ფინანსთა მინისტრის მოადგილის თქმით, მებაჟეებმა სანქცირებული აპარატურის და სურსათის რუსეთში გატანის არაერთი მცდელობა აღკვეთეს - "ეს ხშირად ხდებოდა..."

ფინანსთა მინისტრის მოადგილის თქმით, მებაჟეებმა სანქცირებული აპარატურის და სურსათის რუსეთში გატანის არაერთი მცდელობა აღკვეთეს - "ეს ხშირად ხდებოდა..."

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ქართველმა მებაჟე-ოფიცრებმა გარკვეული აპარატურის და სურსათის რუსეთში გატანის არაერთი მცდელობა აღკვეთეს.

ამასთან, მისი თქმით, არცერთ ქვეყანას კონტრაბანდის დაკეტვის 100%-იანი საშუალება არ აქვს.

"ყოველდღიურ რეჟიმში ხდება რისკების მართვის მოდულების დამუშავება, გამომდინარე იქიდან, თუ რა რისკები არსებობს. ვინაიდან იყო რისკები იმისა, რომ ეს პროდუქტი, რომელიც დასანქცირებულია სხვადასხვა ქვეყნის მიერ, მოხვედრილიყო რუსეთის ტერიტორიაზე, ჩაშენებულია შესაბამის მოდულში. როდესაც ამ პროდუქტის ექსპორტი ან ტრანზიტი ხდება, ვიკვლევთ საიდან მოხვდა ის საქართველოს ტერიტორიაზე. არ გამოვრიცხავ, რომ როგორც მაგალითად, პირობითად, ნარკოტიკული საშუალება, სამართლებრივად აკრძალული ნივთიერება მოხვედრილიყო რომელიმე ქვეყნიდან რომელიმე ქვეყანაში, არა მარტო ომის პერიოდში, ყოველთვის ხდება, გამორიცხვა, რომ შეუძლებელია კონტრაბანდული გზით რამე მოხვდეს ან ჩვენგან ან ჩვენი ქვეყნის გავლის გარეშე რუსეთში, ამას ვერ გადააზღვევს ვერავინ. თუ თქვენ გაქვთ ინფორმაცია, რომ რუსეთში ასეთი ბევრი პროდუქტი შედის, მაშინ კარგი იქნება, თუ ამას შესაბამის ორგანოებს, საბაჟო სამსახურს მიაწვდით. მე ასეთი ინფორმაცია არ მაქვს. მე მაქვს ინფორმაცია, რა გააკეთა საბაჟო სამსახურმა და რა პროდუქტის გადატანის საშუალება არ მისცა. ეს ყოველდღიურად და ხშირად ხდებოდა, განსაკუთრებით თავდაპირველ პერიოდში. რა თქმა უნდა, გადატანის მცდელობა იყო და აღკვეთეს, მათ შორის მახსოვს იყო გარკვეული აპარატურის, სურსათის გადატანის მცდელობა, რომელიც იყო ევროპაში წარმოებული“, - განაცხადა კაკაურიძემ და დასძინა: "ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსული პროდუქტი, რომელიც წარმოებულია ევროკავშირში და აკრძალულია, რომ ის არ უნდა შევიდეს რუსეთში, ყველა კონტროლდება“.

ამასთანავე, კითხვაზე - ამოწმებთ თუ არა ყველა მანქანას, რომელიც ახლა ლარსზე დგას? კაკაურიძემ უპასუხა: "თუ გულისხმობთ, რომ ყველა მანქანა უნდა გავჩხრიკოთ და ყველას პროდუქტი ვნახოთ, ეს შეუძლებელია“.

"თუ მეუბნებით, რომ დოკუმენტების გაყალბებით ვიღაცამ რაღაც პროდუქტი შეიტანა სადღაც, ამის გამორიცხვა შეუძლებელია. კომპანიებს ვერ დავასახელებ, მაგრამ ევროპული კომპანიებიც ცდილობენ, რომ გამოიყენონ სხვადასხვა გზები და არა მარტო საქართველო [პროდუქტის შესატანად]. შეუძლებელია იმის თქმა, რომ ასეთი ტვირთი რუსეთში ვერ მოხვდება. ძალიან კარგად ხედავს ამერიკის საბაჟო სამსახურები, თუ როგორ მოქმედებს ჩვენი საბაჟო სამსახური, ამაზე ინფორმაციის მიმოცვლაც გვქონდა. ასევე, ბრიტანეთის საფინანსო სექტორშიც ძალიან კარგ ზედამხედველობას აკეთებენ. დამერწმუნეთ, ლეგალური წყაროები ყველა კონტროლზეა.

აფხაზეთიდან შესაძლებელია რაღაც მოხვდეს რუსეთში, მაგრამ მაგაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ.

მე არ ვიცი ქვეყანა, ვისაც 100%-იანი კონტრაბანდის დაკეტვის საშუალება აქვს“, - განაცხადა კაკაურიძემ.

ცნობისთვის, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას“ წევრებთან "საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის“ და "საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებისა და "ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ" ინფორმაცია განიხილა.