ავტორი:

"ჩვენ მხოლოდ საქართველოდან მივდივართ, რადგან იქ ცოტა სხვა ვითარებაა“ - სანქცირებული რუსული ბანკი VTB საქართველოს ტოვებს

"ჩვენ მხოლოდ საქართველოდან მივდივართ, რადგან იქ ცოტა სხვა ვითარებაა“ - სანქცირებული რუსული ბანკი VTB საქართველოს ტოვებს

სანქცირებული რუსული ბანკი, VTB საქართველოდან გადის. ამის შესახებ "ინტერფაქსს“ ბანკის ხელმძღვანელმა, ანდრეი კოსტინმა განუცხადა.

კითხვაზე, თუ რა ბედი ეწევა ბანკის ფილიალებს დსთ-სა და აზიის ქვეყნებში, კოსტინმა განაცხადა, რომ ბანკი მხოლოდ საქართველოს ტოვებს, რადგან სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში "ცოტა სხვა ვითარებაა.“

"ერთი შემთხვევის გარდა, შვილობილ ბანკებს არსად არ ვყიდით. პრინციპული პოზიცია გვაქვს, რომ ყველგან დავრჩეთ. ჩვენ მხოლოდ საქართველოდან მივდივართ, რადგან იქ ცოტა სხვა ვითარებაა,“ - აცხადებს ანდრეი კოსტინი.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, მისი თქმით, VTB ბანკი რჩება აზერბაიჯანში, სომხეთში, ბელარუსში, ყაზახეთში, ჩინეთსა და ინდოეთში, სადაც ეროვნულ და ადგილობრივ ბანკებთან ურთიერთქმედებას ხელს შეუწყობს.

"ამ ქვეყნებში ჩვენი ბიზნესის პერსპექტივას ვხედავთ, რომ ორმხრივ ვაჭრობაში ეროვნული ვალუტით განხორციელებული ანგარიშსწორებისთვის ძირითადი ბანკი ვიყოთ,“ - აცხადებს კოსტინი.