ავტორი:

"მთელი თბილისის ელიტა ომამდე ჩვენთან ისვენებდა... როგორც ვიცი, ახლა ჩვენს სახლში ოჩამჩირის გამგებელი ცხოვრობს" - მსახიობი აფხაზეთის ომის მძიმე დღეებსა და სასტიკად მოკლულ ბაბუაზე

"მთელი თბილისის ელიტა ომამდე ჩვენთან ისვენებდა... როგორც ვიცი, ახლა ჩვენს სახლში ოჩამჩირის გამგებელი ცხოვრობს" - მსახიობი აფხაზეთის ომის მძიმე დღეებსა და სასტიკად მოკლულ ბაბუაზე

ჩვენ გვერდით ბევრი ადამიანია ისეთი, ვისაც ომის საშინელება სხვადასხვა დროს საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი - დაკარგული ჰყავს ოჯახის წევრი და თავის მიწაზე დევნილის სტატუსი აქვს მინიჭებული...

მსახიობი გვანცა გიორგობიანი და მისი ოჯახი ოჩამჩირის რაიონის სოფელ კინდღში ცხოვრობდა. ზღვისპირას გაშლილი ულამაზესი საკურორტო ზონა სავსე იყო დასასვენებელი სახლებით, მოსწავლეთა ბანაკებით, ულამაზესი პლაჟით, ციტრუსით და ევკალიპტების ტყით...

გვანცას და მის ოჯახს აფხაზეთის ომით დიდი ტკივილი და ზიანი მიადგა. ის ტკივილი დღეს, უკრაინის ომის ფონზე უმძაფრდებათ და უკრაინელების უმძიმეს მდგომარეობას მეტად განიცდიან...

გვანცა გიორგობიანი:

- საოცარი ადგილი იყო კინდღი, მთელი თბილისის ელიტა ზაფხულობით ჩვენთან ისვენებდა. ომი რომ დაიწყო, მამამ საცხოვრებლად, თბილისში გადმოგვიყვანა, მაგრამ პერიოდულად, როგორც კი სიტუაცია ცოტათი დამშვიდდებოდა, უკან ვბრუნდებოდით... მახსოვს, ერთ-ერთი დაბრუნებისას რუსებმა ტამიშში დესანტი გადმოსხეს. საშინელი ბრძოლები გაჩაღდა. ორი ქართული ბატალიონი მთლიანად ამოჟლიტეს და ერთ-ერთი დაბომბვის შედეგად ბიცოლა (დედაჩემის ძმის ცოლი) მარინა ჯალაღონია, რომელიც დრანდაში დედას სტუმრობდა, დაიღუპა.

მასთან ერთად დაიღუპნენ დედამისი და 18 წლის რძალი, რომელიც 2 თვის ორსული იყო... ბომბი მათ ეზოში ჩამოვარდა და ისინი წამში ნაწილებად დაფლითა. სასწაულებრივად გადარჩა 5 თვის ჩვილი, ჩემი ბიძაშვილი, დავით თუთისანი, ბიცოლაჩემს ხელში ეჭირა. პატარა დედას, როგორც ჩანს, მისი სხეულით მთლიანად დაუცავს. მკლავებში ისე მოემწყვდია, რომ ბავშვი უვნებელი გადარჩა. მას მხოლოდ შუბლზე ჰქონდა პატარა ჭრილობა, - დედის მკერდიდან გამოსული ნამსხვრევით დაზიანებული. ეს ღვთის სასწაული იყო!.. უფლის ნებით გადარჩენილი ჩემი ბიძაშვილი, ახლა უკვე დიდი ბიჭია...

განსაკუთრებით საშინელი იყო აფხაზეთში გატარებული ბოლო 10 დღე:

როცა დაზავება გამოცხადდა, იქ მცხოვრებმა ქართველებმა კი დაიჯერეს, რომ აფხაზეთი გადარჩა. ჩვენც სახლში დავბრუნდით, სკოლაში სწავლა უნდა დაწყებულიყო და ამისთვის ვემზადებოდით... თუმცა მალე სოხუმი ალყაში მოექცა. კინდღიც მთლიანად ალყაში იყო. ზღვიდან ვიბომბებოდით. ჩვენ გვერდით მდებარე ქართული სოფელი - ახალდაბა მიწასთან გაასწორეს. საოცარი სისასტიკის მომსწრენი გავხდით... ვინც იქიდან გამოაღწია, ტყე-ტყე გამოიქცა და კინდღში შემოვიდა. მათ ჩვენი სარდაფები დავუთმეთ, სადაც ქალები და ბავშვები ვიმალებოდით. მამაკაცები კი სოფელს კბილებით იცავდნენ, რადგანაც მათ ზურგს უკან ოჯახები, შვილები, მეუღლეები, დედები იყვნენ... მახსოვს, როგორ თავდებოდა ტყვია-წამალი, როგორ გათავდა გამაყუჩებელი საშუალებებიც...

