ავტორი:

"ევროპული საქართველო", "აფხაზთა კრება", "თავისუფლების ინსტიტუტი" და "ამომრჩეველთა განათლების ასოციაცია" დეოლიგარქიზაციის კამპანიას იწყებენ" - ბოკერია

"ევროპული საქართველო", "აფხაზთა კრება", "თავისუფლების ინსტიტუტი" და "ამომრჩეველთა განათლების ასოციაცია" დეოლიგარქიზაციის კამპანიას იწყებენ" - ბოკერია

„ევროპული საქართველო“, „აფხაზთა კრება“, „თავისუფლების ინსტიტუტი“, „ამომრჩეველთა განათლების ასოციაცია“ საქართველოს მასშტაბით დეოლიგარქიზაციის კამპანიას იწყებენ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, აღნიშნული კამპანიის ამოცანაა, ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა აქტიურ პოზიციაზე დადგეს, დაიბრუნოს ჩვენი ქვეყნის მომავლის რწმენა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისივე შეფასებით, ქვეყანას „პოსტსაბჭოთა იმპერიის ჭაობში ყოფნა ათწლეულების განმავლობაში მოუწევს“.

„დღეს ჩვენს ქვეყანას ერთდროულად აქვს ისტორიული შანსი, რომ დაბრუნდეს თავისუფალ სამყაროში, ევროატლანტიკურ სივრცეში, სადაც თავისუფლება, ღირსება მოქალაქეების უფლებაა და ამავე დროს აქვს საფრთხე, ეს ისტორიული მომენტი ხელიდან გავუშვათ და კიდევ ათწლეულებით გავწიროთ საკუთარი თავი, ჩვენი შვილების თაობები ბოროტების იმპერიის ჭაობში ყოფნისთვის. ჩვენ არ გვაქვს უფლება ეს ბრძოლა დავთმოთ. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ გარე მტერთან ერთად - პუტინის ბოროტების იმპერიასთან ერთად ჩვენ გვაქვს შიდა მტერთან საქმე. ეს შიდა მტერი არის ივანიშვილის რეჟიმი და მისი გარემოცვა, რომელიც ცდილობს მორალურად გაგვტეხოს და უარი გვათქმევინოს ჩვენს ისტორიულ ამოცანაზე, ითამაშოს ჩვენ შიშზე. ამ ყველაფერს აკეთებს საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის. ღია ომი აქვთ გამოცხადებული დასავლური სამყაროსთვის და გვაგუებენ იმას, რომ ე.წ. ერთმორწმუნე რუსეთი არის ის, რასაც ჩვენ უნდა შევეგუოთ, როგორც ჩვენ პატრონს, დავივიწყოთ ის საშინელი დანაშაულები, რომელიც ამ ბოროტების იმპერიას ჩადენილი აქვს ქართველი ხალხის წინააღმდეგ.

„ევროპული საქართველო“, „აფხაზთა კრება“, „თავისუფლების ინსტიტუტი“, „ამომრჩეველთა განათლების ასოციაცია“ ვაპირებთ, რომ კამპანია გვქონდეს მთელ საქართველოში ამ საკითხზე. ჩვენი ამოცანაა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა აქტიურ პოზიციაზე დადგეს, დაიბრუნოს ჩვენი ქვეყნის მომავლის რწმენა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გველოდება ათწლეულები პოსტსაბჭოთა იმპერიის ჭაობში ყოფნისა“, - განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ მოლდოვას და უკრაინას ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიენიჭოს. ევროკომისია რეკომენდაციას გასცემს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ მიენიჭოს, რაც ქვეყანა რიგ პრიორიტეტებს მოაგვარებს. ევროკომისიის დასკვნის მიხედვით, საქართველომ ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა და დეოლიგარქიზაციის ვალდებულება უნდა შეასრულოს.