ავტორი:

"ვიცი, ეს როგორ ეტკინება სულხანის მამას და კიდევ ბევრს... სააკაშვილმა რომ ეს მთხოვა ჩემთვისაც შოკისმომგვრელი იყო" - რატომ აპირებს "ოცნების" ყოფილი წევრი სააკაშვილის დაცვას?

"ვიცი, ეს როგორ ეტკინება სულხანის მამას და კიდევ ბევრს... სააკაშვილმა რომ ეს მთხოვა ჩემთვისაც შოკისმომგვრელი იყო" - რატომ აპირებს "ოცნების" ყოფილი წევრი სააკაშვილის დაცვას?

"ქართული ოცნების" ყოფილმა წევრმა, ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ, რომელიც მიხეილ სააკაშვილს წლების განმავლობაში უპირისპირდებოდა, შესაძლოა ექსპრეზიდენტის უფლებების დაცვისთვის იბრძოლოს.

როგორც შალვა ხაჭაპურიძე გვეუბნება, შეთანხმების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს მის მიმართ წარმოებულ ყველა საქმეზე დაიცავს.

ამ სიახლემ, ცოტა არ იყოს, შოკში ჩააგდო საზოგადოება. შეგახსენებთ, რომ შალვა ხაჭაპურიძემ 2012 წელს საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართა და ენმ-ის ხელისუფლების, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება მოითხოვა. მან სააკაშვილის წინააღმდეგ მიმართა საერთაშორისო სასამართლოსაც. ჰააგაში შეტანილი სარჩელი "2003 წლიდან საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისა და თავად პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ჩადენილ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს" ეხებოდა. შალვა ხაჭაპურიძე "ქართულ ოცნებას“ დაფუძნებისთანავე შეუერთდა, 2019 წელს კი პარტიიდან წავიდა.

AMBEBI.GE-სთან შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ ის ადვოკატად თავად მიხეილ სააკაშვილმა და მისმა ოჯახის წევრებმა მიიწვიეს და გადაწყვეტილებას მხოლოდ ფიქრის, განსჯისა და ამ წინადადების კარგად აწონ-დაწონის შემდეგ მიიღებს.

შალვა ხაჭაპურიძე:

- ეს იყო მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა, მან წერილი გამომიგზავნა, ჩემთან მოვიდა დედამისი და მისი ოჯახის სხვა წევრებიც, შევხვდით და ვისაუბრეთ. სიმართლე გითხრათ, ეს წინადადება ჩემთვისაც შოკისმომგვრელი და მოულოდნელი იყო. ქალბატონ გიულის ავუხსენი, იქნებ, თქვენ არ იცოდით, რომ მე ამ ადამიანის გამორჩეული მოწინააღმდეგე ვიყავი-მეთქი. მითხრა, არ ვიცი, ეს მისი გადაწყვეტილებააო. შემდეგ შევხვდი მიშას და ვისაუბრეთ.

- არ ჰკითხეთ, თქვენზე რატომ გააკეთა არჩევანი?

- რა თქმა უნდა, ვკითხე და მიპასუხა, რომ როცა პრეზიდენტი ვიყავი, ხშირად მახსენებდნენ იმას, რომ ხაჭაპურიძე, როგორც ადვოკატი, ბევრ სამართლებრივ პრობლემას გვიქმნის და ეს როგორი ეფექტურობით ხდებოდა, ჩემს თავზეც მაქვს გამოცდილი, ამიტომ ჩავთვალე, რომ შენ ხარ ის ადამიანი, ვისაც სიცოცხლე უნდა ვანდოო. როგორი მომენტია, იცით? - მოსისხლე მტერიც რომ მოვიდეს და გითხრას, გადავწყვიტე, ჩემი სიცოცხლე განდოო, სხვა არ ვიცი, მაგრამ მე ისეთ იდეალებზე ვარ გაზრდილი, უარს ვერ ვეტყოდი.

როგორც ჩანს, მან გადაწყვიტა გააძლიეროს დაცვის ჯგუფი. პირდაპირ ვთქვათ, არაორდინარული გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ როცა შენი მტერი მოდის, გაღიარებს და გეუბნება, შენ მინდა დამიცვაო, ეს რაზე მეტყველებს იცით? - ხელისუფლებები მიდიან და მოდიან, მაგრამ პროფესიონალები რჩებიან და ეს კარგი ნიშანია საქართველოშიც. ვიყავი ბადრი პატარკაციშვილის ადვოკატი და საარჩევნო შტაბის იურიდიული სამსახურის უფროსი, სალომე ზურაბიშვილის იურიდიული სამსახურის უფროსი, „ოცნების“ წევრი და ბიძინა ივანიშვილის თანამებრძოლი, ვიღაცას არა - ბეჟუაშვილს ვებრძოდი. ასევე, ვიყავი თემურ ჟორჟოლიანის, მერაბ რატიშვილის, სულხან მოლაშვილის ადვოკატი და რა ვიცი, რამდენი ჩამოვთვალო, რაც კი გახმაურებული ქეისი იყო, ყველაში ვმონაწილეობდი, არაფერზე უკან არ დამიხევია, მაგრამ აქ ჩავთვალე, რომ საკითხი დგას ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაზე.

