ავტორი:

"მისტიური საქართველო" - სამცხე-ჯავახეთში გადაღებული ფილმის საერთაშორისო აღიარება: რას ჰყვება რეჟისორი, რომლის პროექტებს 35 ქვეყანაში უყურებენ?

"მისტიური საქართველო" - სამცხე-ჯავახეთში გადაღებული ფილმის საერთაშორისო აღიარება: რას ჰყვება რეჟისორი, რომლის პროექტებს 35 ქვეყანაში უყურებენ?

თურქეთში, ქალაქ გაზიანტეფში საერთაშორისო ტურისტული ფილმების ფესტივალი ჩატარდა, სადაც სატელევიზიო საერთაშორისო პროექტმა საქართველოდან "გელოდებით სტუმრად", ოქროს ჯილდო მოიპოვა.

  • რეჟისორის და პროდიუსერის ირინა ხანგოშვილის საავტორო პროექტი უკვე 8 წელია, საქართველოს ფარგლებს გარეთ გადის, რომელმაც არაერთ ქვეყანაში მოიპოვა მაყურებლის სიყვარული და ბევრი საერთაშორისო ჯილდო.

წამყვანთან, ცნობილ ჟურნალისტ ზურაბ დვალთან და ოპერატორ თეიმურაზ გაბაშვილთან ერთად, ჯგუფს დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქვეყნის პოპულარიზაციასა და ტურიზმის განვითარებაში.

შექმნილი აქვთ 300-ზე მეტი სატელევიზიო პროექტი, მათგან უმეტესი საქართველოს სხვადასხვა რეგიონშია გადაღებული. ამჯერად ჯილდო მოიპოვა ფილმმა "მისტიური საქართველო", რომელიც სამცხე ჯავახეთშია გადაღებული. პროექტი მაუწყებლობს ამერიკულ რადიო თავისუფლების (Radio Liberty) რუსულენოვან არხზე «რეალური დრო» («Настоящее время») და ასევე 35 პარტნიორ სატელევიზიო არხზე არაერთ ქვეყანაში და ჰყავს 100-მილიონიანი აუდიტორია.

ირინა ხანგოშვილი, პროექტის ავტორი, რეჟისორი და პროდიუსერი:

- ყველა ქვეყანაში არსებობს ტურისტული ფილმების ფესტივალი. არსებობს ორგანიზაცია, რომელთანაც შერწყმულია ეს ტურისტული ფესტივალი. მათთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ და ვცდილობთ, ნამუშევრები საქართველოს ფარგლებს გარეთ გავიტანოთ. ასე რომ, ჩვენი პროდუქტი, რაც საქართველოშია გაკეთებული, უმეტესად საერთაშორისო ფესტივალებზე გაგვაქვს. მოპოვებული გვაქვს არაერთი ჯილდო. ამჯერად მეექვსე ჯილდო გადმოგვეცა.

სამი წლის განმავლობაში ჯილდო გადმოგვეცა საბერძნეთში, ტურისტული ფილმების ფესტივალზე, რომელიც კუნძულ ამორგოსზე ტარდება, ასევე გადმოგვცეს რიგაში, სადაც არაჩვეულებრივი ტურისტული ფილმების ფესტივალი იყო, - მთავარი ჯილდო მივიღეთ, ასევე ბულგარეთში, პორტუგალიაში...

- მოკლედ, საინტერესოდ მუშაობთ და თქვენი ნამუშევარიც ფასდება. შესაბამისად დიდი და კარგი გამოცდილებაც დააგროვეთ. ამჯერად ჯილდო ფილმისთვის "მისტიური საქართველო“ მიიღეთ. მოგვიყევით ამ პროექტზე...

