ავტორი:

"არ არის გამორიცხული საქართველო ისევ აღმოჩნდეს დიდი მოთამაშეების გარიგების საგანი - კაცმა არ იცის, როგორ გაიგებს დასავლეთის გადაწყვეტილებას რუსეთი" - ექსპერტი

"არ არის გამორიცხული საქართველო ისევ აღმოჩნდეს დიდი მოთამაშეების გარიგების საგანი - კაცმა არ იცის, როგორ გაიგებს დასავლეთის გადაწყვეტილებას რუსეთი" - ექსპერტი

"უკვე მეორედ გავუშვით ხელიდან ევროპასთან მჭიდროდ დაკავშირების შანსი. პირველად ეს მაშინ მოხდა, როდესაც პოსტსაბჭოთა სივრცეში დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა მიმდინარეობდა", - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ბოლოდროინდელ მოვლენებს. ანალიტიკოსის აზრით, 90-იან წლებში საქართველოს შეეძლო ბალტიის ქვეყნებთან ერთად ერთ პაკეტში შესულიყო ევროპულ ოჯახში, მაგრამ დაიწყო პოლემიკა, ჰქონდა თუ არა აზრი ბალტიისპირეთის დამოუკიდებლობის გამოცხადებას, მაშინ, როცა იქ მრავალპარტიული არჩევნები არ ყოფილა.

"შემდეგ იყო დროსა და სივრცეში აცდენა... ბოლოს ჩვენთვის პრობლემა გახდა იგივე საკითხები - ეს იყო დემოკრატიასთან დაკავშირებული თემები. ყველა ხარვეზი, რომლებზეც ჩვენი დასავლელი პარტნიორები ამახვილებენ ყურადღებას, ისევ დემოკრატიას უკავშირდება", - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.

გავუშვით თუ არა საბოლოოდ ევროინტეგრაციის შანსი ხელიდან, ვინ არის პასუხისმგებელი ამაზე, რა გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდებით, თუ ევროსაბჭო სრულად გაიზიარებს ევროკომისიის რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსზე უარის თქმის შესახებ, ამ საკითხებზე ვახტანგ ძაბირაძე საუბრობს:

- ბოლომდე მქონდა იმედი, რომ პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად ერთ პაკეტში მოვხდებოდით, მაგრამ, როგორც ჩანს, დასავლეთმა სხვაგვარად გადაწყვიტა. იმედია, დასავლეთი აცნობიერებს, რა ტიპის პრობლემები დადგება ჩვენ წინაშე. კაცმა არ იცის, ამ გადაწყვეტილებას როგორ გაიგებს ჩვენი მეზობელი რუსეთი.

შემაშფოთებლად მომეჩვენა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადება, რომ ევროკავშირს არ შეუძლია მოლდოვა და უკრაინა ერთმანეთისგან გამიჯნოს, ხოლო საქართველო "გეოპოლიტიკურად განსხვავებულ ადგილზეა". მაკრონი უკრაინასთანაც ცდილობდა მოლაპარაკებას, რომ დაეთმო ტერიტორიის ნაწილი, რომ რუსეთი ღირსეულად გამოსულიყო ამ დაპირისპირებიდან. უკრაინამ არაფერი დათმო. საინტერესოა, საქართველოთი ხომ არ მოხდა ჩანაცვლება? არ არის გამორიცხული საქართველო ისევ აღმოჩნდეს დიდი მოთამაშეების გარიგების საგანი. როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, მაშინვე გამიჩნდა განცდა, რომ მარცხის შემთხვევაში დასავლეთი მოსკოვის დამშვიდებას საქართველოს დათმობით შეეცდებოდა.

ძალიან ცუდად მენიშნა საქართველოს აზერბაიჯანსა და სომხეთთან ერთ კონტექსტში მოხსენიებაც. წესით, ჩვენს ხელისუფლებას გაორმაგებული ძალისხმევით უნდა ემუშავა იმისთვის, რომ ტრიოდან არ ამოვვარდნილიყავით. გამაოცა ირაკლი კობახიძის განცხადებამ, ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭოს, ევროკავშირისკენ ხელისუფლების წინ გადადგმული ნაბიჯია და ეს ჩვენთვის დიდი მიღწევააო. მაშინვე სააკაშვილი გამახსენდა, რომ გვეუბნებოდა, მაპ-ი არა, მაპ-ზე უკეთესი მოგვცესო. საოცარი ქვეყანა გვაქვს - არაადეკვატური ხელისუფლებითა და უუნარო ოპოზიციით.

- რა წილი აქვს ოპოზიციას ამ არასასურველი რეალობის შექმნაში.

- ამ ამბავში მთავარი პრობლემა ის არის, რომ ბევრ საკითხზე ოპოზიციას ისეთივე დამოკიდებულება აქვს, როგორიც ხელისუფლებას. შეგახსენებთ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ევროპულმა საქართველომ" ხელი არ მოაწერეს. ესე იგი, ოპოზიციას კი უნდა დასავლეთი, მაგრამ რაც თავად არ აწყობს, ის არ სურს. ოპოზიციურ პარტიებს ბევრ სხვა ნაკლოვანებასთან ერთად ის პრობლემაც აქვთ, რომ მათი ელექტორატის განწყობები ერთმანეთს არ ემთხვევა. დღეს ოპოზიციონერი ამომრჩეველი მთლიანი ამომრჩევლის თითქმის 2/3-ია. ეს მართლაც არ არის ცოტა, მაგრამ ამ 2/3-ის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის მიუღებელია "ნაციონალური მოძრაობა".

აი, ამის გააზრება სჭირდება ოპოზიციას. მიუხედავად რთული ვითარებისა, თუ საქმე საქმეზე მიდგება, იმ 2/3-ის ნაწილი არჩევანს ისევ "ქართული ოცნების" სასარგებლოდ გააკეთებს. შესაბამისად, ოპოზიციას ახლა გაცილებით მეტი გონიერება მართებს, ვიდრე 2012 წელს. ლიდერები ძალიან დიდ შეცდომას უშვებენ, როდესაც ცრუმოლოდინს ქმნიან. ვერ იაზრებენ, რომ დღევანდელ ვითარებაში რადიკალიზმი და არასტაბილურობა ხელს უწყობს "ოცნებას. ხალხს არასტაბილურობა აფრთხობს, უკრაინაში ომი შიშს ჰგვრის და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ემორჩილება. ოპოზიციას მშვიდი, გონივრული, მაგრამ პრინციპული პოზიცია სჭირდება. ამასთანავე, სჭირდება კონსოლიდაცია და სტრატეგიის გადახედვა. დღეს უკვე გაისმა, თუ 2023-2024 წლებში ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი (ძალიან დიდი ალბათობით, ვერ მივიღებთ), პასუხი უნდა მოვთხოვოთ ხელისუფლებასო. ეს ის ხელისუფლებაა, რომელმაც ისედაც კარგად იცოდა, საითაც მიდიოდა საქმე. როდესაც ასეთ ძალასთან გაქვს საქმე, უფრო გონივრულად უნდა მოიქცე, ოპოზიცია კი არაფერს აკეთებს, გარდა იმისა, რომ ამომრჩეველს აშინებს. ამას ისიც ემატება, რომ ოპოზიციური მედია ოპოზიციას დათვურ სამსახურს უწევს...წაიკითხეთ სრულად