ავტორი:

ბეგი და მტრედები, რომლებიც იმ ადამიანთა სულებს განასახიერებენ, ვინც 13 ივნისის ტრაგედიას შეეწირნენ - ახალი ქანდაკება "მზიურში"

ბეგი და მტრედები, რომლებიც იმ ადამიანთა სულებს განასახიერებენ, ვინც 13 ივნისის ტრაგედიას შეეწირნენ - ახალი ქანდაკება "მზიურში"

13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიიდან, რომელსაც არაერთი ადამიანი ემსხვერპლა, შვიდი წელი გავიდა. ამ დღის აღსანიშნავად ბავშვთა ქალაქ "მზიურში“ 13 ივნისის სიმბოლოს, ჰიპოპოტამ "ბეგის“ ქანდაკება გაიხსნა.

"დღევანდელი დღე ნაწილობრივ სასიამოვნოა, რადგან იმ ბეჰემოთის ქანდაკება გაიხსნა, რომელიც იმ რთულ დღეს ქალაქში დინჯად დააბიჯებდა - ქალაქში, რომელიც გაუბედურებული იყო, მუხლებზე იდგა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ქანდაკება "მზიურის“ პარკში განთავსებულიყო. ვისურვებდი, რომ ამ ქანდაკების ირგვლივ მუდამ ჟრიამული, სიხარული, ბედნიერება და წარმატება იყოს. ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს და ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს სულ სიძლიერე ჰქონდეს“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

მერიის ცნობით, მოქანდაკე ერეკლე წულაძის ქანდაკება ქალაქ თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული გახდა, რომელიც 2015 წლის 13 ივნისის მოვლენებს ეძღვნებოდა.

ქანდაკება უჟანგავი და უმაღლესი ხარისხის ფოლადისგან, თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით დამზადდა და მისი ზომა 3 მეტრი და 30 სანტიმეტრია. კომპოზიციაში ვხედავთ ბეგის მტრედებთან ერთად, რომლებიც იმ ადამიანთა სულებს განასახიერებენ, ვინც 13 ივნისის ტრაგედიას შეეწირნენ.

"ჩვენ ყველანი ამ ქვეყანაზე სტუმრად მოვდივართ, შესაბამისად, დრო საინტერესოდ უნდა გავატაროთ. დროის გარკვეულ მონაკვეთში შექმნილი ჩემი ნაწარმოები, იმ პერიოდის საკუთრებაა, რადგან შემდეგ სხვა თვალით ვუყურებ. შეიძლება ვიღაცას დღეს არ მოეწონოს და ხვალ პირიქით, ეს ბუნებრივი მოვლენაა, თუმცა ბედნიერი ვიქნები, თუ ადამიანებს ჩემი შემოქმედება მოეწონებათ, გაითავისებენ და რაც მთავარია, მოუვლიან", - ყვებოდა ამ ცოტა ხნის წინ ambebi.ge-სთან ქანდაკების ავტორო ერეკლე წულაძე. იხილეთ ინტერვიუ სრულად