- ოქრო ჯილდო აიღო ფილმმა სამცხე-ჯავახეთზე. მოგეხსენებათ, ამ კუთხეში როგორი მისტიკური ადგილებია. როდესაც იქ გადავწყვიტეთ გადაღება, პროექტში უფოლოგი ერეკლე შონია ჩავრთეთ, ჩვენი თანაწამყვანი გახდა. ეს იმისთვის, რომ მაყურებლისთვის ეს კუთხე თავისი მხრიდან გაეცნო... მოკლედ, პროექტში ბევრი რამ არის ჩართული - ისტორია, კულტურა, გეოგრაფია, გასტრონომია, ტრადიციები, მისტიკა, ლეგენდები, თანამედროვე ცხოვრება... თვეში ორ გადაცემას ვამზადებთ, მისი ქრონომეტრაჟი 26 წუთია - ეს არის სრული დოკუმენტური ფილმი. იშვიათი შემთხვევაა, როცა ასეთ პროექტზე ჯგუფში სამნი ვართ - მე, საოცარი წამყვანი, ცნობილი ჟურნალისტი ზურაბ დვალი და არაჩვეულებრივი ოპერატორი თეიმურაზ გაბაშვილი.

ბატონი ზურაბი პროექტში მონაწილეობას სიამოვნებით დათანხმდა. ჩვენი მიზანია, საქართველოს რეგიონების მაქსიმალური პოპულარიზაცია და მისი ყველა მხრიდან წარმოჩენა. ვცდილობთ, ასევე ვიპოვოთ საინტერესო ადამიანები, რომლებიც ამა თუ იმ კუთხის შესახებ ამბებს მოგვითხრობენ.

პროექტი 8 წლის წინ შეიქმნა, ერთი წელი სხვადასხვა არხთან ვურთიერთობდით. 7 წელიწადია, აქტიურად ვთანამშრომლობთ „რადიო თავისუფლების“ ბაზაზე არსებულ რუსულენოვან არხთან "რეალური დრო“. კომპანია ჩვენი პროექტით დაინტერესდა და თანამშრომლობა შემოგვთავაზეს. რა თქმა უნდა, დავთანხმდით.

არხს აქვს საშუალება, პროექტი 35 ქვეყანაში გაავრცელოს. "რეალურ დროზე“ როცა ჩვენი გადაცემა გადის, პარალელურად მისი ნახვის საშუალება ადამიანებს 35 ქვეყანაში აქვთ. ისრაელში არსებობს რუსულენოვანი არხი „მე-9 არხი“ (ვგულისხმობ რუსულენოვან მაყურებელს, რადგანაც რუსულენოვანი მაყურებელი მრავალ ქვეყანაში არსებობს). ასე რომ, ასეთ პარტნიორებთან მჭიდრო კავშირი გვაქვს და ჩვენი პროექტი ამ არხებზეც ძალიან პოპულარულია.

ხშირად ისრაელიდან ჩამოსული ხალხი თბილისის ქუჩებში გვაჩერებს, ასევე ევროპის ქვეყნებიდან ჩამოსულები და გვეუბნებიან, რომ ჩვენს პროგრამას უყურებენ. გვიხდიან მადლობას, იმასაც გვეუბნებიან, რომ საქართველოში ჩამოსვლა ჩვენი ფილმის ნახვის შემდეგ გადაწყვიტეს. ეს ჩვენთვის სასიხარულოა. საქართველოს ტურიზმის განვითარებაში ალბათ ჩვენი წვლილიც არის. ასე რომ, გვწერენ, გვეკითხებიან, გველოდებიან, აინტერესებთ და ჩამოდიან. დარწმუნებული ვარ, ამ პროგრამის ნახვის მერე, საქართველოში კიდევ ბევრი უცხოელი ტურისტი ჩამოვიდა...

- საქართველო კუთხეების მიხედვით მოვლილი გქონიათ... როგორია თქვენი უახლოესი გეგმები?

- კი, დაგვრჩა მხოლოდ თუშეთი... გვინდა, არაჩვეულებრივ რეგიონს - რაჭას დავუბრუნდეთ. ეს კუთხე მანამდეც საკმაოდ საინტერესოდ გვაქვს წარმოჩენილი, მაგრამ მიგვაჩნია, იმდენად საინტერესო გარემოა, რომ ის კიდევ უფრო საინტერესო რაკურსით უნდა წარვუდგინოთ მაყურებელს. ეთერში რა კადრებიც გადის, ვცდილობ, მას ინგლისური სუბტიტრები გავუკეთო და საერთაშორისო ფესტივალებზე ასე გავგზავნო. მოკლედ, საინტერესო გეგმები გვაქვს და მის განხორციელებას კვლავაც ასეთივე შემართებით ვაპირებთ.