ავტორი:

"პატრონი მოუკვდათ ამ დესტრუქციულ ძალებს" - რას ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი პიტერ აკერმანზე

"პატრონი მოუკვდათ ამ დესტრუქციულ ძალებს" - რას ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი პიტერ აკერმანზე

ყოველგვარი ჩავარდნის შემდეგ, როდესაც ვერც ომში ჩააბეს ქვეყანა და ვერაფერი გააკეთეს, უნდათ 20 ივნისს გამართონ აქცია, თითქოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. ყველას შევახსენებ, ვინ ითხოვს და ვინ ატარებს ამ აქციას - ის ძალა, რომელიც ქვეყნის ტერიტორიებს მოღალატეობრივად ურიგებდა ოკუპანტ ქვეყანას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ღარიბაშვილმა მოსახლეობა გააფრთხილა, რომ "ილუზია არ ჰქონდეს და ამ პროვოკაციას არ წამოეგოს“.

მისივე თქმით, მთავრობა უკანონო ქმედებას არავის აპატიებს და ქვეყნის მშვიდობას დაიცავს.

"გახსოვთ, რომ ჩამოიყვანეს ცნობილი რევოლუციონერი და იდეოლოგი ბატონი აკერმანი, რომელიც ჩამოვიდა საჯაროდ, რომ მოემზადებინა ჩვენი დესტრუქციული მეხუთე კოლონა თუ როგორ მოეწყოთ მშვიდობიანი რევოლუცია, გადატრიალება ქვეყანაში. ცალკე საკითხია ამ კაცს რა მოუვიდა, მოკვდა ის კაცი, ე.ი. პატრონი მოუკვდათ ამ დესტრუქციულ ძალებს. ყოველგვარი ჩავარდნის შემდეგ, როდესაც ვერც ომში ჩააბეს ქვეყანა და ვერაფერი გააკეთეს, უნდათ 20 ივნისს გამართონ აქცია, თითქოს ევროკავშირის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით.

ყველას შევახსენებ, ვინ ითხოვს და ვინ ატარებს ამ აქციას - ის ძალა, რომელიც ქვეყნის ტერიტორიებს მოღალატეობრივად ურიგებდა ოკუპანტ ქვეყანას, ადამიანებს კლავდა და აწამებდა, გაუხსნეს უვიზო რეჟიმი და პირადად ბოროტი მასხარა სააკაშვილი ხვდებოდა საზღვარზე რუსეთის მოქალაქეებს. მინდა ყველა გავაფრთხილო, რომ ვინმეს ილუზია არ ჰქონდეს და არ წამოეგოს ამ პროვოკაციას, ჩვენ არცერთ უკანონო ქმედებას არავის ვაპატიებთ, დავიცავთ ჩვენი მოქალაქეების მშვიდობას და ქვეყნის სტაბილურობას“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მან სახალხო დამცველის ბოლო დროინდელი კრიტიკული განცხადებებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ „ნინო ლომჯარია მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს არავის უნახავს“.

"გამოდის სახალხო დამცველი, ქალბატონი ლომჯარია და საჯაროდ თქვა - ამას მირჩევნია ბომბებისგან ცეცხლი და წვა მივიღოთო. უკაცრავად და ვინ უნდა მიიღოს? ქალბატონი ლომჯარია საერთოდ ვის უნახავს სააკაშვილის დროს, გახსოვთ სახალხო დამცველი გამოსულიყო და რაიმე საჯაროდ დაეგმო ადამიანების ტანჯვა-წამება, გაუპატიურება და მკვლელობები?“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

  • ცნობისთვის, პიტერ აკერმანი, IREX-ის გლობალური მრჩეველთა საბჭოს წევრი და "არაძალადობრივი კონფლიქტების საერთაშორისო ცენტრის" დამფუძნებელი 27 აპრილს გარდაიცვალა. ის გარდაცვალებამდე 2 კვირით ადრე საქართველოში იმყოფებოდა და ბაკურიანში ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შეხვდა, ასევე გამართა ორდღიანი სემინარი.

აკერმანი, ასევე, იყო Freedom House-ის თავმჯდომარე, ამერიკის შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტის საერთაშორისო მრჩეველთა კომიტეტის თანათავმჯდომარე და ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის წევრი.