ავტორი:

"ოპოზიციას ძალიან ჭკვიანური მოქმედება სჭირდება, რომ ქუჩაში დაწყებული პროტესტი სახლებში არ შეაბრუნოს" - რა აჩვენა გუშინდელმა აქციამ და რას უნდა ველოდოთ 24-ში?

"ოპოზიციას ძალიან ჭკვიანური მოქმედება სჭირდება, რომ ქუჩაში დაწყებული პროტესტი სახლებში არ შეაბრუნოს" - რა აჩვენა გუშინდელმა აქციამ და რას უნდა ველოდოთ 24-ში?

ოპოზიციას ძალიან ჭკვიანური მოქმედება სჭირდება, რომ ქუჩაში დაწყებული პროტესტი ისევ სახლებში არ შეაბრუნოს, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ვახტანგ ძაბირაძემ "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისი შეფასებით, გუშინდელმა აქციამ "შინ ევროპისკენ“ აჩვენა, რომ საზოგადოება პროტესტს გამოთქვამს იმ პოლიტიკის მიმართ, რასაც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ახორციელებს.

ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ საქართველოს მოსახლეობის აზრი უნდა გაითვალისწინოს.

"როდესაც აქციის ორგანიზატორების მხრიდან სწორი მესიჯები მიდის, საზოგადოებაში შესაბამისი რეაქცია არის. ამიტომ, აქცია ძალიან მრავალრიცხოვანი იყო. ასეთი მასშტაბური აქცია კარგა ხანია არ მინახავს. ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოების ევროპული ორიენტირის ტემპი ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, ეს იყო პროტესტი იმ პოლიტიკის მიმართ, რასაც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ახორციელებს.

აქცია თითქმის ყველა წამყვანმა მედიასაშუალებამ გააშუქა. მეორე მხრივ, საქართველოს ხელისუფლებას აღარ აქვს საქმე ისე, როგორც თუნდაც 6 თვის წინ ჰქონდა. ვითარება აჩვენებს, რომ მოსახლეობაში საპროტესტო მუხტი საკმაოდ იზრდება და ძალიან ახლოს არის საზოგადოება იმასთან, რომ პრობლემები გადალახოს და ოპოზიციური ამომრჩეველი გაერთიანდეს. ვფიქრობ, ეს საქართველოს ხელისუფლებამ ყურად უნდა იღოს და შესაბამისი ზომები მიიღოს.

დიდი ალბათობით, კანდიდატის სტატუსს არ მოგვანიჭებენ. თუ ოპოზიციამ ისევ ძველი მეთოდით გააგრძელა ბრძოლა, დაიწყო პერმანენტული აქციები და ა.შ. მაშინ ის იმ მუხტსაც ჩაახშობს, რომელიც გუშინდელ აქციაზე გაჩნდა. ოპოზიციას ძალიან ჭკვიანური მოქმედება სჭირდება, რომ ქუჩაში დაწყებული პროტესტი ისევ სახლების არ შეაბრუნოს“,-განაცხადა ძაბირაძემ.

ამასთან, მან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება შეაფასა, რომლის აზრით,"უნდა შეიქმნას ტექნიკური მთავრობა, რომელიც ქართველი ერის ნების გამომხატველ არჩევნებს ევროკავშირის კონტროლის ქვეშ ჩაატარებს“.

"თუ ოპოზიციას იმის ძალა ეყოფა, რომ ტექნიკურ მთავრობამდე მიიყვანოს საქმე, მაშინ აქ არავითარი ევროპული არჩევნები არ იქნება. როგორც წესი, როდესაც ამ დონეზე არის მისული ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობა, იქ ყოველთვის ხდება ხელისუფლების ცვლილება. ამიტომ, თუ ტექნიკურ მთავრობამდე მივიდა საქმე, მერე საუბარი ევროპულ არჩევნების ჩატარებაზე და ა.შ. ეს გამორიცხულია. ისეთივე არჩევნები ჩატარდება, როგორიც იყო 2003 წელს ან 2012 წელს. სამწუხაროდ, შეიძლება ზუსტად იგივე პროტესტი გაგრძელდეს, რაც ამ პერიოდში იყო“,-განაცხადა ძაბირაძემ.

მისი შეფასებით, ახლა საქართველოში პერმანენტული აქციების დრო არ არის.

"საპროტესტო აქცია შეიძლება 24 ივნისს იყოს, მაგრამ პერმანენტული აქციების დრო არ არის, რადგან პოლიტიკურად ძალიან ცუდი პერიოდია. თუ ეს აქციები ჩაფლავდება, არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არ იქნება. როდესაც ოპოზიცია შეხედავს, რომ ზღვა ხალხი მოაწყდა, მაშინვე რადიკალური ქმედებებისკენ წასვლას იწყებს. იმას აღარ უკვირდება, რომ ეს ხალხი ერთხელ კი მოვიდა, მაგრამ თანახმაა, რომ ივლისი და აგვისტო იაროს?!

ზოგადად, გუშინდელი აქცია ოპოზიციისთვის წარმატებული იყო, მაგრამ როგორ გაგრძელდება, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. თუ პერმანენტული აქციები დაიწყება, იმდენად დიდი იქნება იმედგაცრუება, რომ რიგგარეშე არჩევნები კი არა, საერთოდ, ოპოზიცია განულდება, რადგან გუშინდელი შეკრება ერთჯერადი, კარგი აქცია იყო, სწორად დაგეგმილი და სწორი მიმართულებით წაყვანილი. ამიტომ, საჭიროა ზუსტი, ფრთხილი და გათვლილი სტრატეგია, რომ შედეგს მიაღწიონ“,-განაცხადა ძაბირაძემ.

ფოტოები: ინტერპრესნიუსი