ავტორი:

"უნდა დავანახოთ ყველას და მათ შორის რუსეთს, რომ საქართველოში მზე ჩრდილოეთიდან არასოდეს ამოვა" - ეკა გიგაური

"უნდა დავანახოთ ყველას და მათ შორის რუსეთს, რომ საქართველოში მზე ჩრდილოეთიდან არასოდეს ამოვა" - ეკა გიგაური

"მთავრობას ეშინია ხალხის, ამიტომ ცდილობს დაგვანაწევროს, ერთმანეთი შეგვაძულოს იმისთვის, რომ მათ არ ვთხოვოთ ერთი რამ - რომ ჩვენ 6 თვეში უნდა დავუახლოვდეთ ევროპას! უნდა დავანახოთ ყველას და მათ შორის რუსეთს, რომ საქართველოში მზე ჩრდილოეთიდან არასოდეს ამოვა!" - ასე მიმართა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს.

როგორც გიგაურმა აღნიშნა, ქართულმა საზოგადოებამ უნდა აიძულონ გადაწყვეტილების მიმღები პოლიტიკოსები, რომ იმოქმედონ, გადადგან ნაბიჯი ევროპისკენ და გააკეთონ ყველაფერი, რათა ისტორიული შანსი არ დავკარგოთ.

"ძალიან დიდი მადლობა, რომ თქვენ არ გჯერათ იმ რუსული, სამთავრობო პროპაგანდის, რომელიც გვეუბნება - ჩვენს ხელში ჩვენი მომავალი არ არის, რომელიც გვეუბნება, რომ ჩვენ არა ვართ ევროპის ღირსები, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენა არ გავერთიანდეთ, დავუპირისპირდეთ ერთმანეთს, რომ შევიძულოთ ერთმანეთი. დიდი მადლობა, რომ თქვენ ამას არ აჰყევით და აქ ხართ. თქვენ დღეს მოუსმინეთ ევროპის პარლამენტის წევრების გამოსვლებს. ესეც არის სამთავრობო პროპაგანდის ნაწილი, რომ თითქოს ისინი არ ზრუნავენ ქართველ ხალხზე, თითქოს ისინი არ ცდილობენ ყოველდღე, რომ გააკეთონ ყველაფერი, რათა თითოეულმა მოქალაქემ იცხოვროს კარგად ჩვენ ქვეყანაში, იმისთვის, რომ ჩვენ გავხდეთ ევროპული ოჯახის ნაწილი, იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს უკეთესი განათლება, უკეთესი ჯანდაცვა, უკეთესი შემოსავალი. ამ მთავრობის მიზანია, რომ ვიფიქროთ, თითქოს ქვეყნის გარეთ მეგობრები არ გვყავს, სინამდვილეში, ძალიან ბევრს ვუყვარვართ და ბევრი ცდილობს უკეთესი ქვეყანა გვქონდეს. ჩვენ ეს მათ უნდა დავუფასოთ.

ისინი ჩვენ გვეუბნებიან, რომ ყველაფერი ჩვენს ხელშია. ევროპამ გვითხრა, რომ ჩვენ არ ვენდობით საქართველოს მთავრობას, მაგრამ ჩვენ ვენდობით ქართველ ხალხს. ქართველი ხალხის ხელშია ჩვენი ქვეყნის მომავალი. ჩვენ ერთად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ვიყოთ ევროპული ოჯახის წევრები, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში აღარ გვყავდეს ისეთი მთავრობა, რომელიც არ იზრუნებს ჩვენზე, არ იზრუნებს ჩვენი ქვეყნის მომავალზე, არ იზრუნებს რომ გავხდეთ ევროპის ნაწილი. დღეს, სამწუხაროდ, ასეთი მთავრობა გვყავს. ამიტომ კიდევ ერთხელ ღრმად უნდა ამოვისუნთქოთ, უნდა დავდგეთ ერთად და გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ თითოეულ პოლიტიკოსს, ვის ხელშიც არის გადაწყვეტილებები იმოქმედონ და გადადგან ნაბიჯი ევროპისკენ, რომ გააკეთონ ყველაფერი, რათა ეს ისტორიული შანსი არ დავკარგოთ. მთავრობას ეშინია ხალხის, ამიტომ ცდილობს დაგვანაწევროს, ერთმანეთი შეგვაძულოს იმისთვის, რომ მათ არ ვთხოვოთ ერთი რამ - რომ ჩვენ 6 თვეში უნდა დავუახლოვდეთ ევროპას! ეს ძალიან პატარა ვადაა, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისთვის. ამასთანავე, უნდა დავანახოთ ყველას და მათ შორის რუსეთს, რომ საქართველოში მზე ჩრდილოეთიდან არასოდეს ამოვა!“ , - განაცხადა ეკა გიგაურმა.