- რას ეტყოდით მათ, ვინც სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლი გახდა და თქვენი დახმარებით იცავდა თავს, მაგ. სულხან მოლაშვილის მამას, რომელიც, დარწმუნებული ვარ, დღეს გულნატკენი, სულ მცირე, გაოგნებული იქნება..

- ვიცი, ეს როგორ ეტკინება სულხანის მამას, თათიას - სულხანის მეუღლეს, ჯამბულ გამცემლიძეს და ძალიან, ძალიან ბევრს. ჩემი ახლობლები და ნათესავებიდან, ვისთანაც ეს ვთქვი, ზოგი გაბრაზდა, ზოგი გაბუტულია... დარწმუნებული ვარ, სულხანი ცოცხალი რომ იყოს, დამიჯერეთ, ამ გადაწყვეტილებას მომიწონებდა იმიტომ, რომ ისიც ჰუმანურობის პრინციპით იხელმძღვანელებდა და ამიტომაც იყო ის ჩემი მეგობარი. ყველა, ვისაც ვიცავდი, ჩემი მეგობრები კი არ იყვნენ. სულხანს, სანამ დაიჭერდნენ, არ ვიცნობდი, საერთო მეგობარი გვყავდა და ზუსტად იმიტომ გავხდით მეგობრები, რომ მას ასეთი იდეალები ამოძრავებდა.

- კოლეგებმაც ლამის ომი გამოგიცხადეს, ბატონო შალვა,„ფეისბუკზე“ დიდი მღელვარება მოჰყვა ამ სიახლეს...

- ეს ჩემთვის არახალია, რაც თავი მახსოვს, ომში ვარ. ვინმეს ომის გამოცხადება თუ უნდა, საომარი ბევრია და იომონ. მიშას ადვოკატობა ჯერ არ გადამიწყვეტია, მაგრამ თუ გადავწყვიტე, ჩემი როლი იქნება ამ ადამიანის სიცოცხლისა და სასჯელის გადავადებისთვის ბრძოლა.

- როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

- გავიკითხე პროფესიონალ ექიმებში (მათ შორის ანტიმიშისტებთანაც) და მითხრეს, რომ ამ კაცს სათანადო მკურნალობა თუ არ ჩაუტარდა, ის გარდაიცვლება. რომ ვეკითხები, რა არის სათანადო მკურნალობა, ექიმები მპასუხობენ, რომ საქართველოში ამ დაავადების მკურნალობის შესაძლებლობა არ არსებობს.

მე რაც ვნახე, მიშა დრო და დრო ითიშება, ფერი საერთოდ დაკარგული აქვს, უცებ ჩამოეძინება ხოლმე, უჭირს გადაადგილება. პატარა ორცხობილას შეჭამს და ორგანიზმი არ იღებს, არ უჩერდება საკვები. ამ გადასხმებით კიდე, რამდენ ხანს უნდა იცოცხლოს? ერთ დღეს ორგანიზმი ამაზეც უარს იტყვის. ეს სურათია დღეს... მისი დაავადება თვეობით სამკურნალო პროცედურებს ითხოვს და უცხოეთიდან მთელ კლინიკას აქ თუ ჩამოიყვანენ, არ ვიცი. ან ვიღაც გერმანელი ექიმი აქ თვეობით როგორ დაგიჯდება?

- სავარაუდოდ, მისი გამართლებისთვის მოგიწევთ ბრძოლა...სააკაშვილის მიმართ რაც გითქვამთ და გაგიცხადებიათ, ისევ იმ აზრზე ხართ?

- არაფერი მიმაქვს უკან. სააკაშვილს არ უთქვამს ჩემთვის, მოდი, ჩემი მომხრე და ჩემი პარტიის წევრი გახდიო. ადვოკატობა არ ნიშნავს იმას, რომ მიშას მხარდამჭერი გავხდი. იმდენი ხალხი დამიცავს, ყველას მხარდამჭერი და თანამოაზრე რომ გავმხდარიყავი, არ ვიცი, რა ვიქნებოდი.

ვიცი, ამწუთას მიუღებელი ვარ ნაცების ნაწილისთვის და „ოცნების“ ნაწილისთვისაც და ამით უნდა მივიღო გადაწყვეტილება, ადამიანს დავეხმარები, თუ არა? მაშინ ცხოვრებაში რა პრინციპებიც მქონია, ფუჭი ყოფილა და პარტიული იურისტი გამოვდივარ. არა და, არასდროს ვყოფილვარ პარტიული იურისტი და ამას არც ვაპირებ.