ავტორი:

"ეს მისი პირადი სივრცეა..." - როგორ ეხმაურება კახა კალაძე სამგორის გამგებლის პოსტს 20 ივნისის აქციაზე?

"ეს მისი პირადი სივრცეა..." - როგორ ეხმაურება კახა კალაძე სამგორის გამგებლის პოსტს 20 ივნისის აქციაზე?

ყველა ადამიანს აქვს პირად სივრცეში აზრის გამოხატვის უფლება, - ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი, კახა კალაძე სამგორის რაიონის გამგებლის, კახა სამხარაძის პოზიციას, რომელმაც აქციის, „შინ ევროპისკენ“ მონაწილეებს შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა.

კალაძის თქმით, გამგებლის განცხადება „შეიძლება მისთვის მოსაწონი არ იყო, მაგრამ ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დაცულია“.

"მე შეიძლება, ეს განცხადება არ მომეწონა, ვიღაცას შეიძლება მოეწონა, ეს მისი პირადი სივრცეა და თავის პირად სივრცეში ადამიანი რასაც უნდა, იმას დაწერს. შეიძლება ჩემთვის არ იყო მოსაწონი, თუმცა, ამ ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება უმაღლეს დონეზეა დაცული, ჩვენ ეს 2012 წელს მოვახერხეთ, როცა ხელისუფლების ცვლილება მოხდა, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ყოველთვის უმაღლეს დონეზეა.

შეიძლება ჩემთვის მოსაწონი არ იყო, შეიძლება ვიღაცისთვის მოსაწონი იყო, ვიღაცას კიდევ უფრო არ მოეწონა, კიდევ უფრო გაღიზიანდა, მაგრამ სიტყვის თავისუფლება ეს მისი პირადი სივრცეა. სიძულვილის ენა კატეგორიულად მიუღებელია და ამაზე, როცა მითითებებს გაძლევს კონკრეტულად ის ადამიანები, ის ტელევიზიები, საიდანაც ყოველდღიურად სიბინძურის ნიაღვარი მოდის, სიძულვილის ენა, შეურაცხყოფები, ოჯახზე შეურაცხყოფები, ოჯახზე თავდასხმები მოდის, რა თქმა უნდა, ამ ადამიანებისგან მიუღებელია, ამ ადამიანებს ევროპასთან და ევროპულ ღირებულებებთან კავშირი არ აქვთ, რადგან ესენი არიან ადამიანები, რომლებიც იყვნენ მთავარი შემოქმედი იმის, რომ ადამიანს, რომელიც ჩვენებას იძლეოდა, ამ ჩვენებას აღეჭვინებდნენ და აჭმევდნენ.

ესენი იყვნენ ის ადამიანები, ვისაც ციხიდან გამოჰყავდა ხალხი და მანქანაზე გაკოჭილს აუპატიურებდნენ, ესენი იყვნენ ადამიანები, ვისაც ადამიანები გამოჰყავდათ ციხიდან და ბიზნეს აფორმებინებდნენ, ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც ახალგაზრდებს ქუჩაში ხოცავდნენ. რა თქმა უნდა, ამ ადამიანებს არანაირი კავშირი არ აქვთ არც დემოკრატიულ ღირებულებებთან, არც ევროპასთან და არც ევროპულ ღირებულებებთან.

ნებისმიერ ადამიანს აქვს თავის პირად სივრცეში თავისი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა, ეს არის მისი პირადი სივრცე, შესაბამისად, მის პირად სივრცეში, რაც უნდა ის გაუკეთებია.

მეც არ მომწონს ჟურნალისტები შეურაცხყოფაზე რომ გადმოდიხართ თქვენი სტატუსებით. არ მომწონს, როცა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები თავიანთ სოციალურ ქსელში, თავიანთ მედიაში პირად შეურაცხყოფაზე და ბილწსიტყვაობაზე რომ გადმოდიან. არ მომწონს რა თქმა უნდა და მიუღებელია, შესაბამისად, ჩვენ ყველა ერთად უნდა გავერთიანდეთ, რომ სიძულვილის ენას ვებრძოლოთ და ეს ყველაფერი შევაჩეროთ“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, სამგორის გამგებელმა კახა სამხარაძემ გუშინ გამართული აქციის, „შინ ევროპისკენ“ მონაწილეები სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელად მოიხსენია. სამარაძის თქმით, "ადამიანები, რომლებიც აქციაზე მივიდნენ, ს..-ები და ქვეყნის მტრები არიან".