ავტორი:

"85% უჭერს მხარს ევროინტეგრაციას, ამ დროს ვხედავთ, რომ 300 კაცი მიდის აქციაზე - არ გვიჯერებს სალომე ზურაბიშვილი და მერე თვითონ უბრუნდება ცუდად" - კობახიძე

"85% უჭერს მხარს ევროინტეგრაციას, ამ დროს ვხედავთ, რომ 300 კაცი მიდის აქციაზე - არ გვიჯერებს სალომე ზურაბიშვილი და მერე თვითონ უბრუნდება ცუდად" - კობახიძე

როდესაც ასეთი მოუმზადებელი ინიციატივით გამოდიხარ, მინიმუმ ვიღაცას უნდა შეეკითხო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში პრეზიდენტის ინიციატივით ევროპის მოედანზე გამართული აქციის შეფასებისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოში ევროინტეგრაციას 3 500 000-მდე ადამიანი უჭერს მხარს, თუმცა აქციაზე მხოლოდ 300-მდე ადამიანი მივიდა, რადგან აქცია მოუმზადებელი იყო.

"ჩვენი განმარტება რაც იყო ის გამართლდა, ჩვენ ვთქვით, რომ აბსოლუტურად მოუმზადებელი იყო აქცია, საქართველოში ევროკავშირში ინტეგრაციას მხარს უჭერს მოსახლეობის 85% და დღეს აქციაზე მისული იყო 300 ადამიანი, საიდანაც 200-ზე მეტი იყო პრეზიდენტი, ელჩები, ჟურნალისტები და ადმინისტრაციის თანამშრომლები, პლუს პოლიციელები.

როდესაც ასეთი მოუმზადებელი ინიციატივით გამოდიხარ, მინიმუმ ვიღაცას უნდა შეეკითხო. ელემენტარული ტექნიკური მხარე რომ ავიღოთ, ვიღაცას ხომ უნდა გაეფრთხილებინა მერია იმასთან დაკავშირებით, რომ შეზღუდულიყო მოძრაობა. არც მოძრაობა იყო შეზღუდული, ხალხიც არ იყო მისული.

300 კაციანი აქცია ეს არის სრულიად აცდენილი იმ რეალობას, რაც არის საქართველოში. 3 700 000 ქართველიდან 85% უჭერს მხარს ევროინტეგრაციას ანუ 3 500 000-მდე უჭერს მხარს ევროინტეგრაციას და ამ დროს ვხედავთ, რომ 300 კაცი მიდის აქციაზე, სამწუხაროდ არ გვიჯერებს ხოლმე რაღაცებში სალომე ზურაბიშვილი და მერე თვითონ უბრუნდება ცუდად ეს ყველაფერი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, ფიქრობს თუ არა ის, რომ პრეზიდენტმა დღევანდელი აქციით შეცდომა დაუშვა, კობახიძემ უპასუხა:

„როდესაც ევროინტეგრაციას მხარს უჭერს მოსახლეობის 85 პროცენტი და 300 კაცი გამოგყავს, ეს შეცდომაც არ არის. ეს არის დანაშაული, პირდაპირ ასე ვიტყოდი“.