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის დღევანდელ განცხადებას, რომ "თუკი საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, როგორი უსამართლო ბრალდებებიც რეზოლუციაში იყო ასახული, საქართველომ საპასუხოდ სამართლიანი უარი უნდა თქვას“.

როგორც ხაბეიშვილი განმარტავს, დიმიტრი ხუნდაძე ბიძინა ივანიშვილს ახმოვანებდა.

"რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი ყველაფერს აკეთებენ, რომ ჩვენს ევროპულ მომავალს საფრთხე შეექმნას. არათუ აკეთებენ, გააკეთეს უკვე. ყველაფერი ჩაიდინეს, რაც შეიძლებოდა რომ გაეკეთებინათ და ჩაედინათ, რომ ევროპარლამენტარებს და ევროპას ისეთი წარმოდგენა ჰქონოდა ჩვენზე, რაც რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ მათ განცხადებებში და ვნახეთ რეზოლუციის სახით.

სამწუხაროდ, კობახიძის და ივანიშვილის ენაზე, რომ ვთქვათ "ქართული ოცნების“ უმრავლესობა გადაიქცა ბიძინა ივანიშვილის "ბუმაჟნიკის“ დამცველად, ბიძინა ივანიშვილის მოლარეებად. ამბობენ, რომ თუ ბიძინა ივანიშვილის მილიარდებს საფრთხე დაემუქრება, მაშინ მიგვიფურთხებია ევროპისთვის, ასეთი არც ევროპა გვინდა, არც განვითარება. სამშობლოსა და ქვეყანაზე ამბობს ეს ხალხი უარს, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილის "ბუმაჟნიკს“ არ დაემუქროს საფრთხე. ამ რეზოლუციამდეც უკვე პრობლემები ჰქონდა ბიძინა ივანიშვილის“,- აღნიშნავს ხაბეიშვილი.

ამასთან, ხაბეიშვილი განმარტავს, რომ "ნორმალურ ქვეყანაში პასუხისმგებლიანი პარტია დიმიტრი ხუნდაძეს მეორე წუთშივე გარიცხავდა პარტიიდან“, ასევე, დასძენს, რომ აღნიშნული განცხადების შემდეგ "მას რომ ნამუსი ჰქონდეს და ქართველი ხალხის შერცხვენოდა, სასწრაფოდ უნდა ტოვებდეს პარლამენტს“.

ხაბეიშვილმა სამოქალაქო საზოგადოების მიერ 20 ივნისს დაანონსებულ აქციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცივილიზებულმა სამყარომ უნდა გაიგოს, რომ ჩვენ ნამდვილად ევროპული ოჯახის წევრები ვართ, ხოლო "თუ ვინმეს ხუნდაძესავით თავი აქვს გახურებული, მათთვის არსებობს სანქციები“.