საქართველოს საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულებიდან ერთ-ერთის, ივერი მელაშვილის განცხადებით, მათი საქმის განხილვა ჭიანურდება.
მელაშვილის განმარტებითვე, საქმე, რომელსაც ახლა თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს, თავიდანვე პოლიტიზირებული და არჩევნებთან დაკავშირებული იყო.
"რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მოწმეების დაკითხვები მიმდინარეობს. ვის დაიბარებენ, ვის დაკითხავენ, ჩვენთვის წინასწარ უცნობია. რატომ ჭიანურდება პროცესები, ეს კითხვა მეც მაქვს, შეიძლება რაღაცას ვფიქრობდე, მაგრამ არ მინდა წინ გავუსწრო რაღაც მოვლენებს. ფაქტი ისაა, რომ ჭიანურდება ძალიან. მოწმეების რაოდენობა ბევრია, როდის მორჩება ეს დაკითხვები, არ ვიცი.
საკითხის ანალიზი იმის თქმის საფუძველს მაძლევს, რომ საერთოდ ამ საქმის წამოწყება იყო თუ არა გამართლებული. ეს იყო წინასაარჩევნო პერიოდში აგორებული საქმე და ძალიან ცუდი შედეგების მომტანი იყო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაფუჭების თვალსაზრისით. ვფიქრობ, უფრო პოლიტიკურად მოტივირებული საქმე იყო, არა უშუალოდ ჩემ მიმართ, არამედ მთლიანად ამ ორ ქვეყანას შორის დამოკიდებულების თვალსაზრისით. რატომ უნდა აწყობდეთ ამ საქმის დამკვეთებს ასე სწრაფად მორჩენა",- განაცხადა მელაშვილმა.
რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეიდან ე.წ. კარტოგრაფების საქმის განხილვა განახლდება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.
ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.
სახელმწიფო ბრალდების ცნობით, ბრალდებულები განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ.
ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა თბილისის საქალაქო სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან გასული 2021 წლის 28 იანვარს გაათავისუფლა. მოსამართლემ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა.