ბათუმში დაშავებულ 20 წლის ბიჭს კლინიკა “ბაუში” ოპერაცია უტარდება.
"მისი მდგომარეობა მძიმეა, რეანიმაციულ განყოფილებაშია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული" - განუცხადეს "ბათუმელებს" კლინიკაში.
როგორც ცნობილია, კორპუსიდან ნივთის ჩამოვარდნის შედეგად, მოქალაქემ თავის არეში მძიმე ტრავმა მიიღო.
მომხდართან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო- სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
ფაქტზე, ბათუმის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო.
“ქ. ბათუმში, კობალაძის ქ. #18-ში, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის უსაფრთხოების წესების დარღვევით მშენებლობის გამო ა(ა)იპ "ბათუმის მუნიციპალურ ინსპექცია"-ში შ.პ.ს. "დიეს ვაით ლაინი"-ს მიმართ მიმდინარეობდა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოება 2019 წლის 05 აგვისტოდან და აღნიშნული კომპანიის მიმართ დროის სხვადასხვა პერიოდში გატარებულ იქნა საჯარიმო სანქციები და დავალდებულდა მოეხდინა ობიექტზე უსაფრთხოების წესების დაცვა.
2021 წლის 19 ნოემბერს კომპანიის მიმართ მიმდინარე სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოება შეწყდა, ვინაიდან, აღმოიფხვრა სამართალდარღვევა.
თუმცა, სამსახურის მიერ პერიოდულად მოწმდებოდა ობიექტის უსაფრთხოების წესებთან შესაბამისობა და ამ დროისათვისაც მიმდინარეობს ობიექტის შესწავლა უსაფრთხოების სპეციალისტების მიერ.
ამასთანავე კომპანიის მიმართ მიმდინარეობს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოება სანებართვო პირობების (პროექტის) დარღვევით მიმდინარე მშენებლობის გამო 2022 წლის 28 თებერვლიდან და მის მიმართ ინსპექციის მიერ გატარებულია საჯარიმო სანქცია.
მუნიციპალური ინსპექცია მოუწოდებს სამშენებლო კომპანიებს, მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების გამო, გამოიჩინონ სიფრთხილე და სამშენებლო ობიექტებზე დამატებითი უსაფრთხოების ზომები მიიღონ”,- განაცხადეს უწყებაში