თუ პრეზიდენტი მიიღებს უსამართლო გადაწყვეტილებას, რომელსაც კრიმინალების შეწყალება ჰქვია, შემდეგ არ უნდა შეწუხდეს, თუ ქართველი ერი ამისთვის პასუხს მოსთხოვს,- ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.
წულუკიანის თქმით, როგორც მიხეილ სააკაშვილი, ისე ნიკა გვარამია ციხეში ბევრი დანაშაულისთვის ზის და იქ არის, სადაც უნდა იყოს.
„ის [ნიკა გვარამია] ვერ გათავისუფლდება... სანამ ყველა არ მოიხდის იმ სასჯელს, რაც უნდა მოიხადოს. პრეზიდენტმა გადაწყვიტოს ის, რაც მისი გადასაწყვეტია და შემდეგ ასეთი თუ ისეთი გადაწყვეტილებისთვის, ყველა აგებს პასუხს. პრეზიდენტს შეიძლება საგარეო პოლიტიკაში ბევრი ფუნქცია არ აქვს, ასევე არ აქვს თითქმის არავითარი ფუნქცია ჩვენს საშინაო პოლიტიკაში. მაგრამ შეწყალება არის 100%-ით მის ხელში, ამიტომ ველით, რას იზამს ქალბატონი პრეზიდენტი. თუ ის მიიღებს უსამართლო გადაწყვეტილებას, რომელსაც კრიმინალების შეწყალება ჰქვია, შემდეგ არ უნდა შეწუხდეს, თუ ქართველი ერი ამისთვის პასუხს მოსთხოვს. ძალიან ბევრი დანაშაულისთვის ზის ციხეში თქვენი ბელადი, მიშა და ასევე ნიკა გვარამიაც ბევრი დანაშაულისთვის ზის ციხეში. ის თუ გვიყურებს მინდა ვუთხრა, რომ ნამდვილად არის იქ, სადაც უნდა იყოს“,- განუცხადა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს.