ავტორი:

დიმიტრი მედვედევის 26 წლის ვაჟი რუსეთის მმართველ პარტიას შეუერთდა - ვინ არის ილია მედვედევი, რომელზეც კრემლის სასტიკი წარმომადგენელი იმედებს ამყარებს

დიმიტრი მედვედევის 26 წლის ვაჟი რუსეთის მმართველ პარტიას შეუერთდა - ვინ არის ილია მედვედევი, რომელზეც კრემლის სასტიკი წარმომადგენელი იმედებს ამყარებს

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილისა და პარტია "ერთიანი რუსეთის" თავმჯდომარის, დიმიტრი მედვედევის ვაჟი, 26 წლის ილია მედვედევი რუსეთის მმართველ პარტიას შეუერთდა.

"ერთიანი რუსეთის“ პარტიული ბილეთი მას ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ანდრეი ტურჩაკმა გადასცა. ტურჩაკმა იმედი გამოთქვა, რომ 26 წლის მედვედევის გამოცდილება და მისი პოლიტიკაში ჩართვა სხვა ახალგაზრდებსაც უბიძგებს პარტიაში გაწევრებისკენ.

  • ილია მედვედევი კი ამბობს, რომ პოლიტიკური საქმიანობის განმავლობაში აპირებს მხარი დაუჭიროს ბავშვების სპორტს, განათლებასა და ჯანდაცვას. ასევე აღნიშნა, რომ მისთვის საინტერესოა "ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულება“ როგორც სახელმწიფო, ასევე პარტიულ და ბიზნეს დონეზე.

ილია მედვედევის ცხოვრების შესახებ მედიისთვის მწირი ინფორმაციაა ცნობილი. არსებული ინფორმაციით, მან 2017 წელს დაამთავრა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი. მისი სადიპლომო ნაშრომი კი მიეძღვნა რუსეთისა და დიდი ბრიტანეთის სააქციო საზოგადოებას და მათ სამართლებრივ რეგულირებას.

2020 წელს დიმიტრი მედვედევმა უპასუხა კითხვას შვილის შესახებ და თქვა, რომ უმცროსი მედვედევი ცდილობს ჩაერთოს კერძო ბიზნეს პროექტებში, ასევე ციფრული ეკონომიკის სფეროში.

  • მედვედევის თქმითვე, ჯერჯერობით შვილის დიდი წარმატება არ უნახავს, თუმცა იქვე დასძინა, რომ ილია მედვედევს "ყველაფერი წინ აქვს.“

სხვადასხვა მედიასაშუალებების ცნობით, ილია მედვედევი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში მუშაობდა, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

თავად ილია მედვედევმა რამდენიმე წლის წინ თქვა, რომ ბავშვობაში კინომსახიობობაზე ოცნებობდა. 2000-იანი წლების შუა პერიოდში მან ითამაშა საბავშვო გადაცემა Ералаш-ის ორ ეპიზოდში.