ავტორი:

"რუსმა ოფიცერმა მიბრძანა, გამეხადა... მითხრა, მხრებზე დალურჯებები შეიძლება ნიშნავს, რომ სნაიპერი ხარო" - რას ჰყვებიან უკრაინელი ლტოლვილები ოკუპანტის მოწყობილ "ფილტრაციის ბანაკებზე"?

"რუსმა ოფიცერმა მიბრძანა, გამეხადა... მითხრა, მხრებზე დალურჯებები შეიძლება ნიშნავს, რომ სნაიპერი ხარო" -  რას ჰყვებიან უკრაინელი ლტოლვილები ოკუპანტის მოწყობილ "ფილტრაციის ბანაკებზე"?

ვიდრე დაკითხვას ელოდა, 3 კვირის განმავლობაში, ოლენას სიცივეში, იატაკზე ძილი და შიმშილი უწევდა. ეს მარიუპოლიდან გაქცევის შემდეგ მორიგი განსაცდელი იყო. როგორც იქნა, დაუძახეს დაკითხვაზე... დღეს საქართველოში მყოფი ლტოლვილი ქალი ყვება, თუ როგორ უბრძანა რუსმა ოფიცერმა შესამოწმებლად ბლუზის გახდა.

"მხრებზე დალურჯებები შეიძლება ნიშნავს, რომ სნაიპერი ხარ, - მითხრა ოფიცერმა, რაზეც ვუპასუხე, - ამ წლის აგვისტოში 60 წლის ვხდები. რანაირად ვიქნები სნაიპერი - მეთქი? მას ეს არ ანაღვლებდა..." - ამბობს ოლენა ბრიტანულ გამოცემა "გარდიანთან".

საქართველოში მყოფი უკრაინელი ლტოლვილების მსგავსი ისტორიები დონეცკის ფილტრაციის ბანაკიდან ძალიან ბევრია.

რუსი სამხედროები "ფილტრაციის" ბანაკთან

"მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, დაახლოებით 20 000 უკრაინელი ლტოლვილი ჩავიდა საქართველოში", - წერს "გარდიანი". ბევრი მათგანი აქ რუსეთისა და ყაზბეგის გავლით შემოვიდა. რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქებში, როგორიცაა მარიუპოლი და ხერსონი, დასავლეთით, უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გაქცევის შეუძლებლობის გამო, ბევრი უკრაინელი საშინელი დილემის წინაშე აღმოჩნდა: დარჩნენ მტრის კონტროლირებულ ქალაქში, თუ გაიქცნენ სწორედ იმ ქვეყანაში, რომელიც მათ ქვეყანას ანადგურებს.

რუსეთში შესვლისას, ბევრ უკრაინელს უწევს ე.წ. "ფილტრაციის" ბანაკებში ყოფნა.

"ფილტრაცია" ეს არის პროცესი, რომლის დროსაც მათ ჩხრეკენ, ფოტოებს უღებენ, დაკითხვას უწყობენ, თითის ანაბეჭდებს უღებენ და ტელეფონების შიგთავსს ამოწმებენ. აგრეთვე, მამაკაცებს აშიშვლებენ, მათ სხეულებზე ტატუებს ეძებენ, რომლის საშუალებითაც ცდილობენ უკრაინულ ე.წ. ნაციონალისტურ ჯგუფებთან მათი კავშირის აღმოჩენას. ყველას ეკითხებიან, მსახურობდნენ თუ არა უკრაინის ჯარში თვითონ, ან თუ იცნობენ ვინმე ასეთს.

ოლენამ გაიხსენა, მისი დაკითხვის დროს, გვერდით მაგიდასთან, როგორ უპოვა რუსმა სამხედრომ უკრაინის გერბიანი "ბრელოკი" ერთ-ერთ მამაკაცს, რის შემდეგაც ოთხმა მცველმა სასტიკად სცემა ხელკეტებით, მერე კი ქურთუკისა და ქუდის გარეშე, გარეთ გააგდეს მინუს ტემპერატურაზე.

"ფილტრაციის" ბანაკი

მარიუპოლიდან გაქცეული უკრაინელები ხშირად ჩაყავთ "ფილტრაციის ბანაკებში" მოტყუებით, მათ ჰპირდებიან, რომ უკრაინის კონტროლირებად ქალაქებში გადაიყვანენ. აქ ჩასვლის შემდეგ, როგორც წესი, მათ იქაურობის დატოვების უფლებას აღარ აძლევენ.

"ფილტრაცია", როგორც წესი, ორნაირად მთავრდება: ან გაივლით დაკითხვას და პატარა ფურცელს მოგცემენ, რომელზეც "ფილტრაციის" თარიღი და ზედამხედველის ხელმოწერაა, ანაც შემდგომი დაკითხვისთვის დაგაკავებენ.

