ავტორი:

"ყველას უნდა გვაინტერესებდეს, ხომ არ აქვს ხოშტარიას რუსულ რუბლებს კავშირი რუსულ ინტერესებსა და დღევანდელ აქციასთან" - მამუკა მდინარაძე

"ყველას უნდა გვაინტერესებდეს, ხომ არ აქვს ხოშტარიას რუსულ რუბლებს კავშირი რუსულ ინტერესებსა და დღევანდელ აქციასთან" - მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, დღევანდელი აქცია "შინ ევროპისკენ“ პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის მოწოდებას დეპოლარიზაციის შესახებ.

მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციონერი დეპუტატის, ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან განხორციელებულ გადმორიცხვებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ყველას უნდა გვაინტერესებდეს, ხომ არ აქვს ხოშტარიას რუსულ რუბლებს კავშირი რუსულ ინტერესებთან და დღევანდელ აქციასთანაც, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის მოწოდებას დეპოლარიზაციის შესახებ და რომლის ორგანიზატორებიც ცდილობენ ქართველი ხალხის არჩეული ხელისუფლება რუსეთთან გააიგივონ“.

"დღეს ჩვენს ქვეყანაში ყველაზე აქტუალურია კითხვა, ვინ ან რა უქმნის საქართველოს ხელოვნურ დაბრკოლებებს ევროინტეგრაციის პროცესში. მაშინ როდესაც, ევროკომისიის დასკვნაში პირველ პუნქტად მითითებულია დეპოლარიზაცია, ჩვენი ოპოზიციის ნაწილი აქციებისკენ მოუწოდებს ხალხს.

სხვათა შორის, დეპოლარიზაცია ერთადერთი პუნქტია, რომელიც არც უკრაინის და არც მოლდოვას მიმართ რეკომენდაციებში არანაირი ფორმით არ მოხვედრილა.

ამ ფონზე განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს კიდევ ერთი, უფრო კონკრეტული კითხვა: ვინ აკეთებს რუსულ საქმეს ამ ქვეყანაში, ვინ უწყობს ხელს რუსულ პროვოკაციებს, ვის აწყობს არეულობა, ქაოსი და ევროპული ინტეგრაციის შეფერხება...“, - განაცხადა მდინარაძემ.