ავტორი:

"დასავლეთის ხელმძღვანელები საუბრობენ მოლდოვასა და უკრაინაზე და ჩვენ ამოვვარდით... ხელისუფლებამ არა თუ რაიმე გააკეთა, დააზიანა ჩვენი შანსები" - ომბუდსმენი

"დასავლეთის ხელმძღვანელები საუბრობენ მოლდოვასა და უკრაინაზე და ჩვენ ამოვვარდით... ხელისუფლებამ არა თუ რაიმე გააკეთა, დააზიანა ჩვენი შანსები" - ომბუდსმენი

საშიშროება დავინახე, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში პირველად, მაღალმა პოლიტიკურმა პირებმა საჯაროდ, დაუფარავად და პირდაპირ გაავრცელეს სკეპტიკური გზავნილები ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მიმართ. გვითხრეს, რომ შესაძლოა მმართველ წრეებში განიხილებოდეს საკითხი, რომ ქვეყანამ საერთოდაც გადახედოს მის მისწრაფებებს ევროკავშირში ინტეგრაციის თაობაზე , - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ "პალიტრანიუსის“ გადაცემა "თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

მან ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით საქართველოს ევროპული კურსის მხარდამჭერ აქციაზე და განაცხადა, რომ მსგავსი ტიპის შეკრებები, რომელიც დღეს პრეზიდენტის ინიციატივით ევროპის მოედანზე გაიმართა, მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ქართველი ხალხისგან კონკრეტული გზავნილები მიიღოს.

როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, ბოლო დროინდელმა განცხადებებმა, რომელიც "ქართული ოცნების“ ლიდერებისგან ისმის, ვითარება უარესობისკენ შეცვალა.

მისი განცხადებით, დღეს უკვე ევროპულ გზაზე, არა უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, არამედ ცალკე განვიხილებით.

"ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის ერთიანობის ჩვენება არა უფრო ევროპისთვის, არამედ ჩვენი ხელისუფლებისთვის. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის შეკრებები ხელისუფლებისთვის გზავნილების გასაკეთებლად და უფრო მეტ მნიშვნელობას მივანიჭებდი, რა არის ამ აქციების მოთხოვნა, ვიდრე ვინ და როდის ეძახის მოქალაქეებს შესაკრებად. საშიშროება დავინახე, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში პირველად, მაღალმა პოლიტიკურმა პირებმა საჯაროდ, დაუფარავად და პირდაპირ გაავრცელეს სკეპტიკური გზავნილები ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მიმართ და გვითხრეს, რომ შესაძლოა მმართველ წრეებში განიხილებოდეს საკითხი იმის შესახებ, რომ ქვეყანამ საერთოდაც გადახედოს მის მისწრაფებებს ევროკავშირში ინტეგრაციის თაობაზე.

ეს ძალიან სახიფათოა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენდა სამწუხაროდ, მოვისმინეთ დასავლეთის ხელმძღვანელების განცხადება, რომ ისინი საუბრობენ მოლდოვასა და უკრაინაზე და ჩვენ ამოვვარდით ამ ორ ქვეყანასთან ერთად ერთ კონტექსტში მაშინ, როდესაც წლების წინ პირიქით იყო, საქართველო იყო მოწინავე. ეს არის ძალიან მძიმე შედეგის მომტანი. ჩვენ არ უნდა დავრჩეთ ამ "ტრიოს“ მიღმა, ეს "ტრიო“ არ უნდა დაიშალოს და ერთნაირი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ სამივე ქვეყნის მიმართ. სხვა შემთხვევაში, ჩვენ ეს უკან დაგვხევს და სახიფათო ზღვრამდე მიგვიყვანს. მმართველმა პარტიამ უკვე დაგვიანონსა, რომ თუ უარი იქნება ან ევროკავშირის მხრიდან ისეთი მოთხოვნები, რაც მათთვის მიუღებელი იქნება, საერთოდ გადახედავენ ევროპულ მისწრაფებას.

არ ვიცი დარჩენილ დღეებში რამე თუ გამოასწორებს ვითარებას და ძალიან გულდასწყვეტია, რომ ის 2-3 თვე, რაც გვქონდა, ხელისუფლებამ არა თუ რაიმე გააკეთა, დააზიანა ჩვენი შანსები. თუ დასაწყისში ერთად განვიხილებოდით, გადაწყვეტილების ბოლო დღეებში საერთოდ ორი ქვეყანა განიხილება და ჩვენ ცალკე ვართ. იმ განცხადებებმა, რაც ბოლო დღეებში გაკეთდა, მათ შორის პრეზიდენტის მხრიდან არასათანადო და არასაკმარისმა გაბედულებამ გარკვეული საკითხების გასაპროტესტებლად, მიგვიყვანა იქამდე, რომ დღეს საერთოდ ცალკე განვიხილებით“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.