"ბანაკები" სკოლებში, კულტურის ცენტრებში, სპორტულ დარბაზებსა და სხვა საზოგადოებრივ შენობებშია განთავსებული. პირობები უმეტესად გაუსაძლისია და ყველაფერი ცუდად არის ორგანიზებული.

ოლენასა და მის ოჯახს, სხვა გამოკითხულების მსგავსად, ჯერ იატაკზე ეძინათ, შემდეგ კი მუყაოს ქაღალდებზე. პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში, სასადილოში კვება დღეში ერთხელ იყო, შემდეგ კი რუსებმა საერთოდ დახურეს სასადილო და იქ მყოფებს გამოუცხადეს, თვითონ ეშოვათ საკვები.

მარიუპოლელი ცოლ-ქმრის, მაქსიმისა და იულიასთვისაც "ფილტრაცია" ხანგრძლივი განსაცდელი გამოდგა, მათ დაახლოებით 1 თვე მოუწიათ ლოდინი, ვიდრე პროცედურას გაივლიდნენ.

"ჩვენ რიგში 347-ე ვიყავით. თვითონ დაკითხვა 30 წუთს გრძელდება, მაგრამ როცა მივდიოდით ყოველდღიურად და ვეკითხებოდით, რომელ ნომრებს ჰკითხავდნენ იმ დღეს, რიცხვი მხოლოდ ორი-სამი ადამიანით მცირდებოდა. არ ვიცი, რატომ იყო ეს პროცესი ასეთი ნელი?.." - ამბობს იულია.

მას შემდეგ, რაც მაქსიმმა ფარმაცევტს უთხრა, რომ ინსულინი ძალიან ცოტაღა ჰქონდათ დარჩენილი, მათი ლოდინის დრო დაჩქარდა და ცოლ-ქმარი იმ შუადღესვე დაკითხეს. სხვები აცხადებენ, რომ ლოდინის დრო უფრო მოკლე იყო მათთვის, ზოგი მხოლოდ ერთ ან ორ დღეს ატარებდა ბანაკში "ფილტრაციასა" და რუსეთში გამგზავრებამდე.

ახალაგაზრდა წყვილი იგორი და ვალენტინა მარიუპოლიდან, აცხადებენ, რომ ისინი ნიკოლსკეში ჩასვლიდან 6 საათში "გაფილტრეს".

"ის ფაქტი, რომ ჩემი ცოლი იმ დროს ცხრა თვის ორსული იყო და რაც შეიძლება სწრაფად უნდა წავსულიყავით საავადმყოფოში, ალბათ, დაეხმარა მოვლენების დაჩქარებას", - ამბობს იგორი.

მაქსიმი

იმ უკრაინელებმა, რომლებიც საქართველოში გაიქცნენ, თავიდან აიცილეს იძულებითი დეპორტაცია რუსეთის ქალაქებში. ერთ-ერთი გამოქცეული, ქალბატონი ჟანა ყვება, თუ როგორ გაიქცნენ "ფილტრაციის" ცენტრის უკანა კარიდან ის და მისი ოჯახი მას შემდეგ, რაც გაიგეს ოფიცრის ნათქვამი, რომ მას, მის მეუღლეს და მათ მცირეწლოვან შვილს იაპონიის მახლობლად მდებარე რუსულ კუნძულზე გადაასახლებდნენ. ჟანას მხოლოდ მიგრაციის ბარათები ჰქონდა თან. ის და მისი ოჯახი ავტობუსით გაემგზავრა ჯერ რუსეთში, შემდეგ მატარებლით მივიდნენ საზღვრამდე და ბოლოს მინივენით გადმოვიდნენ ყაზბეგიდან საქართველოში.

საქართველოში მყოფი უკრაინელი ლტოლვილების უმეტესობა ამბობს, რომ თუ რუს ოფიცრებს კონკრეტულ გეგმას ეტყვი, პროცედურა მარტივი გასავლელი ხდება: "მათ უნდა უთხრა, რომ რუსეთში გინდა ცხოვრება და თავს დაგანებებენ", - ამბობს მაქსიმი.

"ბევრი უკრაინელი, ვინც საქართველოშია, გარკვეული დროის გასვლას ელოდება, რომ სამშობლოში დაბრუნდეს. მეც მინდა შინ წასვლა, მაგრამ ეს ნიშნავს უკრაინის ისეთ ქალაქში გამგზავრებას, რომელიც რუსებს არ აქვთ ოკუპირებული," - ამბობს ოლენა.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა