ავტორი:

"ხვალ მილიონობით უკრაინელი დაგიჭერთ მხარს... საქართველოვ, თუ გინდა გქონდეს ევროპული მომავალი - იმოქმედე!" - რას წერს ლიზა იასკო

"ხვალ მილიონობით უკრაინელი დაგიჭერთ მხარს... საქართველოვ, თუ გინდა გქონდეს ევროპული მომავალი - იმოქმედე!" - რას წერს ლიზა იასკო

ექსპრეზიდენტის უკრაინელი მეუღლე, ლიზა იასკო სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რითაც ხვალ, თბილისში, რუსთაველის გამზირზე დაანონსებულ აქციას ეხმიანება.

იასკოს თქმით, 20 ივნისს დაგეგმილ აქციას მილიონობით უკრაინელი დაუჭერს მხარს.

"ის, რაც პარასკევს მოხდა, საქართველოს რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიანიჭეს, კატასტროფაა მთელი ქვეყნისთვის. ქართულ საზოგადოებას სჭირდება შინაგანი ენერგიის, პოლიტიკური ველის განახლება და სიძულვილის, აგრესიის, პრორუსული ძალების აუცილებლად შეჩერება! თქვენ უნდა გაამახვილოთ ყურადღება მომავალზე და არ დაკარგოთ თქვენი ცხოვრების ძვირფასი დრო წარსულისა და აწმყოზე ჩხუბში! ვერ ვხვდები ამას როგორ იტანენ განსაკუთრებით ახალგაზრდები!

2013 წელს უკრაინელები ფეხზე დადგნენ ჩვენი ევროპული მომავლის დასაცავად! და ჩვენ ბევრნი ვიყავით. ბევრ ახალგაზრდას არ აინტერესებდა პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკოსების სახელები, მაგრამ ჩვენ, როგორც უკრაინელები, პირველ რიგში ვღელავდით უკრაინის მომავალზე ევროპულ ოჯახში და სიმართლეზე! საქართველოვ, თუ გინდა გქონდეს ევროპული მომავალი - იმოქმედე! მოქმედებებია საჭირო და არა განცხადებები! გჯეროდეთ საკუთარი თავის და შეწყვიტეთ ნიჰილიზმი და ცინიზმი, რომელიც თქვენს საზოგადოებაში არსებობს! შეწყვიტეთ ყურადღების გადატანა ძირითადი პრობლემებიდან არარასებითზე! შეაჩერეთ სიძულვილი, რომელიც არსებობს თქვენს საზოგადოებაში! ჩემთვის, როგორც უკრაინელისთვის, ძალიან მტკივნეულია და აბსოლუტურად მიუღებელია საქართველოს ამ მდგომარეობაში დანახვა. ჩემი სტუდენტობის წლებში, ჩვენ უკრაინაში შევნატროდით ევროპულ საქართველოს, რადგან საქართველო მაშინ იყო დემოკრატიული და წარმატებები ჰქონდა. მაშინ ჩვენ იანუკოვიჩი გვყავდა ხელისუფლებაში.

ახლა კი სერიოზული უფსკრულია… რომელიც უნდა განიკურნოს და შეიცვალოს! ხვალ მილიონობით უკრაინელი მხარს დაგიჭერთ!" - წერს "ფეისბუქში" ლიზა იასკო.

ცნობისთვის, 20 ივნისს თბილისსა და რეგიონებში აქცია "შინ ევროპისკენ“ გაიმართება. აქცია თბილისში, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ, 20:00 საათზე დაიწყება.

აქცია "სირცხვილიას“ და სამოქალაქო მოძრაობების ორგანიზებით იმართება.

როგორც სოციალურ ქსელში ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართავენ სამოქალაქო საზოგადოების, უკრაინის ხელისუფლებისა და ევროკავშირის წარმომადგენლები.