ავტორი:

მეუღლის სამსახური "ქართუში" და 229 ათას ლარად ნაყიდი ბინა - რა ქონებას ფლობს სამგორის გამგებელი, რომელმაც 20 ივნისის აქციის მონაწილეებს შეურაცხმყოფელი პოსტი მიუძღვნა

მეუღლის სამსახური "ქართუში" და 229 ათას ლარად ნაყიდი ბინა - რა ქონებას ფლობს სამგორის გამგებელი, რომელმაც 20 ივნისის აქციის მონაწილეებს შეურაცხმყოფელი პოსტი მიუძღვნა

გუშინ, სამგორის გამგებელმა კახა სამხარაძემ მისი თაობის ხალხი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია. 20 ივნისის აქციის მონაწილეებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა, რომ მისი თაობიდან ვინც აქციაზე იყვნენ, მაგარი ს…-ები და ქვეყნის მტრები არიან.

"ვფიქრობდი დამეწერა, რომ აქციაზე გასვლას თუ აპირებთ, ნუ დაუშვებთ შეცდომას, მაგრამ ვიფიქრე, მე ჩემს თაობაზე მაქვს აქცენტი, რომ ჩემმა თაობამ ბევრი ჭირ-ვარამი გადავიარეთ და ყველაფერი სწორად შევაფასეთ და იმედი მქონდა, რომ თქვენ შვილებს, გვერდზე მდგომებსაც შეუძახებდით შეცდომა არ დაეშვათ!

მე არ ვიცი, ვინ როგორ მოიქცა, მაგრამ დღეს იქ ვინც მივიდა, მე ისევ ვიმეორებ, ჩემს თაობას ვეუბნები, მაგარი ს…-ები ხართ, ქვეყნის მტრები ხართ და ვისაც გინდათ პასუხი პირადად გაგცეთ, მზად ვარ ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე შევხვდეთ, ვისაც გეტკინათ“, - წერს სამგორის გამგებელი სოციალურ ქსელში.

აქვე დაამატა, რომ პასუხის გასაცემად მზად იყო მათთან ნებისმიერ სივრცეში შესახვედრად. თუმცა. მას შემდეგ, რაც მის პოსტს მწვავე კრიტიკა და კომენტარები მოჰყვა, გამგებელმა პოსტი წაშალა.

ვინ არის კახა სამხარაძე?

კახა სამხარაძე სამგორის გამგებლის პოსტს 2019 წლიდან იკავებს. მანამდე კი 2017-2018 წლებში სამცხე ჯავახეთისა და შიდა ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორი გახლდათ.

"ოცნების“ გამგებელმა, რომელიც პოპულარული სკანდალური განცხადებებით გახდა, დეკლარაცია 2022 წელს შეავსო. სამხარაძეს ჰყავს მეუღლე ნინო ხიდეშელი და სამი შვილი, თამარი, გიორგი და მარიამი.

საჯარო მოხელის დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ სამხარაძის მეუღლეს 2021 წელს 14,36 კვ.მ ბინა ჩუქებით გადაეცა. მეორე ბინა, რომელიც იგივე მისამართზე ფიქსირდება და მისი ფართი 127,31 კვ.მ. შეადგენს, 2012 წელს ასევე ჩუქებით აქვს გადაცემული. ნინო ხიდეშელის მფლობელობაშია 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი სოფელ ორბეთში, რომელიც ქალს 2011 წელს აჩუქეს.

კახა სამხარაძემ 2021 წელს თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე 240 კვ.მ. ბინა 229 ათას ლარად შეიძინა, ამისთვის კი დეპუტატმა ბანკიდან სესხი გამოიტანა.

გამგებლის უფროსმა შვილმა 2021 წელს მსუბუქი ავტომანქანა HYUNDAI accent 4300 დოლარად შეიძინა. დეკლარაციის შევსების მომენტში ნინო ხიდეშელს საქართველოს ბანკის საკრედიტო ანგარიშზე გქონდა 1975,34 ლარი, მიმდინარე ანგარიშზე 106,98 ლარი, ქართუ ბანკის სახელფასო ანგარიშზე კი 551,63 ლარი.

კახა სამხარაძეს თიბისი ბანკის სახელფასო ანგარიშზე გქონდა 11,95 ლარი, საქართველოს ბანკის სახელფასო ანგარიშზე 1178,17 ლარი. ნინო ხიდეშელს toyota highalnder-ის გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავალი შეადგენს 7300 დოლარს. კახა სამხარაძემ 2021 წელს სახელფასო სარგოს სახით 49 598,72 ლარი მიიღო.

ნინო ხიდეშელის ხელფასმა კი ერთ კალენდარულ წელიწადში 197 000 ლარი შეადგინა. გამგებლის მეუღლეს დეკლარაციაში სამსახური მითითებული არ აქვს.

თუმცა ერთი წლით ადრე შევსებულ დეკლარაციას თუ გადავხედავთ, ხიდეშელი შპს ქართუს ლოჯისტიკის ადმინისტრაციული მენეჯერია. გამგებლის მეუღლეს სოციალურ ქსელში სამუშაო ადგილად დღემდე „ქართუ ჯგუფი“ აქვს მითითებული.