ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილს წოლითი რეჟიმი აქვს - ის სრულყოფილად ვერც გასვლით სასამართლო სხდომაში მიიღებს მონაწილეობას" - ადვოკატი

"მიხეილ სააკაშვილს წოლითი რეჟიმი აქვს - ის სრულყოფილად ვერც გასვლით სასამართლო სხდომაში მიიღებს მონაწილეობას" - ადვოკატი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, ყოფილ პრეზიდენტს საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრება მათ შორის, კლინიკაში, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეუძლია.

როგორც თუთბერიძე განმარტავს, მიხეილ სააკაშვილს წოლითი რეჟიმი აქვს და ის სრულყოფილად პროცესში მონაწილეობის მიღებას ვერც გასვლითი სხდომის დროს შეძლებს.

"დაცვის მხარე პირველივე დღიდან აცხადებდა, რომ მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევდა სხდომაზე დასწრების შესაძლებლობას. პრობლემა იყო არა მისი ტრანსპორტირება „ვივამედიდან“ სასამართლოში, არამედ თავად მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა, რაც შეუძლებელს ხდიდა პროცესში მონაწილეობას ნებისმიერი ფორმატით, იქნებოდა ეს ჩართვით, პალატაში, თუ სასამართლო დარბაზში. „ვივამედში“ პროცესის ჩატარება იყო უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი, არავითარი საპროცესო და მატერიალური საფუძვლები არ ჰქონდა, რადგან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მან მონაწილეობა მიიღოს სასამართლო პროცესში. ამას ადასტურებს საავადმყოფოს მიერ გაგზავნილი ცნობაც, პენიტენციური სამსახურის მიერ შედგენილი ოქმიც და მე პირადადაც ეს შთაბეჭდილება მრჩება.

რაც შეეხება სასამართლოს დღევანდელ პოზიციას, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში იმართება, მე ნამდვილად მომაწოდეს გუშინ ინფორმაცია, რომ სასამართლო გასვლით რეჟიმში, კლინიკა „ვივამედში“ ჩატარდებოდა, ამასთან დაკავშირებით პროტესტი გამოვთქვი, თუ რა იყო საფუძვლები, თუმცა, ახსნა-განმარტება ვერ მივიღე. ახლა გავრცელდა ხმები, რომ შესაძლებელია სასამართლოში გაიხსნას სხდომა და მერე გადმოვიდეს "ვივამედში“, თუმცა, დაზუსტებული ინფორმაცია სასამართლოს ჩემთვის ამ დრომდე არ მოუწოდებია.

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა არა მისი ტრანსპორტირების შესაძლებლობას 5 წუთის გზაზე, არამედ სხდომაში მონაწილეობის შესაძლებლობას. სააკაშვილს აქვს წოლითი რეჟიმი დღემდე, ამასთან უნდა გვესმოდეს, რომ სასამართლოში მონაწილეობა ნებისმიერი სტატუსით არ არის გასეირნება, მათ შორის, „ქართული ოცნების“ პროტეჟეებისთვის სასამართლო შეიძლება არის ორგანიზაცია, სადაც კომფორტულ გარემოს დაგახვედრებენ, მაგალითად ფარცხალაძე, გამოხვალ ისე, რომ კითხვას არავინ დაგისვამს. სხვა შემთხვევაში, სასამართლო პროცესი არის ძალიან შრომატევადი, ფსიქოლოგიურად რთული პროცესი, ამიტომ ამას შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სჭირდება, რომელიც ამ ეტაპზე სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილს არ აქვს“, - განაცხადა თუთბერიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩატარდება. თუკი, რომელიმე მხარე გასვლითი სხდომის ჩატარების შუამდგომლობას დააყენებს და აღნიშნულს მოსამართლე დააკმაყოფილებს, პროცესი კლინიკა „ვივამედში“, სადაც მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული, ჩატარდება.