სოფელი კინდღი

სოფელი იბომბებოდა, ტყვიები ჰაერში დაფრინავდა და დავრბოდი სოფელში, სადმე, ვინმესთან გამაყუჩებელი რომ მეშოვა და დაჭრილებისთვის ჭრილობა დაგვეამებინა. არ იყო ბინტი და ზეწრებს ვხევდი (ხელები გადაყვლეფილი მქონდა), რომ ბიჭებისთვის ჭრილობა გადაეხვიათ. მინდოდა, ხელში ავტომატიც ამეღო და თვითონ დამეცვა თავი, მაგრამ ამის უფლება არ მომცეს...

გვანცა გიორგობიანი დედასთან ერთად

- 15 წლის ბავშვი საოცრად უშიშარი ყოფილხარ...

- სხვა გზა არ მქონდა... იმ ორ წელიწადში იმდენად კარგად ვისწავლე ავტომატის დაშლა-აწყობა, რომ ამას 30 წამში ვახერხებდი. მიზანშიც კარგად ვისროდი... როცა სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა, ანუ როცა ჩვენმა მამაკაცებმა აფხაზების მიერ გამოგზავნილ ყველა წერილს უარით უპასუხეს, სადაც ისინი იარაღის დაყრის მოთხოვნას უყენებდნენ, გამანადგურებელი იერიში დაიწყო. მაშინ ბევრი საშინელება ვნახე, დიდი სისასტიკის მომსწრე გავხდი...

მახსოვს, მამა პოზიციიდან მოვიდა და მითხრა: - გვანცა, ტყვია-წამალი გვითავდება... ბოლომდე, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებთ, მაგრამ შეიძლება, ისინი ვეღარ შევაკავოთ... მერე ხელისგული გამაშლევინა და ხელყუმბარა, ე.წ. "ლიმონკა" ჩამიდო. მითხრა: - შემპირდი - თუ ისინი შემოვლენ და თქვენ გვერდით არ ვიქნები, დედასა და შენს დაიკოს მათ საჯიჯგნად ნუ მისცემო. ყუნწისთვის ხელის ერთი გამოკვრა უნდოდა და ყველაფერი დამთავრდებოდა...

მამას შევპირდი, რომ ჩვენი შეურაცხყოფის უფლებას არავის მივცემდი. მას უკან არც მოუხედავს, ისე წავიდა... ამის გამკეთებელი ვიყავი, მაგრამ მადლობა უფალს, არ მომიხდა: მალე, დიდი რისკის ფასად, ჩვენს წასაყვანად, მამამ თევზმჭერი გემები მოიყვანა. ქალები და ბავშვები ორი გემით შუა ზღვაში შევედით... და დიდი ტანჯვა-წამებით, ფოთამდე როგორღაც ჩავაღწიეთ... როცა აფხაზეთზე ლაპარაკს ვიწყებ, ცრემლები მახრჩობს და თვალები ცრემლით მევსება. ამიტომ ვცდილობ, ამაზე იშვიათად ვილაპარაკო...

- მოკლედ, უზრუნველი, ლაღი და გაფუფუნებული ბავშვობიდან ასეთ საშინელებაში აღმოჩნდი...

- ტრაბახით არ ვამბობ, ყველა კინდღელმა იცის, რომ მართლა ფუფუნებაში ვარ გაზრდილი. ლაღი, ბედნიერი ბავშვობა მქონდა. საუკეთესო ცხოვრებას ვიყავი შეჩვეული და უცებ ქუჩაში აღმოვჩნდი, უცხო ქალაქში და საკუთარი ჭერის გარეშე. თან, ისეთ დრო იყო, ქვეყანას უმძიმესი პერიოდი ჰქონდა - 90-იანი წლები იყო - ყველას უჭირდა, თუმცა ჩვენთვის მით უფრო რთული დრო იყო... მიუხედავად იმისა, რომ მე და ჩემი ოჯახის წევრებმა ის ყველაფერი განვიცადეთ და გადავიტანეთ, ახლა, უკრაინაში მიმდინარე ომს უფრო მძაფრად განვიცდით. საშინელი გულისტკივილით ვისმენთ ყველაფერს და ვტირით. გვაქვს უსუსურობის შეგრძნება, რომ ამ ეტაპზე გარდა სოლიდარობისა, იმ ადამიანებისთვის არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია.

გვანცა გიორგობიანი ოჯახთან ერთად, აფხაზეთში

15 წლის ვიყავი, როცა რუსებმა სახლ-კარი დამატოვებინეს, ყველაფერი წამართვეს. ცხადია, ახლა 44 წლის ასაკში ამ მძიმე ვითარებას სხვანაირად ვაანალიზებ. თან, უკვე დედა ვარ და ვიცი, რომ სიცოცხლე საერთოდ არაფრად არ ღირს, როცა შვილი გყავს...

დღეს, როცა ვხედავ, დედები ამ ომში შვილებს როგორ კარგავენ, რა განსაცდელი აქვთ, ემოციები მიორმაგდება. არადა, რუსები ბავშვებს, ქალებს, მოხუცებს, უიარაო ადამიანებს ხოცავენ. არავის ინდობენ და ეს უსამართლობა 21-ე საუკუნეში ხდება... გული მტკივა, რომ ამის შეჩერება არ შეგვიძლია (აქ მსოფლიოს ცივილურ სამყაროს ვგულისხმობ)...

- მაშინ მაინც ბავშვი იყავი, ახლა უკვე სხვა გონებით აფასებ ყველაფერს...

- კი, ბავშვი, რომელიც დიდი იმედებით შეჰყურებდა მომავალს. ვარდისფერი სათვალით უყურებდა ყველაფერს, - ეგონა, რომ ეს სამყარო მისი იყო. ოცნებობდა მსახიობობაზე, კინოზე. ეს ოცნება კი ავისრულე და უბედნიერესი ადამიანი ვიყავი, „თეატრალურის“ სტუდენტი რომ გავხდი... თუმცა, ჩემმა მშობლებმა დატოვეს ის, რასაც მთელი ახალგაზრდობა, შეგნებული ცხოვრება დაუთმეს, იწვალეს, იშრომეს და დააგროვეს. ყველაფერი რუსებმა წაართვეს. ეს ტკივილი მამაჩემის შემთხვევაში, შემდგომ, სამი მწვავე ინფარქტით გამოიხატა. ისე განიცადა, რომ ჯანმრთელობა გაუნახევრდა. ...განვიცდიდი იმას, რომ თბილისში სივიწროვეში, საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდით. რამდენჯერაც აფხაზეთის კადრებს თვალს მოვკრავ, იმდენჯერ საოცარ ტკივილს განვიცდი, ხომ გეუბნებით, წამიერად ცრემლები მახრჩობს და დარდი ყველში ბურთივით მეჩხირება. ძალიან მიჭირს...

- როგორც ვიცი, მხოლოდ ბიცოლა და მისი ნათესავები არ ემსხვერპლნენ აფხაზეთის ომს...

- კი, ჩვენს ოჯახს ომი ძალიან მწვავედ შეეხეო, ჩემი უკეთილშობილესი, უსაყვარლესი და უთბილესი ბაბუა, მეორე მსოფლიო ომის გმირი, 83 წლის ვალიკო თუთისანი წამებით მოკლეს. ის ჩემი დედის მამა იყო, რომელიც აფხაზეთში დარჩა, რადგანაც იფიქრა, ამ ხნის კაცს არ შემეხებიან, არ მომკლავენო. მეორე მსოფლიო ომი ჰქონდა გამოვლილი, ქერჩში იყო დაჭრილი და სჯეროდა, რომ ვიღაც რაღაცას გაითვალისწინებდა. მას ყელი გამოჭრეს, აწამეს, გაატყავეს და აფხაზეთი ტრაგიკულ ისტორიებზე გამოცემულ წიგნში ასეც არის შეტანილი მისი ამბავი.

სოფელი კინდღი, გოგირდის აბანოები

სოხუმის დაცემიდან 2 თვეში მოკლეს. ეს ინფორმაცია იქ დარჩენილმა მოხუცმა, ხელჯოხიანმა ქალბატონებმა გამოიტანეს. ეს ადამიანები იქ იმ იმედით დარჩნენ, რადგანაც ეგონათ, ყველანი მალე დავუბრუნდებოდით ჩვენს კერას, მაგრამ ასე არ მოხდა... მერე ის ქალბატონებიც იქიდან ნელ-ნელა გამოვიდნენ. მოკლედ, სწორედ მათ აღმოაჩინეს ბაბუა ასეთი ნაწამები გვამი. მათ იპოვე, მაგრამ მოხუცებმა და ხელჯოხიანებმა სამარე ვერ გაუჭრეს და მის ეზოსთან, მანდარინებში, წყლის პატარა არხთან დაასვენეს და მიწა მიაყარეს. იქიდან გამოტანილი ინფორმაციით ვიცით, რომ ბაბუას სახლი გაძარცვულია. მეორე ბაბუის სახლი კი ვერ გაიყვეს და ცეცხლს მისცეს... ჩვენს სახლში როგორც ვიცი, ოჩამჩირის გამგებელი ცხოვრობს. უნდა გითხრათ, რომ ბაბუა არ იყო ერთადერთი მსხვერპლი ჩვენი ოჯახიდან.

ბაბუის სახლი, რომელიც დაწვეს

ჩემი ბიძა, თემურ გიორგობიანი (35 წლის) ნაღმზე აფეთქდა და გარდაიცვალა...

30 წელი გავიდა და რუსეთი იმავე მეთოდით იბრძვის. არ არსებობს, ბოროტების იმპერიამ რაიმე ქრისტიანული, მართლმადიდებლური, ადამიანური გამოავლინოს... აქ ერთი გამოსავალი არსებობს, მათ წინააღმდეგ უნდა გაერთიანდეს სრულიად ცივილური სამყარო... არ არის მარტივი, მაგრამ სხვანაირად ბოროტების იმპერიის დამარცხება რთული იქნება. თუმცა დიდი იმედი მაქვს, მწამს და მჯერა, რომ ისინი უკრაინასთან ომს ძალიან დიდი დანაკარგით წააგებენ. ყველაზე დაუნდობელი და სასტიკი დამპყრობელი უნდა დამარცხდეს!