ავტორი:

"საქართველო ევროპულ მომავალს კარგავს და მისი გადარჩენა მხოლოდ  ქართველი ხალხის ხელშია - 20 ივნისი ათვლის წერტილი უნდა გახდეს" - მამუკა გამყრელიძე

"საქართველო ევროპულ მომავალს კარგავს და მისი გადარჩენა მხოლოდ  ქართველი ხალხის ხელშია - 20 ივნისი ათვლის წერტილი უნდა გახდეს" - მამუკა გამყრელიძე

მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ქვეყანას და ხალხს მიზანმიმართული და მავნებლური პოლიტიკით ევროკავშირის კანდიდატობის რეალური შანსი დააკარგვინა, საზოგადოებამ პროცესის მართვის სადავეები უნდა აიღოს. 20 ივნისი მოსახლეობისთვის ათვლის წერტილი უნდა გახდეს, რომელმაც უნდა გააცნობიეროს, რომ ქვეყნის ევროპული მომავალი მის ხელშია და ამ ისტორიულ მომენტში თავისი წილი პასუხისმგებლობა იკისროს, - ამის შესახებ პარტია "ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა, მამუკა გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოების მთავარი მოთხოვნა იმ რეკომენდაციების შესრულება უნდა იყოს, რომელიც ევროკავშირმა მოგვცა.

"ჩვენ მყარად უნდა დავიცვათ ჩვენი პოზიცია. ჩვენი მიზანია ევროპული პერსპექტივა, რაც "ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში შეუსრულებელია, ამიტომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა მივიდეთ რუსთაველის გამზირზე, როგორც 20 ივნისს, ასევე ყველა აქციაზე, რომელიც ევროპული მომავლის მოთხოვნით გაიმართება.

დღეს ჩვენს ევროპულ მომავალს ევროკავშირის მიერ ჩვენთვის დაკისრებული რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულება განაპირობებს. ცხადია, სანამ "ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, ეს მოთხოვნები ვერ შესრულდება, შესაბამისად, ხალხი ევროპულ მომავალს ვერ მიიღებს. უფრო მეტიც, არსებობს საშიშროება დავკარგოთ ის სარგებელი, რაც ევროინტეგრაციამ მოგვიტანა: ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობა, გრანტები, შეღავათიანი კრედიტები, რაც მოსახლეობის კეთილდღეობაზე პირდაპირ აისახება. ამ სარგებლის დაკარგვა ჩვენი ხალხის და ქვეყნის მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს.

ევროკავშირის რეკომენდაციებს შორის მთავარი პირობები არის დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია. დეოლიგარქიზაცია ავტომატურად "ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოცილებას ნიშნავს, რაც ოლიგარქს მთავრობის მართვის ყველა სადავეს წაართმევს. ეს თავისთავად პოლარიზაციას დაასრულებს, რადგან ერთის მხრივ, "ქართული ოცნება“ არ იქნება ხელისუფლების სათავეში, მეორეს მხრივ ძალაუფლებას კოალიციის შიგნით ოპოზიციური პარტიები გადაინაწილებენ. ევროკავშირის ყველა დანარჩენი მოთხოვნის შესრულება იქნება ტექნიკური საკითხი, რომელზეც პასუხისმგებლობას კოალიციური მთავრობა აიღებს.

იმ პირობებში, როდესაც ოპოზიციისგან განსხვავებით, ხელისუფლებას ყველა რესურსი აქვს, როგორც ადმინისტრაციული, ასევე ფინანსური და ა.შ. საზოგადოებაში მუდმივად არის განცდა, რომ ხალხი ვერაფერს შეცვლის, რაც ჩემი აზრით, დიდი შეცდომაა. ოპოზიციის ერთადერთი რესურსი იყო, არის და იქნება ხალხი. თუ ხალხი გადაწყვეტს, რომ ქვეყნის ევროპული მომავალი ოპოზიციურ პარტიებთან ერთად დაიცვას, მაშინ "ქართული ოცნება“ აუცილებლად დამარცხდება. მომავალ არჩევნებში ხალხმა ხმა უნდა მისცეს ოპოზიციას და საკუთარი ქვეყნის ბედი გადაწყვიტოს: ან "ქართული ოცნება“, ან საქართველოს ევროპული მომავალი“, - აცხადებს მამუკა გამყრელიძე.