ავტორი:

"რაც მოგივა დავითაო, მხოლოდ შენი თავითაო“, ჩვენი ბრალია" - პრეზიდენტი ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე

"რაც მოგივა დავითაო, მხოლოდ შენი თავითაო“, ჩვენი ბრალია" - პრეზიდენტი ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე

შეიძლება იყოთ იმედგაცრუებული, მე უფრო იმ კატეგორიას ვეკუთვნი, რომელიც გაბრაზებულია - რაც მოგვივიდა დღეს არის გაფრთხილება. "რაც მოგივა დავითაო, მხოლოდ შენი თავითაო“, ხომ?! ჩვენი ბრალია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ევროკომისიის დასკვნასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს ფარ-ხმლის ჩამოყრის დრო არაა.

"ჯგუფს ჩამოვრჩით. მე ვეთანხმები ჩემ წინ ვინც ამ თემაზე გამოდიოდა, რომ ჩვენ ამისი უფლება არ გვაქვს. მე პირადად ბევრი რამ ვთქვი, იმიტომ, რომ ვხედავდი, რა შეიძლება ყოფილიყო. ამან გამოიწვია ზოგის წყენა, გაბრაზება და სხვა რაღაცები, მაგრამ ფაქტი ფაქტია და ვერ გავექცევი. მაგრამ ფაქტები იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ფარ-ხმალი უნდა ჩამოვყაროთ. ეს არ არის არც ქართული ხასიათი და არც ქალების ხასიათი. მე თქვენი იმედი მაქვს, მე მოსახლეობის იმედი მაქვს, ყველასი, ვინც გუშინ იყო გამოსული, სახლიდან გვიყურებდა, დღეს გვიყურებს. ვიცი, დღეს თქვენც გრძნობთ, რომ არც იმედგაცრუების, წუწუნის დრო არ არის, იმიტომ, რომ რაც მოგვივიდა დღეს არის გაფრთხილება. "რაც მოგივა დავითაო, მხოლოდ შენი თავითაო“, ხომ?! ჩვენი ბრალია. ჩვენ ვამბობთ, რომ არ დავიმსახურეთ, დავიმსახურეთ! ჩვენ იმის მერე, რაც გააკეთა ამ ქვეყანამ 30 წლის განმავლობაში, ისე ჩამოვრჩით ჩვენ ორ მეგობარსა და პარტნიორს, ჩვენი ბრალია, აბა ვისი?!” - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

რაც მთავარია, ევროპამ არ გადაგვაგდო - ცხადია, კანდიდატის სტატუსი დღეს არ მიგვიღია, მაგრამ მივიღეთ აღიარება - რომ არა უკრაინა და ეს ახალი გარემოებები, ამას დღეს ნამდვილად არ მივიღებდით და შეიძლება ჯერ არც ვიმსახურებდით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე, ევროკომისიის დასკვნაზე საუბრისას განაცხადა.

მან იმედი გამოთქვა, რომ ევროკომისიის პოზიციას, საქართველომ ევროპული პერსპექტივა მიიღოს, ერთ კვირაში ევროპული საბჭოც დაადასტურებს.

"რაც მთავარია და რაც მინდა, რომ კარგად გაიგოთ, ევროპამ არ გადაგვაგდო. ევროპამ არ გვითხრა უარი. პირიქით. პირველ რიგში ევროკომისიის რეკომენდაცია უნდა წავიკითხოთ. სხვათა შორის, ურსულა ფონ დერ ლაიენის "ტვიტშიც" იგივე წერია და კარგად უნდა ვიცოდეთ, როგორ წავიკითხოთ. იქ წერია, რომ ცხადია, კანდიდატის სტატუსი დღეს არ მიგვიღია, მაგრამ მივიღეთ ისეთი რამ, რაზეც ბოლო თვეებში ეს ყველაფერი რომ არ ყოფილიყო, არც ვიოცნებებდით. მივიღეთ აღიარება და იმედი მაქვს, რომ ამას ევროპული საბჭო ერთ კვირაში დაადასტურებს. მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, გაწევრიანების პერსპექტივა. ეს არის ის, რაც აქამდე ჩვენთვის არავის უთქვამს, არავის უღიარებია და არავის მოუცია პირობა, რომ ეს პერსპექტივა ჩვენთვის მოცემული არის. იყო ამის მიმართ ხან გეოგრაფიული მიზეზები, რატომ არა და ხან სხვა მიზეზები, მაგრამ დღეს რომ არა უკრაინა, და ეს ახალი გარემოებები, ამას ნამდვილად არ მივიღებდით და შეიძლება ჯერ არც ვიმსახურებდით, მაგრამ მივიღეთ ეს დაპირება. იმედი მაქვს, რომ ამ ტექსტს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაში გაიმეორებენ. კიდევ მაქვს იმედი, რომ კანდიდატის სტატუსის საკითხი... ყოველ შემთხვევაში ამ ერთ კვირაში უნდა ვიმუშაოთ და აქაც წინასწარ ფარ-ხმალი არ ჩამოვყაროთ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა

ცნობისთვის, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მინიჭების თაობაზე რეკომენდაცია არ გასცა. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა საქართველომ უნდა შეასრულოს პირობები, რომლის შემდეგაც ექნება კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი.

ასევე იხილეთ: