ავტორი:

"საქართველოში, სადაც ითვლება, რომ რუსეთის მიმართ ლოიალურად განწყობილი ხელისუფლება ჰყავთ, მრავალათასიანი აქცია გაიმართა" - როგორ ეხმაურებიან აფხაზები გუშინდელ აქციას?

"საქართველოში, სადაც ითვლება, რომ რუსეთის მიმართ ლოიალურად განწყობილი ხელისუფლება ჰყავთ, მრავალათასიანი აქცია გაიმართა" - როგორ ეხმაურებიან აფხაზები გუშინდელ აქციას?

20 ივნისს, თბილისში, პარლამენტის წინ ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად გამართულ მრავალათასიან აქციას, მსოფლიო მედიისა და ინტერნეტმომხმარებლების კვალდაკვალ, ოკუპირებული რეგიონიდანაც მოჰყვა გამოხმაურება.

ისტორიკოსი ზურაბ შენგელია სოციალური ქსელის თავის გვერდზე წერს: "წინ, მეგობრებო!.. ჩვენ თქვენთან ვართ!.. - ასეთი ზარი იყო წუხელ აფხაზეთიდან, ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს?!"

მის პოსტს მაშინვე მოჰყვა სხვა აფხაზის კომენტარი, რომელიც დაკონკრეტებას ითხოვდა, კერძოდ, ვისგან იყო ზარი და რას ნიშნავდა.

იმის მიუხედავად, რომ ე.წ. პროსახელისუფლებო მედია მუდმივად ცდილობს, ისე წარმოაჩინოს, თითქოს საქართველოს ამბები აფხაზეთის მოსახლეობისთვის უინტერესო თემაა, გუშინდელ აქციის გარშემო, სოციალურ ქსელში დაწყებული განხილვები და გამოხმაურებები სრულიად საწინააღმდეგოს ამტკიცებს...

დავიწყოთ იმით, რომ ე.წ. სახელისუფლებო ფრთაში უკიდურესად უარყოფით შეფასებები მოჰყვა ყაზახეთის პრეზიდენტის შეფასებას, რომელიც ყასიმ-ჟომართ თოყაევმა პეტერბურგში, 17 ივნისს გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე გააკეთა.

მაშინ თოყაევმა განაცხადა, რომ ყაზახეთი არ აღიარებს დონეცკსა და ლუგანსკს, ასევე, ტაივანს, კოსოვოს, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს, ვინაიდან ერების მიერ თვითგამორკვევის პრინციპის ფართოდ გამოყენების პრაქტიკამ, შესაძლოა, მსოფლიოში ქაოსი გამოიწვიოს...

აფხაზები წერენ, რომ უკრაინის ომით რუსეთის ხელისუფლებამ მოახერხა და ძველ მოკავშირეებთანაც კი გაიფუჭა ურთიერთობა. მათ შორის არის ყაზახეთი, ასევე ბელარუსი, რომელიც თოყაევისგან განსხვავებით, გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ღიად არ აფიქსირებს პოზიციას, მაგრამ რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკას არ ეთანხმება.

"იგივეა სომხეთის შემთხვევაში. კრემლის გუნდის ხისტმა პოლიტიკამ ძველ მოკავშირეებს ახალი, ანტირუსული პოლიტიკური ინტერესები გაუჩინა, ისინი თანდათან შორდებიან, კედელს აშენებენ ან სულაც ომს უცხადებენ რუსეთს. საქართველოში, სადაც ითვლება, რომ რუსეთის მიმართ ლოიალურად განწყობილი ხელისუფლება ჰყავთ, გუშინ მრავალათასიანი აქცია გაიმართა, ევროპაში შესვლის მოთხოვნით, მათ შორის იყვნენ მმართველი პარტიის წევრებიც. ეს კი სიახლეა", - წერენ აფხაზები.

"ახლა მსოფლიოში ყველაზე კარგი ორგანიზაცია არის ევროკავშირი, რომელიც მისი წევრი ქვეყნის მოქალაქეებს თანაბარ კეთილდღეობას, კანონის უზენაესობას, სამართლიან გარემოს ჰპირდება... ჩვენ კი სად ვართ ამ ნავში, არც გვაინტერესებს, ისევ რუსეთთან ვართ მიბმული ყველაფრით - ეკონომიკურად, კანონით, სოციალური პროექტებით. ჯოხით დავდევთ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს და დემოკრატიაზე ვსაუბრობთ. გასაგებია, რომ არ გვინდა საქართველოსთან. ჩვენი პოლიტოლოგები საუბრობენ, რომ ჩვენი არჩევანი ევროპაა, მაგრამ ამისთვის არაფერს ვაკეთებთ", - წერს ინტერნეტმომხმარებელი ირაკლი სუხუმსკი.

"ვისაც ევროპა უნდა და იქ წასვლის შესაძლებლობა აქვს, ისედაც არ იკლებს. იღებს საქართველოს მოქალაქეობას და ევროკავშირის ქვეყნებსაც სტუმრობს, სამკურნალოდ, ან სხვა საჭიროებისთვის. იმ კატეგორიისთვის კი, ვინც რუსულ პენსიაზე ვართ დამოკიდებული, კიდევ დიდხანს არ გათენდება", - წერს მარიკა ჯალაღონია.

"ამას წინათ ჩვენი თავდაცვის მინისტრის ოფიცრის, ალექსანდრე ჟვანიას ინტერვიუ წავიკითხე, რომელიც საქართველოსთვის უპილოტო აპარატების გადაცემასა და ამ ქვეყნიდან მოსალოდნელ თავდასხმაზე საუბრობდა. ბელარუსის პრეზიდენტის, ლუკაშენკოს ცნობილი ფრაზა გამახსენდა და ჩვენებურ ვერსიას შემოგთავაზებთ - А я вам сейчас покажу откуда на Абхазию готовилось нападение. И если бы за 6 часов... ეს არის ზღაპარი, რომლითაც ამდენი წელია გვკვებავენ", - წერს ინტერნეტმომხმარებელი მაიკ მაიერსი.

ასევე ნახეთ: