ავტორი:

როგორია ავარიის შედეგად დაშავებული ნედელევის მდგომარეობა - ბულგარეთის საფეხბურთო კავშირის განცხადება: "სერიოზული ოპერაცია იყო"

როგორია ავარიის შედეგად დაშავებული ნედელევის მდგომარეობა - ბულგარეთის საფეხბურთო კავშირის განცხადება: "სერიოზული ოპერაცია იყო"

ბულგარეთის საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი, თოდორ ნედელევი ქირურგიული ოპერაციის შემდეგ თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციული განყოფილებიდან ნეიროქირურგიულ განყოფილებაში გადაიყვანეს. ის მკურნალობას პროფესორ შოთა ინგოროყვას მეთვალყურეობის ქვეშ გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას ბულგარეთის საფეხბურთო კავშირი ოფიციალურ ვებ-გვერდზე ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროფესორი ინგოროყვა, რომელმაც ქირურგიული ოპერაცია ჩაატარა, ბულგარელი ფეხბურთელის გამოჯანმრთელების პროცესით კმაყოფილია, თუმცა მისი საავადმყოფოდან გაწერის კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია.

"სერიოზული ოპერაცია იყო და ამ ეტაპზე არ უნდა ვიჩქაროთ. მთავარია, თოდორი მშვიდად იყოს და მას გამოჯანმრთელების საშუალება მიეცეს", - განაცხადა პროფესორმა ინგოროყვამ.

ბულგარეთის საფეხბურთო კავშირის ინფორმაციით, თოდორ ნედელევი გონზეა და სხვებთან კონტაქტს ჩვეულებრივ ამყარებს. მას ესტუმრნენ ბულგარეთის საფეხბურთო კავშირისა და ეროვნული ნაკრების შტაბის წარმომადგენლები, ასევე საქართველოს ფედერაციის ხელმძღვანელები.

უახლოეს დღეებში ნედელევის მოსანახულებლად საქართველოში მისი შეყვარებული ჩამოვა. ამასთან, ბულგარეთის ეროვნული ნაკრების ექიმი, ბისერ ბოჩევი თბილისში დარჩება და ფეხბურთელის მდგომარეობას დააკვირდება.

შეგახსენებთ, 11 ივნისს საქართველოში ჩამოსული ბულგარეთის საფეხბურთო ნაკრების ავტობუსი ავარიაში მოყვა, რომლის შედეგადაც, თოდორ ნედელევი დაშავდა. ბულგარელ ნახევარმცველს ინგოროყვას კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა, რომელიც 2 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა.