ავტორი:

"ევროკომისიამ და ევროსაბჭომაც რომ თქვას, გაუშვით სააკაშვილი-გვარამია და ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციებზე ვიფიქროთო, მძიმე რეაქცია გვექნება" - კობახიძე

"ევროკომისიამ და ევროსაბჭომაც რომ თქვას, გაუშვით სააკაშვილი-გვარამია და ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციებზე ვიფიქროთო, მძიმე რეაქცია გვექნება" - კობახიძე

წარმოიდგინეთ, თეორიულად ევროკომისიამ და ევროპის საბჭომ რომ გაიმეოროს ის, რაც ევროპარლამენტმა თქვა - გაუშვით სააკაშვილი და გვარამია და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციებზე ვიფიქროთ, ჩვენი მხრიდან ამას ექნება ძალიან მძიმე რეაქცია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აღმასრულებელმა სტრუქტურებმა ამ მიმართულებით, თუნდაც ამის მეათედი რომ თქვან, ეს „ქართული ოცნებისთვის“ ძალიან მძიმედ მისაღები იქნება.

"ჩვენ თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, მგონია, რომ ეს პრაქტიკულად ვერ მოხდება, მაგრამ თეორიულად წარმოვიდგინოთ, რომ კომისიამ, საბჭომ გაიმეოროს იგივე, რაც თქვა ევროპარლამენტმა. ამას არ ვიცი რა რეაქცია შეიძლება მოჰყვეს, წინასწარ ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, მიჭირს. გავიხსენოთ თვითონ ევროპარლამენტის რეზოლუცია.

იქ წერია, რომ ჩვენ უნდა გავუშვათ სააკაშვილი და გვარამია და დავსაჯოთ, ანუ მათ მოუწოდეს კომისიას და საბჭოს, რომ დასაჯონ, სანქციები დაუწესონ ბიძინა ივანიშვილს. წარმოიდგინეთ, თეორიულად ასეთი რამ რომ გაიმეოროს კომისიამ და საბჭომ, რომ გაუშვით სააკაშვილი და გვარამია და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციებზე ვიფიქროთ, რა თქმა უნდა, თეორიულად ამაზე რომ ვიმსჯელოთ, ჩვენი მხრიდან ამას ექნება ძალიან მძიმე რეაქცია. ასევე იმაზე უნდა ვიმსჯელოთ, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი. ევროპარლამენტი კიდევ ევროპარლამენტია, მაგრამ აღმასრულებელმა სტრუქტურებმა ამ მიმართულებით, თუნდაც ამის მეათედი რომ თქვან, ეს იქნება ჩვენთვის ძალიან მძიმედ მისაღები და ობიექტურად იქნება მძიმედ მისაღები.

ზოგადად ერთ რამეს ვიტყვი, რომ ვიდრე ომი გრძელდება უკრაინაში, მანამდე ასეთი პატარა უხერხულობები ჩვენ გვექნება ჩვენს პარტნიორებთან, თუმცა როგორც კი ეს ომი დასრულდება უკრაინაში, დარწმუნებული ვარ, ყველა ყველაფერს შეაფასებს და ასევე, დააფასებს იმასაც, რომ ჩვენ ჩვენი პატარა ქვეყანა დავიცავით და არ გავწირეთ განადგურებისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.

იხილეთ ასევე: