ავტორი:

წიგნი, რომელიც აქამდე დაწერილ არცერთ ნაწარმოებს არ ჰგავს - თანამედროვე ქართველი მწერლის ნინო სურამელაშვილის შემოქმედება

წიგნი, რომელიც აქამდე დაწერილ არცერთ ნაწარმოებს არ ჰგავს - თანამედროვე ქართველი მწერლის ნინო სურამელაშვილის შემოქმედება

თანამედროვე ქართველი ავტორების მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება. მკითხველი ყოველ წელს მოუთმენლად ელის სხვადასხვა ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულთა გამოვლენას, რათა მათს ნამუშევრებს გაეცნოს. ამ პროცესის შესაბამისად იზრდება ავტორთა რიცხვი, რაც მხოლოდ და მხოლოდ თანამედროვე მწერლობის განვითარებას უწყობს ხელს.

ნინო სურამელაშვილი, ფსევდონიმით რატი რატიანი, ერთ-ერთი გამორჩეული თანამედროვე ქართველი ავტორია, რომელიც მკითხველმა უკვე შეიყვარა. მისი მოთხრობების კრებულს - „მკვლელობა სადგურის უბანში“ და რომანს „რომეო იცინოდა“, მკითხველთა ფართო წრისგან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, მათ მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს რომანი „თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ კონკურსის გამარჯვებული სტიპენდიატი გახდა.

გადავწყვიტეთ, ავტორი უფრო ახლოს გაგაცნოთ და მის შესახებ ცოტა რამ გიამბოთ: ნინო სურამელაშვილი მთარგმნელი, რედაქტორი და ინგლისური ენის მასწავლებელია. მალე 40 წლის გახდება, თუმცა წერა ჯერ კიდევ 17-18 წლის ასაკში დაიწყო და მალევე თავისი მოთხრობები ერთ-ერთ ჟურნალში გამოაქვეყნა, მოგვიანებით კი გამოსცა. თანამედროვე ქართული მწერლობის მიმართ ინტერესის ზრდის პარალელურად, ნინომ გამომცემლობა „პალიტრა L-თან“ თანამშრომლობით გადაწყვიტა თავისი მოთხრობების კრებულის მეორე ნაწილის „მკვლელობა სადგურის უბანში“ გამოქვეყნება. პასუხად კი მკითხველისგან დიდი ინტერესი და სიყვარული მიიღო.

მკითხველის დადებით შეფასებას მოჰყვა რომანი „რომეო იცინოდა“, რომლის შთაგონებაც ავტორმა თანამედროვე რეალობისგან, ჩვენი ყოველდღიურობისგან მიიღო. როგორც თავად გვიამბობს, წიგნში მოთხრობილი ისტორიები, პერსონაჟთა ცხოვრება და განცდები ყველა ადამიანისთვის ნაცნობი იქნება, ვინც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 30 წლის განმავლობაში საკუთარ თავზე გამოსცადა ამ პერიოდში განვლილი სირთულეები.

„იდეები ყოველთვის რეალური ცხოვრებიდან მოდის. რასაც ვხედავ, იმაზე ვწერ, ეს არის სამყაროს ჩემეული აღქმა, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ არის დოკუმენტური პროზა. მწერალი ამას ამატებს სხვადასხვა ამბის კომბინაციას. ერთი პერსონაჟი არის რამდენიმე პროტოტიპის ერთიანობა, რაც მას უფრო საინტერესოს ხდის,“ - აღნიშნავს ნინო სურამელაშვილი.

კითხვაზე, რას იღებს მკითხველი მისი წიგნებიდან, ავტორი გვპასუხობს, რომ ეს აბსოლუტურად ინდივიდუალურ აღქმაზეა დამოკიდებული: „რამდენი მკითხველიც წაიკითხავს, იმდენნაირად აღიქმება თითოეული წიგნი და ეს უნიკალური აღქმა ძალიან მნიშვნელოვანია.“

ავტორს თანამედროვე ქართული მწერლობის განვითარების შესახებაც ვკითხეთ. მან ხაზი გაუსვა ამ პროცესში ქალი მწერლების როლსა და ძალისხმევას, წინ წამოწიონ ისეთი საკითხები, რასაც კაცი მწერლები თავს არიდებდნენ:

„თანამედროვე ქართული მწერლობა ძალიან სასიკეთოდ ვითარდება, რადგან უკვე ბევრი ახალი ავტორის წიგნს შეგვიძლია გავეცნოთ. თუნდაც გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ ავტორები ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ამ პროცესში. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო დამწყებები: მარიამ გურგენიშვილი და თინათინ ბერიძე. ასევე, არ შემიძლია არ აღვნიშნო მაგდა კალანდაძის, ირმა ტაველიძისა და თამთა მელაშვილის არაჩვეულებრივი შემოქმედება და მათი როლი ისეთ საკითხებზე წერაში, რაზეც კაცი მწერლები არასდროს არ წერდნენ. ქალი მწერლების გააქტიურება ძალიან მნიშვნელოვანია და ისინი ძალიან მეიმედებიან,“ - განმარტავს ნინო სურამელაშვილი.

რომანის „რომეო იცინოდა“ რედაქტორი დათო გაბუნია თავის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს:

„რომანი თითქოს არ ჰგავს არაფერს, რაც ქართულ ლიტერატურაში უკვე დაწერილა ან ახლა იწერება. ჯერ ერთი, თემატურად არის სავსებით მოურიდებელი და თამამი, მთავარი პერსონაჟები არიან გეი ადამიანები და ძირითადი პერსონაჟი მათთან თანაცხოვრებას აღწერს, მაგრამ ეს არ არის დაწერილი, როგორც ეპატაჟური ნაწარმოები, რომელიც მკითხველის ყურადღების მიპყრობას სექსუალობაზე ცდილობს, ეს არ არის სკანდალური ტექსტი და ამით არის უფრო მძაფრი, რადგან მართლა უძვრება სულში პერსონაჟებს. ამ წიგნის მთავარი თემა, პირველ რიგში არის სოციალური უთანასწორობა... ისეთი უთანასწორობა, რომლის გამოსწორებაც შეუძლებელია. ვიღაცები დაიბადნენ პრივილეგიებით, ვიღაცას ეს არ მისცა ცხოვრებამ, შესაბამისად, უჭირს და მისთვის თითქმის შეუძლებელია ამ მდგომარეობიდან გამოსვლა,“- განმარტავს დათო გაბუნია.

მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ მკითხველი სულ უფრო მეტად ინტერესდება თანამედროვე მწერლობით, რაც ენის განვითარებისთვისაც აუცილებელია.

„თანამედროვე ქართველი მწერლების ნამუშევრების კითხვა, როგორც იქნა, დავიწყეთ. დაახლოებით, 10 წლის წინ ეს უფრო გამონაკლისების შემთხვევაში ხდებოდა. დღეს ქართულის მიმართ უფრო დიდი ინტერესია და ამას ძალიან ბევრი რამ განაპირობებს. რაც უნდა ბევრი ნათარგმნი წიგნი გამოიცემოდეს, რაც თავისთავად ძალიან კარგია, ადგილობრივ თემატიკაზე, თუ კონკრეტულად იმაზე, რა შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი და გარდამტეხი მნიშვნელობის მქონე ჩვენთვის, როგორც წესი, წერენ თანამედროვე ქართველი ავტორები. ჩვენ ამ კონტექსტს ყველაზე მძაფრად ვგრძნობთ და გვჭირდება. ჩვენს ენაზე აუცილებლად ბევრი უნდა იწერებოდეს და ბევრს უნდა ვკითხულობდეთ, თუნდაც პატრიოტული მოსაზრებით,“ - აღნიშნავს იგი.

დათო გაბუნიას თქმით, როცა ქართულ ენაზე ასე ცოტა ადამიანი საუბრობს, მწერლობის განვითარება მის შენარჩუნებაში დიდ როლს თამაშობს.

R