ავტორი:

"არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ დამრიგებლის როლში გამოვდივარ..." - კალაძე სამგორის გამგებლის პოსტზე კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს

"არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ დამრიგებლის როლში გამოვდივარ..." - კალაძე სამგორის გამგებლის პოსტზე კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს

ყველას გაქვთ თქვენს პირად სივრცეში თქვენი მოსაზრების გამოხატვის უფლება, ამას ვერავინ შეეხება, თუმცა ამავდროულად უნდა გვახსოვდეს, რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს, უამრავი მხარდამჭერი გვყავს და ეს პასუხისმგებლობა კარგად გავითავისოთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე სამგორის გამგებლის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

მისი თქმით, მთავარი და უზენაესი ქვეყნის ინტერესებია და მან თავისი გუნდის წევრებს მხოლოდ ქვეყნის და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებებისკენ მოუწოდა.

"გუშინ კახა სამხარაძეს თავის პირად გვერდზე სტატუსი ჰქონდა გამოქვეყნებული. მე გუშინ ამასთან დაკავშირებით განმარტებები გავაკეთე. ეს მისი პირადი სივრცეა, ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დაცულია. მე შეიძლება რაღაცები არ მომეწონა, ვიღაცას შეიძლება მოეწონა, ვიღაცა შეიძლება უფრო მეტად გაბრაზდა, ვიღაცა ნაკლებად, მაგრამ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, მით უმეტეს, პირად სივრცეში, ხელშეუხებელია.

თუმცა ზოგადად ჩემი თხოვნა იქნება, პირველ რიგში, ჩემი გუნდის წევრების მიმართ, რომ გვახსოვდეს, რომ ჩვენ ბევრად უფრო დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ მთავარი და უზენაესი ქვეყნის ინტერესებია და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესებით ვიმოქმედოთ. ამიტომ ყველამ გავითვალისწინოთ ეს.

მე არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ დამრიგებლის როლში გამოვდივარ, კიდევ ვიმეორებთ, ყველას გაქვთ თქვენს პირად სივრცეში თქვენი მოსაზრების გამოხატვის უფლება, ამას ვერავინ შეეხება, თუმცა ამავდროულად უნდა გვახსოვდეს, რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს, უამრავი მხარდამჭერი გვყავს და ეს პასუხისმგებლობა კარგად გავითავისოთ,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, სამგორის გამგებელმა კახა სამხარაძემ 20 ივნისს გამართული აქციის, „შინ ევროპისკენ“ მონაწილეები სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფლად მოიხსენია.

„იქ ვინც მივიდა, ჩემს თაობას ვეუბნები, მაგარი ს…-რები ხართ, ქვეყნის მტრები ხართ და ვისაც გინდათ პასუხი პირადად გაგცეთ, მზად ვარ ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე შევხვდეთ, ვისაც გეტკინათ“, - დაწერა სამგორის გამგებელმა.