ავტორი:

ლუკაშენკოს ვაჟი და მისი შეყვარებული გამოსაშვებ საღამოზე უკრაინის დროშის ფერებში გამოწყობილები გამოცხადდნენ - შემთხვევითობა თუ დიქტატორის მემკვიდრის პროტესტი?

ლუკაშენკოს ვაჟი და მისი შეყვარებული გამოსაშვებ საღამოზე უკრაინის დროშის ფერებში გამოწყობილები გამოცხადდნენ - შემთხვევითობა თუ დიქტატორის მემკვიდრის პროტესტი?

ალექსანდრე ლუკაშენკოს უმცროსი ვაჟი ნიკოლაი ბელორუსის ყველაზე ცნობილი კურსდამთავრებულია. პრეზიდენტის ვაჟმა გასულ კვირას სკოლა დაამთავრა და გამოსაშვებ საღამოზე მეგობარ გოგონასთან ერთად მივიდა. ამ ამბავში საოცრება ალბათ, არაფერი იქნებოდა, რომ არა ღონისძიებიდან გავრცელებული ფოტოები, რომელშიც ნიკოლაი შეყვარებულთან ერთად დგას. გოგონას ყვითელი ჰაეროვანი კაბა აცვია და პრეზიდენტის ვაჟს ლურჯი შარვალ-კოსტუმი. უკრაინის დროშის ფერებში ჩაცმული წყვილი სამთავრობო მედიამ ONT გადაიღო და მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ბოლო ზარი ერთ-ერთ მთავარ ამბად გაუშვა.

უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, ფერების ეს კომბინაცია არასასურველი გახდა რუსეთსა და ბელორუსში. რუსეთის ფედერაციაში კი ყვითელ-ლურჯი სამოსისა და მანიკურისთვის ადამიანებს აკავებენ. სოციალურ ქსელში წყვილის მოულოდნელ ჩაცმულობას სერიოზული გამოხმაურება მოჰყვა. ადამიანებს აინტერესებთ, რატომ აირჩიეს ლუკაშენკოს შვილმა და მისმა მეწყვილემ კონკრეტულად ამ ფერის სამოსი.

დიქტატორი მამა შვილის გამოსაშვებ საღამოზე არ გამოჩენილა. ალექსანდრე ლუკაშენკომ 700 მილიონ დოლარად შეფასებულ საპრეზიდენტო რეზიდენციაში იპოზიორა. მას გვერდით ძვირადღირებული მოტოციკლეტი ედგა, ტანზე "ბარბერის“ მოდური ქურთუკი ემოსა, თავზე კეპი ეხურა წარწერით "ბელორუსი“ და მაისური წარწერით - შვილი... პრეზიდენტმა კურსდამთავრებულებს ურჩია რომ "ყველაფერი დროულად გაეკეთებინათ“: ემუშავათ, შეექმნათ ოჯახი და ევლოთ სამსახურში, თორემ გვიან იქნება. სხვა რაღაცეები დაგჩაგრავენ", - ასე შეაჯამა ვიდეომიმართვა ბელორუსის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ ლუკაშენკოს უმცროსი ვაჟი, "მეფისნაცვლის პრინც კოლენკად“ პირველად 2007 წელს მოიხსენიეს, როდესაც პატარა ბიჭმა პრეზიდენტთან ოფიციალურ ღონისძიებებზე დაიწყო გამოჩენა. ალექსანდრე ლუკაშენკომ გამოაცხადა, რომ ეს მისი უმცროსი ვაჟია და თქვა, რომ "კოლია პრეზიდენტი გახდება".

ვინ არის კოლიას დედა, ამ დრომდე გაურკვეველია. ლუკაშენკო მასზე არ ლაპარაკობს. ჭორების თანახმად, კოლიას დედა პრეზიდენტის პირადი ექიმი ირინა აბელსკაიაა.

მოგვიანებით, 2020 წელს დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში ლუკაშენკომ განაცხადა, რომ კოლია პრეზიდენტი არ იქნებოდა.

"ისეთი ოპოზიციურად განწყობილი ადამიანია. მიხარია, რომ ცხოვრებას სხვანაირად ხედავს. მასში "მეგალომანია“ არ არის", - განაცხადა პრეზიდენტმა უმცროს შვილზე.

ლუკაშენკოს ასევე ჰყავს ორი უფროსი ვაჟი გალინა როდიონოვნასთან ქორწინებიდან. ისინი 1975 წელს დაქორწინდნენ, მართალია, არ განქორწინებულან, მაგრამ ერთად არ ცხოვრობენ. ბელორუსის პრეზიდენტის მეუღლე, პრაქტიკულად, არ ჩნდება საზოგადოებაში. ვაჟები - ვიქტორი და დიმიტრი - მთავრობაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, კოლია ლუკაშენკომ სტუდენტური წლები შესაძლოა მოსკოვში გაატაროს. რუსული მედია ირწმუნებოდა, რომ რუსეთის დედაქალაქში ის დიპლომატიას ისწავლიდა. თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად არც კურსდამთავრებულს და არც მის მამას არ დაუდასტურებია.