ავტორი:

პირები, რომლებმაც დიღმის მასივში ერთმანეთი დაჭრეს, პოლიციამ დააკავა

პირები, რომლებმაც დიღმის მასივში ერთმანეთი დაჭრეს, პოლიციამ დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიღმის მასივში დაჭრის ფაქტზე ორი პირი დააკავა. უწყების ცნობით, დაკავებულებმა 11 ივნისს ერთმანეთი ცივი იარაღით დაჭრეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული გ.ო. და 1986 წელს დაბადებული ჯ.მ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 11 ივნისს, თბილისში, დიღმის მასივში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ერთმანეთს ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენეს. ორივე დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - ორი დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს“, - აცხადებენ შსს-ში.