ავტორი:

"სალომე ზურაბიშვილს არ აქვს ის პოლიტიკური წონა, რომ 16 ივნისს რაღაც მასშტაბური გააკეთოს, ის 500 კაცის ამარა დარჩება" - გია ხუხაშვილი

"სალომე ზურაბიშვილს არ აქვს ის პოლიტიკური წონა, რომ 16 ივნისს რაღაც მასშტაბური გააკეთოს, ის 500 კაცის ამარა დარჩება" - გია ხუხაშვილი

"20 ივნისი, რომელიც სიმბოლურად, ქართველი ხალხის მეხსიერებაში დაპირისპირების დღესთან ასოცირდებოდა, პრეზიდენტს შეეძლო ერთიანობის დღედ გადაექცია, ნაცვლად ამისა, მან ალტერნატიული აქცია დააანონსა. ამის გაკეთებაც შეეძლო, რომ 20 ივნისი არ ეხსენებინა, მაგრამ როდესაც ამასთანავე რეკომენდაცია გასცა, რომ ჯობია 20 ივნისს აქცია საერთოდ არ ჩატარდეს, ამით ყველაფერი წყალში გადაყარა. დაპირისპირების პოტენციალი კი არ შეამცირა, არამედ კიდევ უფრო გაზარდა იმის რისკი, რომ 20 ივნისს შეიძლება რაღაც მოხდეს", - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა "ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ 16 ივნისს დაანონსებულ შეკრებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს არ აქვს ის პოლიტიკური წონა, რომ 16 ივნისს მასშტაბური აქცია გამართოს და "ის 500 კაცის ამარა დარჩება“, რაც პროცესს აკნინებს.

"პრეზიდენტს 20 ივნისის აქცია შანსს აძლევდა, რომ ეს ყველაფერი დაპირისპირების რისკის ნაცვლად, თანხმობის დღედ, ანუ პოზიტიური ზეიმის დღედ გვექცია. მას შეიძლებოდა ეს გამოსვლოდა ან არ გამოსვლოდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ამის მცდელობა უნდა ჰქონოდა. ნაცვლად ამისა, მან ფაქტობრივად, 20 ივნისის აქციაზე კონკურენცია დაიწყო.

მას არ აქვს ის პოლიტიკური წონა, რომ 16-ში რაღაც მასშტაბური გააკეთოს, იმიტომ რომ მის ამ დაანონსებულ აქციაზე, დღევანდელი მოცემულობით, არც ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის დიდი ნაწილი მივა და არც ხელისუფლება, იმიტომ რომ ხელისუფლება გააკრიტიკა. შესაბამისად, ის 500 კაცის ამარა დარჩება და ეს პროცესს აკნინებს. მას უნდა, რომ რაღაც წონა შეიძინოს და პოლიტიკური მოთამაშე გახდეს, მაგრამ ეს ასე არ ხდება. ყალბი პროცესის დაწყება კი არა, არამედ ნამდვილი პროცესის დაწყება არის საჭირო და მას ამის შანსს 20 ივნისი აძლევდა. ეს შანსი არც საკუთარი პოლიტიკური პოზიციონირების გამოსწორებისთვის გამოიყენა და სახელმწიფოსაც ვერაფერი შესძინა, პირიქით რისკები გაზარდა. რა საჭირო იყო. მას შეეძლო ეთქვა: "კი ბატონო 16-შიც შევიკრიბოთ და 20-შიც თქვენთან ვიქნები“,“ - განაცხადა ხუხაშვილმა.

კითხვაზე, თუ როდის იქნებოდა აქციის ჩატარება უფრო ოპტიმალური, გია ხუხაშვილი პასუხობს, რომ თარიღს მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა თუ ჩვენ ვლაპარაკობთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, რომელიც საქართველოს ევროკავშირის გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით 23-24 ივნისს ველოდებით, მაშინ ემოციური მუხტის შენარჩუნებისთვის 20 ივნისი ჯობია.

"დემონსტრირება ეს საერთოდ კარგია, რომ ევროპამ იცოდეს, რომ ჩვენი ხალხის მისწრაფება არის ურყევი. ის, რომ 16-ში დაანონსებული აქცია 17-ში ევროკომისიის მიერ გამოსაქვეყნებელ დასკვნაზე რამე გავლენას მოახდენს, ეს ძალიან მიამიტი და არაპროფესიონალური გაგებაა, იმიტომ რომ დამერწმუნეთ, 16-ში ტექსტი უკვე გამზადებული იქნება და 16-ში ჩვენ სულ რომ ყირაზე დავდგეთ, მაინც ერთ სიტყვა არ შეიცვლება, მაგრამ როგორც პოლიტიკური დემონსტრირება ხალხის ნების ეს, რა თქმა უნდა, კარგია, მითუმეტეს, 23-ის საბოლოო გადაწყვეტილების წინა პერიოდში.

თუ ჩვენ ვლაპარაკობთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, რომელიც 23-24-ში უნდა შედგეს, მაშინ, რა თქმა უნდა, რაც უფრო ახლოს იქნება ამ თარიღთან ის ჯობია. 20 რიცხვი უკეთესია ამ მხრივ, იმიტომ რომ იმდენი რამ ხდება სამყაროში, რომ 16-დან 23-მდე ბევრს დაავიწყდება რა მოხდა თბილისში და 20 ივნისი უფრო ცხელი ნიუსია,“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მოსახლეობას შესთავაზა, 16 ივნისს შეიკრიბონ ევროპის მოედნიდან რიყემდე, რათა "დავანახოთ ევროპას ჩვენი თავი, ჩვენი ერთობა", ხოლო 20 ივნისს დაგეგმილი აქციის "შინ ევროპისკენ" მონაწილეებს მიმართა, "თუ დაფიქრდებიან, შეიძლება ეს გამოსვლა გადაიდოს, რომელიც ბევრ საფრთხეს უკავშირდება".

რაც შეეხება 20 ივნისს, 20:00 სააათზე, პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციას - "შინ ევროპისკენ“, მას არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები უერთდებიან.