ავტორი:

"ლელოს" სხვა ლიდერებისგან განსხვავებით, სალომე სამადაშვილი პრეზიდენტის დაანონსებულ აქციას არ შეუერთდება

"ლელოს" სხვა ლიდერებისგან განსხვავებით, სალომე სამადაშვილი პრეზიდენტის დაანონსებულ აქციას არ შეუერთდება

"ლელო საქართველოსთვის" წევრი სალომე სამადაშვილი პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ, ევროპული კურსის მხარდამჭერ აქციას არ შეუერთდება. ამის შესახებ სამადაშვილმა "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

სამადაშვილის თქმით, ის 20 ივნისს დაგეგმილ აქციაზე მივა, რადგან მიიჩნევს, რომ აღნიშნულ თარიღს საქართველოს თანამედროვეობის ისტორიაში სიმბოლური დატვირთვა აქვს.

"მე ვერ ვხედავ პრობლემას ვერც იმაში, რომ ვიღაცამ მიიღოს მონაწილეობა და ვერც იმაში, რომ ვიღაცამ არ მიიღოს, მაგრამ პირადად ჩემი დამოკიდებულება არის, რომ 20 ივნისის აქცია გამოვიყენოთ ჩვენ საზოგადოების გასაერთიანებლად. ჩემთვის მთავარია, რომ 20 ივნისს რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოვიდეს და თავისი სათქმელი დააფიქსიროს. დღესაც იმედია, მივლენ მოქალაქეები და დააფიქსირებენ საკუთარ მხარდაჭერას ევროკავშირთან დაკავშირებით, მაგრამ ჩემთვის კონკრეტულად 20 ივნისი არის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, როდესაც მე პირადად ვიღებდი მონაწილეობას გავრილოვის გაძევებაში საქართველოს პარლამენტიდან და შესაბამისად, მიმაჩნია 20 ივნისი არის ჩვენი ქვეყნისთვის სიმბოლური დატვირთვის“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, პრეზიდენტის ინიციატივით, თბილისში დღეს ევროპული კურსის მხარდამჭერი აქცია გაიმართება, რომელსაც ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, რამდენიმე დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი, მათ შორის გერმანიის და საფრანგეთის ელჩები შეუერთდებიან. ამასთან, აღნიშნულ აქციას „ლელოს“ წევრებიც უერთდებიან.