ავტორი:

"არ ვიცი ამის თქმისთვის დამიჭერენ, თუ მომკლავენ, მაგრამ.." - რუსეთის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი უკრაინაში რუსეთის შეჭრას გმობს

"არ ვიცი ამის თქმისთვის დამიჭერენ, თუ მომკლავენ, მაგრამ.." - რუსეთის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი უკრაინაში რუსეთის შეჭრას გმობს

რუსეთის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, იგორ დენისოვმა ღიად განაცხადა, რომ გმობს რუსეთის მიერ წამოწყებულ ომს უკრაინაში.

ამასთანავე, ფეხბურთელი აცხადებს, რომ ამ განცხადების შემდეგ, შესაძლოა დააკავონ, ან მოკლან.

38 წლის დენისოვი ერთადერთია ყოფილ, ან მოქმედ რუს სპორტსმენებს შორის, რომელიც ჯერ კიდევ რუსეთში ცხოვრობს და საჯაროდ აპროტესტებს კონფლიქტს.

დენისოვი 2012-2016 წლებში იყო რუსეთის ნაკრების კაპიტანი.

"რაც ხდება, კატასტროფაა. საშინელებაა. არ ვიცი ამის თქმისთვის დამიჭერენ, თუ მომკლავენ, მაგრამ იმას ვამბობ, რაც ხდება", - თქვა დენისოვმა სპორტულ ჟურნალისტებთან ინტერვიუში.

მისივე თქმით, პუტინს წერილიც მისწერა და ომის შეწყვეტა სთხოვა.

ცნობისთვის, რუსეთის დუმამ ცოტა ხნის წინ მიიღო კანონი, რომელიც 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს ყველასთვის, ვინც "ცრუ ინფორმაციას" ავრცელებს, ან ისეთ საჯარო ქმედებას ახორციელებს, რომელიც სახელმწიფოს სამხედრო ქმედებებს ეწინააღმდეგება.

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, რუსეთის ფეხბურთის ეროვნულ გუნდს აეკრძალა საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა, ხოლო შიდა გუნდებს კი, თავის მხრივ, ევროტურნირებზე მონაწილეობა.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა