ავტორი:

15 ივნისს, თბილისში სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი "თბილისი-რიტმი“ იხსნება

15 ივნისს, თბილისში სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი "თბილისი-რიტმი“ იხსნება

ორწლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ,15 ივნისს, კონსერვატორიის დიდ დარბაზში, სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი "თბილისი-რიტმი“იხსნება. მსმენელის წინაშე პირველი წარდგება იტალიელი ვირტუოზი მესაყვირის პაულო ფრეზოს ტრიო, რომელსაც შეუერთდება ქართული ფოლკლორული ანსამბლი "იბერი"და შესრულდება ორი საპრემიერო სიმღერა ქართულ და სარდინიულ ენებზე.

რაც შეეხება სხვა საფესტივალო ღონისძიებებს:

24 ივნისს, კლუბი "ოტიუმი“ უმასპინძლებს ცნობილ ქართველ მომღერალს ქეთი ფარესაშვილს, რომელიც დავით ილურიძის ჯგუფთან ერთად მსმენელის წინაშე ახალი მუსიკალური პროგრამით წარდგება;

29 ივნისს, "ვინდამ გრანდ თბილისში“ (Wyndham Grand Tbilisi Hotel) ფესტივალის ფარგლებში გაიმართება მაკო ჯაოშვილის წიგნის "ცხოვრება, როგორც პერფორმანსი“ პრეზენტაცია.

2 ივლისს, რუსთაველის თეატრში ფესტივალს ოფიციალურად დახურავს ფრანგი ვირტუოზი გიტარისტი, ცოცხალი ლეგენდა ბირელი ლაგრენი.

"თბილისი-რიტმი 2022" ხორციელდება საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საელჩოს და ქალაქ თბილისის მერიის თანამდგომით და ხელშეწყობით.

ფესტივალი დაარსდა 2017 წელს და ამ ხნის განმავლობაში არაერთ საინტერესო მუსიკოსს უმასპინძლა. მისი დამფუძნებელია შემოქმედებითი ორგანიზაცია "თაგის არტი", რომლის თაოსნობითაც საქართველო არაერთმა დიდებულმა მუსიკოს-შემსრულებელმა გაიცნო.