ავტორი:

"მინდა, დადებითად შევაფასო პრემიერ-მინისტრის განცხადება" - სალომე ზურაბიშვილის მიმართვა და მისი მთავარი გზავნილები

"მინდა, დადებითად შევაფასო პრემიერ-მინისტრის განცხადება" - სალომე ზურაბიშვილის მიმართვა და მისი მთავარი გზავნილები

"მინდა მივმართო ხელისუფლებას და დადებითად შევაფასო ის განცხადება, რომელიც დღეს პრემიერის მხრიდან გაკეთდა", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი გამოსვლის იმ ნაწილს, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობას დამტკიცებისთანავე დაიწყებს.

ზურაბიშვილის თქმით, ღარიბაშვილის განცხადებას აქვს ის მიმართულება, რომელიც დღეს საქართველოს სჭირდება.

"ეს არის სწორი და ის მიმართულება, რომელიც ჩვენ გვჭირდება. იგივეს ვერ ვიტყვი ზოგიერთი პარტიული განცხადების შესახებ, რომელიც გაკეთდა წინა დღეებში და არანაირად არ წაადგება ჩვენს კანდიდატურას და ევროპულ მომავალს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველო თავისი ისტორიის გადამწყვეტ მომენტშია და ეს ყველამ უნდა გააცნობიეროს.

"იშვიათად თუ არის ერის ისტორიაში ასეთი გადამწყვეტი მომენტები და იშვიათად თუ იცი წინასწარ, რომ ეს დღეები იქნება გადამწყვეტი. ჩვენ ვართ ასეთ გადამწყვეტ მომენტში ჩვენი ისტორიისა და ალბათ, ეს ყველამ უნდა გავაცნობიეროთ. მე ჩემი მხრიდან ყველაფერს ვცდილობ ეს დღეები გამოვიყენოთ ჩვენი ინტერესების წინ წასაწევად.

ამდენად, როგორც მე გასულ კვირასაც მოგახსენეთ, ყველა ჩემ კოლეგასთან ვაგზავნი წერილებს, რათა ჩვენი ინტერესები დავიცვა ევროპული საბჭოს გადამწყვეტ სხდომამდე ჩვენი ბოლო არგუმენტები რომ წარვადგინო, ასევე ჩვენ ჩავწერეთ უკვე და გავუშვებთ „ტვიტერზე“ ჩემს მიმართვებს ასევე ჩვენ კოლეგებთან, რომ ამ ფორმითაც მივმართო მათ. ყველა უნდა იყოს გაფრთხილებული, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს კვირა საქართველოსთვის, მისი ევროპული მომავლისთვის. ჩვენ ვნახეთ ევროპული კომისიის რეკომენდაცია, რომელიც ევროპულ საბჭოს რეკომენდაციას აძლევს მოგვანიჭოს ევროპული პერსპექტივა, რაც ძალიან დიდი რამ არის და ალბათ, ამაზე არც ვიოცნებებდით ცოტა ხნის წინ. ჯერჯერობით კანდიდატის სტატუსს არ გვანიჭებენ, მაგრამ გვაძლევენ ამის იმედს, თუკი ჩვენ იმ რეფორმებს და ნაბიჯებს გადავდგამთ, რაც ჩვენ გვევალება. მინდა ყველას გთხოვოთ, რომ ამ დღეებში ყველაფერი გავაკეთოთ, რაც ჩვენს ძალებშია, რომ ჩვენი თავი წარვადგინოთ, როგორც ღირსეული ევროპული ქვეყანა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღევანდელი აქციის „შინ ევროპისკენ“ მშვიდ ვითარებაში ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

პრეზიდენტმა ასევე სამართალდამცავებს მიმართა, რომ წესრიგი უზრუნველყონ.

"მინდა ყველას გთხოვოთ, ამ დღეებში ყველაფერი გავაკეთოთ, ის, რაც ჩვენს ძალებშია, რომ ჩვენი თავი წარვადგინოთ, როგორც ღირსეული, ევროპული ქვეყანა. მინდა მივესალმო ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს დემონსტრაციის დროს გამოსვლას აპირებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ჩვენი სახე ვაჩვენოთ და ეს სახე უნდა იყოს მშვიდი. ჩვენ ვიცით, რა გვინდა, როგორი ევროპა გვინდა და როგორი საქართველო. ეს არის ის, რაც უნდა ვაჩვენოთ.

მინდა კიდევ ერთხელ მივმართო ყველას, რომ არავინ მოვიდეს რამე ექსცესებისთვის და მივმართო სამართალდამცველებს, რომ ყველანაირად შენარჩუნებული იყოს სიმშვიდე, რამეთუ მშვიდი კადრები იქნება ის, რაც ევროპის ყველა ეკრანზე გავა. ეს იქნება იმ გადაწყვეტილების ერთ-ერთი ნაწილი, რაც არის მისაღები“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.