ავტორი:

პრეზიდენტსა და ილია მეორეს შორის შეხვედრა არ შედგა - რას აცხადებს აღნიშნულთან დაკავშირებით ანდრია ჯაღმაიძე და რატომ აკრიტიკებს მას სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტსა და ილია მეორეს შორის შეხვედრა არ შედგა - რას აცხადებს აღნიშნულთან დაკავშირებით ანდრია ჯაღმაიძე და რატომ აკრიტიკებს მას სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა ილია მეორესთან არ შედგა. კონკრეტული მიზეზი, თუ რატომ ვერ მოხერხდა მათი შეხვედრა, ჯერჯერობით უცნობია.

ტელეკომპანია "იმედთან" საუბარში საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ "პატრიარქთან შეხვედრები ასე ნებისმიერ დროს ვერ ხერხდება".

"თხოვნა იყო, რომ დღეს შემდგარიყო ეს შეხვედრა და დღეს არ ხერხდება. მიზეზს ვერ დაგიკონკრეტებთ. უშუალოდ მე ამ პროცესში არ ვიყავი ჩართული", - თქვა ანდრია ჯაღმაიძემ.

პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ჯაღმაიძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "მიზანშეწონილი არაა" ამ საკითხზე საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მხრიდან საჯარო განცხადებების გაკეთება.

"პატრიარქთან შეხვედრა პრეზიდენტის პირადი ხასიათის თხოვნა იყო. პატრიარქის სურვილის გარეშე, პრეზიდენტი არასდროს ასაჯაროებს შეხვედრის შესახებ ინფორმაციას და შეხვედრა არც არასდროს მოუთხოვია კატეგორიულად კონკრეტულ დროს. პრეზიდენტს პატრიარქისადმი აქვს განსაკუთრებული პატივისცემა, სიყვარული და სულიერი დამოკიდებულება, რაც ინსტიტუციურ ჩარჩოებს სცდება! ამ მოცემულობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი არაა, რომ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი აკეთებდეს საჯარო კომენტარებს! მიგვაჩნია, რომ მან უნდა იცოდეს, როგორ მოიხსენიოს ქვეყნის პატრიარქი და პრეზიდენტი!" - ვკითხულობთ პრეზიდენტის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.