ავტორი:

გალის რაიონში, ენგურის ხიდთან, მაღაზიის, Apsny Duty-ს გახსნა იგეგმება - “ნიშნავს თუ არა ეს გზის გახსნას, რადგან ხალხმრავლობის გარეშე იქ მაღაზია ვერ იარსებებს"

გალის რაიონში, ენგურის ხიდთან, მაღაზიის, Apsny Duty-ს გახსნა იგეგმება - “ნიშნავს თუ არა ეს გზის გახსნას, რადგან ხალხმრავლობის გარეშე იქ მაღაზია ვერ იარსებებს"

ოკუპირებული აფხაზეთის, ე.წ. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, გალის რაიონში ენგურის გამშვებ პუნქტზე “Apsny Duty”-ის მაღაზიის მშენებლობა დაიწყო. ekhokavkaza.com-ის ცნობით, მშენებლობის ნებართვა ალექსანდრე ანქვაბმა გასცა. ამის შესაებ ადგილობრივი მედიაც წერს. ენგურზე მაღაზიის უკვე დაწყებული კონსტრუქციის მშენებლობის საკითხს სოციალურ ქსელებში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.

გამოცემასთან საუბარში, აფხაზეთის ე.წ. საბაჟო კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი ბესლან ცვინარია ამბობს, რომ "უბაჟო ვაჭრობის მაღაზიის გახსნა გამშვებ პუნქტზე საჭიროა, თუმცა მშენებლობა გარკვეულ კითხვებსაც იწვევს."

მისი თქმით, ამის საჭიროება დიდი ხანია დგას, რადგან აფხაზეთის ტერიტორიაზე ხშირად იმყოფებიან საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ქვეყანაში სხვადასხვა მხრიდან შემოდიან და იმ ადგილას ტერმინალის აშენება სწორი გადაწყვეტილებაა.

რამდენიმე დღის წინ, აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განკარგულება გასცა, "ენგურის "საზღვარზე" კონტროლი გამკაცრდეს", თუმცა უეცრად, ცნობილი გახდა, რომ "ანქვაბი საქართველოს "საზღვართან" მაღაზიის მშენებლობას იწყებს, რასაც ეჭვები მოჰყვა, რომ ისინი შეთანხმებულად არ მოქმედებენ:, - წერს ekhokavkaza.com.

  • ცვინარიას მოსაზრებით, არსებობს კითხვებიც. მაგალითად, “ნიშნავს თუ არა ეს გზის გახსნას, რადგან ხალხმრავლობის გარეშე იქ მაღაზია ვერ იარსებებს. ასევე, ტერმინალის გახსნის შემდეგ, შესაძლებელი იქნება მაღაზიის მშენებლობა და ის ტერმინალთან ახლოს უნდა იყო, გზაზე, ქართული მხარისკენ. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება მისი მუშაობა გამართული. თუ მაღაზია ჩვენს მხარეს იქნება, ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანები, რომლებიც შემოდიან აფხაზეთში, შეიძენენ საქონელს უბაჟო ვაჭრობის მაღაზიაში და გადასახადებს თავიდან აიცილებენ. ამ საქონლის აფხაზეთის ტერიტორიაზე უკონტროლოდ მოხვედრა რისკებს შეიცავს", - ამბობს აფხაზეთის ე.წ. საბაჟო კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი.

აფხაზეთის ე.წ.მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურის უფროსი, დიანა ზანთარია ადასტურებს მაღაზიის მშენებლობის დაწყებას.

"ის შენდება აფხაზეთის გასასვლელთან, ენგურის ხიდთან ახლოს, რათა ადამიანებმა იქ საჭირო რაღაცების შეძენა შეძლონ", - ამბობს ზანთარია.

ადგილობრივების აზრი ამასთან დაკავშირებით ორად იყოფა. ნაწილის თქმით, ფაქტია, რომ ადამიანები, მათ შორის აფხაზები "ქართულ მხარეს" სხვადასხვა საჭიროების გამო, მედიცინა იქნება თუ საყოფაცხოვრებო მოთხოვნები, ხშირად გადადიან და თუნდაც დასალევი წყლის შეძენის შესაძლებლობა არ აქვთ. ზოგჯერ "საზღვართან" რიგია, ამიტომ, ან "მესაზღრეებს" უნდა სთხოვონ, ან სახლიდან უნდა წაიღონ. ყველაფრის თადარიგის დაჭერა კი, არც ისე ადვილია.

სხვების თქმით, საქართველოსთან ასეთი მნიშვნელობის დაწესებულების აშენებას ანქვაბი, მარტო და მარტივად ვერ შეძლებდა.

"როგორც ჩანს, ანქვაბი მაინც რჩება დამოუკიდებელ მოთამაშედ, რაც ძალიან კარგია. მაშინ, როდესაც რუსეთიდან ახლადჩამოსულმა არძინბამ თავის კანონები შემოიტანა და საერთაშორისო, თუ არასამთავრობო ორგანიზაციები ლამის აგენტებად და ქართული მხარის ინტერესების გამტარად აღიარა, ბჟანიამ ეს ადამიანები ვინც ამდენი ხანი თავიანთ საქმეს აკეთებდნენ, არც კი დაიცვა, ერთი სიტყვაც არ შეაწია. ანქვაბმა კი, რომელიც ამდენი ხანი ჩუმად იყო, მშვენიერი რამ გააკეთა, ყოჩაღ, მოხუცო! "რკინის ალიკა" ფორმაშია.

რაც მეტი რამ აშენდება და გაკეთდება აფხაზეთში, ყველაფერი მახარებს და პოლიტიკა სრულებით არ მადარდებს", - წერს ადგილობრივი ინტერნეტმომხარებელი ალიას სუხუმსკი.

"იმედია, ეს ოჩამჩირეს გამოაცოცხლებს, რომელიც ბოლო წლებია ჩერნობილს დაემგავსა... იმედია, ის სრულად აფხაზური კონტროლის ქვეშ იქნება. ანქვაბის ქართულ კავშირებზე ადრეც ბევრი რამ გვსმენია, მაგრამ თუ ფული აფხაზეთში დაიხარჯება, იქ ხალხი დასაქმდება და შემოსავალი ექნებათ, მე მხოლოდ მივესალმები. აფხაზეთი მხოლოდ სოხუმი, გაგრა და ბიჭვინთა არ არის", - წერს ლიანა თოდუა.

"აქ საეჭვოა, რატომ დუმს ბჟანიას ფრთა. ჩვენ ქვეყნის განვითარება გვინდა და თუ ეს ერთი აგური იქნება, მივესალმებით, მით უფრო, ტერმინალის აშენება იგეგმება... იქნება გამოცოცხლდეს ის მხარე", - მიაჩნია ანიტა ლოგუას.