ავტორი:

"გარუსებული" ქართველი ბჟანიას მრჩევლად" - ვინ არის ალექსანდრე მირელაშვილი, რომლის "პრეზიდენტის ადმინისტრაციაში" დასაქმებას აფხაზეთში აჟიოტაჟი მოჰყვა?

"გარუსებული" ქართველი ბჟანიას მრჩევლად" - ვინ არის ალექსანდრე მირელაშვილი, რომლის "პრეზიდენტის ადმინისტრაციაში" დასაქმებას აფხაზეთში აჟიოტაჟი მოჰყვა?

"რა დამსახურებისთვის დანიშნეს ქართული წარმომავლობის ბიზნესმენი "მირელი" ბჟანიას მრჩევლად? ამ კაცს მრჩევლებში არ უმართლებს, ან მაფიოზი ჰყავს, ან კანონიერი ქურდების ნათესავი, ან სულაც ახრა ავიძბა - ვისთვის გმირი, ვისთვის მუდამ არევაზე ორიენტირებული... ეს ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ კადრების მხრივ, უმძიმესი ვითარება გვაქვს" - ასე ეხმაურებიან ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთში გაზრდილი ქართველის, ალექსანდრე მირელაშვილის ე.წ. პრეზიდენტის მრჩევლად დანიშვნას.

ekhokavkaza.com-ის ცნობით, ბჟანიას პრესსამსახურში ადასტურებენ, რომ საგანგებო საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლად სწორედ ალექსანდრე მირელაშვილი დაინიშნა.

გასულ დღეებში, ტელეგრამ-არხი RESPUBLICA ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ბჟანიას ქართული წარმომავლობის მრჩეველი ჰყავდა, რომელიც ამჟამად "მირელის" გვარით არის წარმოდგენილი. ის აფხაზეთში, სოხუმში დაიბადა, მაგრამ 1992 წელს, ომის დაწყებისთანავე, მისი ოჯახი საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა.

გამოცემის ცნობით, მირელის მონაცემები, სხვა ქართველებთან ერთად, შეტანილია რუსეთში ქართული დიასპორის ინტერნეტგვერდზე, kartvelebi.ru, სადაც ის სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწედ არის მოხსენიებული.

ბჟანიას პრესსამსახური ჟურნალისტებს მოუწოდებს, ახალ მრჩეველთან დაკავშირებით არ გაავრცელონ გადაუმოწმებელი ინფორმაცია, ან არ ენდონ საეჭვო საიტებს, ასევე ნუ გამოიყენებენ კონტექსტიდან ამოგლეჯილ ფრაზებს, რომელსაც თან დართული აქვს ადრესატის ფოტო.

ვინ არის ალექსანდრე ალექსანდრე მირელაშვილი (მირელი)?

ე.წ. ხელმძღვანელობის პოზიციის თანახმად, ალექსანდრე მირელი აფხაზეთში დაიბადა და თავისი ცხოვრების რთული პერიოდიც სოხუმში დაიწყო, თუმცა, შემდეგ რუსეთში გადავიდა, სადაც მას 23-წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს და ამ დროის განმავლობაში, ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობდა.

"რუსეთის ფედერაციაში მუშაობის განმავლობაში მას მიღებული აქვს არაერთი მედალი, სიგელი და მადლობის წერილები ვლადიმირ პუტინისგან, სახელმწიფო დუმის წარმომადგენლის ბორის გრიზლოვისგან, მოსკოვის მერის სერგეი სობიანინისა და რუსეთის პატრიარქ კირილისგან. ასე რომ, იმედი გვაქვს, მისი გამოცდილება სასარგებლო იქნება აფხაზეთისთვის..." - ნათქვამია ბჟანიას პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ახსნა-განმარტებაში.

ე.წ. ოფიციალურ საიტზე მითითებულია, რომ 2007-2018 წლებში ის დუმის დეპუტატის სტანისლავ გოვორუხინის თანაშემწედ მუშაობდა. იმავდროულად, 2009-2012 წლებში არხანგელსკის გუბერნატორის მოადგილედ, 2014-2017 წლებში ნენეცკის ავტონომიური რესპუბლიკის მრჩევლად; 2018 წელს, ასევე დუმის დეპუტატის ალენა არშინოვის თანაშემწედ, აფხაზეთში ჩამოსვლამდე ფედერაციის საბჭოს ხელმძღვანელის, ილიას უამახანოვის მოადგილედ.

ქართული წარმოშობის გარდა, აფხაზი ინტერნეტმომხმარებლები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ პრეტენზია აქვთ მირელის სამუშაო გამოცდილებაზეც.

"რუსეთის ოლქებსა და სხვადასხვა პოზიციებზე ნამუშევარი ადამიანი რატომ უნდა მიიჩნეოდეს აფხაზეთში პრივილეგირებულად?! ჩვენი ახალგაზრდები რისთვის იღებენ განათლებას ან გამოცდილებას, თუკი რუსეთში გარუსებული ქართველები უნდა დაგვინიშნონ პრეზიდენტის მრჩევლად... არის კი ეს ქვეყანაში დაგროვილი პრობლემების მოგვარების წინაპირობა?.. საით მივდივართ, ამაზე გაგვიჩნდა კითხვა და ამის ნაცვლად, მირელაშვილის მედლებზე გველაპარაკებიან..." - წერს ადგილობრივი ემზარ დარსალია.

"კარგი გამოცდილება ჰქონია, მართლა არ მესმის რას ერჩით. ეგ ისე იქნება ქართველი, როგორც მე ჩინეთის მოქალაქე. იქ, რუსულ გარემოცვაში ჩამოყალიბდა პიროვნებად თუ თავის გამოცდილებას აფხაზეთს მოახმარს, ამაში ცუდ ვერაფერს ვხედავ" - მიიჩნევს ლეილა ავიძბა.

"ისე იქცევიან, როგორც სამხრეთ ოსეთში. იქაც ასე ნიშნავდნენ რუს ჩინოვნიკებს. რა არის გაუგებარი - პოზიციებს, ნდობას იმყარებენ. თავისი კაცი ჰყავთ ჩვენს ხელისუფლებაში, ანუ ყველაფრის საქმის კურსში იქნებიან" - მიაჩნია ვლადიმერ ლადარიას.ლალი პაპასკირი